არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო პასუხობს ბრალმდებლებს

იესო პასუხობს ბრალმდებლებს

თავი 30

იესო პასუხობს ბრალმდებლებს

როცა იუდეველთა რელიგიური ხელმძღვანელები იესოს შაბათის კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ, ის პასუხობს: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ“.

ფარისეველთა მტკიცების მიუხედავად, იესოს საქმიანობა არ არის შაბათის კანონით აკრძალული. მას ქადაგება და განკურნება ღმერთმა დაავალა და ღვთის მაგალითის მიბაძვით ის ყოველდღიურად ასე მოქმედებს. მაგრამ მისი პასუხი ადრინდელზე უფრო არისხებს იუდეველებს და ისინი ეძებენ იესოს მოკვლის შესაძლებლობას. რატომ?

ისინი დარწმუნებული არიან, რომ მან მარტო შაბათის კანონი კი არ დაარღვია, არამედ მის განაცხადს ღვთის ძედ ყოფნის შესახებ ღვთისგმობად თვლიან. მაგრამ იესო არ უშინდება მათ და განაგრძობს ღმერთთან თავისი პრივილეგირებული ურთიერთობის შესახებ ლაპარაკს. „მამას უყვარს ძე, — ამბობს ის, — და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას“.

„როგორც მამა აღადგენს მკვდრებს, — განაგრძობს იესო, — ასევე ძეც აცოცხლებს მას, ვინცა სურს“. რასაკვირველია, ძე, სულიერი გაგებით, უკვე აცოცხლებს მკვდრებს! „ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, — ამბობს იესო, — სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა“. ის განაგრძობს: „მოდის ჟამი, და უკვე დადგა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან“.

თუმცა არავითარი ცნობა არ არსებობს იმის შესახებ, რომ იესოს ჯერ ვინმე აღედგინოს პირდაპირი მნიშვნელობით, ის თავის ბრალმდებლებს ეუბნება, რომ ასეთი პირდაპირი მნიშვნელობით მკვდრეთით აღდგენა მომავალში მოხდება. „ნუ გაიკვირვებთ ამას, — ამბობს ის, — რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ [და] გამოვლენ“.

ამ დრომდე იესოს, როგორც ჩანს, ასე ნათლად და გარკვევით არასდროს არ აღუწერია ყველას წინაშე ღვთის განზრახვაში თავისი მნიშვნელოვანი როლი. მაგრამ მის ბრალმდებლებს აქვთ ამ საკითხებზე იესოს საკუთარ მოწმობაზე უფრო მეტი რამ. „თქვენ გაგზავნეთ იოანესთან, — ახსენებს იესო, — და მან დაამოწმა ჭეშმარიტების შესახებ“.

ორი წლის წინათ იოანე ნათლისმცემელმა იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს მოუთხრო პიროვნების შესახებ, რომელიც მის შემდეგ მოდიოდა. იესო ახსენებს მათ თუ რა პატივისცემით ეპყრობოდნენ ახლა უკვე პატიმრობაში მყოფ იოანეს და ამბობს: „თქვენ კი გინდოდათ მის შუქზე გეხარათ ერთხანს“. იესო ამას იმ მიზნით ახსენებს, რომ დაეხმაროს მათ, დიახ, იხსნას ისინი. მაგრამ იესო იოანეს დამოწმებაზე არ არის დამოკიდებული.

„თვით ჩემს მიერ გაკეთებული საქმენი [ახლახანს მომხდარი სასწაულის ჩათვლით], ამოწმებენ ჩემს შესახებ, რომ მამამ მომავლინა“. მაგრამ იესო განაგრძობს: „მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობდა ჩემზე“. მაგალითად, ღმერთი მოწმობდა იესოს შესახებ მისი მონათვლისას, როცა თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე“.

იესოს ბრალმდებლებს ნამდვილად არ ეპატიებათ იესოს უარყოფა. სწორედ საღვთო წერილი, რომელსაც ისინი საკუთარი განაცხადის თანახმად იკვლევდნენ, მოწმობს იესოს შესახებ! „თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, მეც მიწამებდით, — ამთავრებს საუბარს იესო, — ვინაიდან მან დაწერა ჩემს შესახებ. ხოლო, თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, როგორ იწამებთ ჩემს სიტყვებს?“ იოანე 5:17–47; 1:19–27; მათე 3:17.

▪ რატომ არ არის იესოს საქმიანობა შაბათის კანონის დარღვევა?

▪ როგორ აღწერს იესო თავის მნიშვნელოვან როლს ღვთის განზრახვაში?

▪ ვის დამოწმებაზე მიუთითებს იესო იმის დასამტკიცებლად, რომ ის ღვთის ძეა?