იესო სასწაულით აპურებს ათასებს
თავი 52
იესო სასწაულით აპურებს ათასებს
თორმეტმა მოციქულმა ეს-ესაა დაასრულა შესანიშნავი სამქადაგებლო მოგზაურობა გალილეაში. იოანეს სიკვდილით დასჯიდან ცოტა ხნის შემდეგ ისინი იესოსთან ბრუნდებიან და თავიანთ შესანიშნავ შემთხვევებს უყვებიან. რადგან ხედავს, რომ ისინი დაღლილები არიან და უამრავი ხალხის მისვლა-მოსვლის გამო ჭამის დროც კი არ რჩებათ, იესო ეუბნება: ‘წავიდეთ უდაბურ ადგილას, სადაც შეძლებთ ცოტა დასვენებას’.
ისინი ნავში სხდებიან, სადღაც კაპერნაუმთან ახლოს, და მიდიან მივარდნილ ადგილზე, როგორც ჩანს, იორდანეს აღმოსავლეთით, ბეთსაიდის გადაღმა. მაგრამ მრავალი ადამიანი ხედავს, რომ ისინი მიდიან და სხვებიც გებულობენ ამის შესახებ. ესენი, ყველა, ფეხით მისდევენ მათ ნაპირის გასწვრივ და, როცა ნავი ხმელეთს უახლოვდება, ხალხი უკვე იქ არის და ელოდება.
როცა ნავიდან გადმოდის და უამრავ ხალხს ხედავს, იესოს სიბრალულის გრძნობა უჩნდება, ვინაიდან ხალხი უმწყემსო ცხვრის მსგავსია. ამიტომ ის კურნავს მათ ავადმყოფებს და ასწავლის მრავალ რამეს.
დრო სწრაფად გარბის. მოწაფეები იესოსთან მიდიან და ეუბნებიან: „უდაბურია ეს ადგილი, დრო კი უკვე გვიანია. გაუშვი ისინი, რომ წავიდნენ ახლომახლო დაბა-სოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო“.
მაგრამ იესო პასუხობს: „თქვენ მიეცით მათ საჭმელი“. რადგან იესომ უკვე იცის, თუ რის გაკეთებას აპირებს, გამოსაცდელად ეკითხება ფილიპეს: „სად ვიყიდოთ პურები, ამათ რომ ვაჭამოთ?“
ფილიპეს აზრით, გამოუვალი მდგომარეობაა. აქ ხომ დაახლოებით 5 000 მამაკაცია და სულ, ალბათ, 10 000-ზე მეტი, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით! ფილიპე პასუხობს: „ორასი დინარის [იმ დროს დინარი დღიური გასამრჯელო იყო] პური არ ეყოფათ, რომ თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც ერგოს“.
შეიძლება ანდრიას სურს, გამოხატოს ამდენი ხალხის დაპურების შეუძლებლობა და თავის აზრს გამოთქვამს: „აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, — და ამატებს: — მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა?“
გაზაფხულია; ახ. წ. 32 წლის პასექის წინა პერიოდი და მინდორი მწვანე, ხშირი ბალახითაა დაფარული. ამიტომ იესო თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ ხალხი ორმოცდაათკაციან და ასკაციან ჯგუფებად დასხან მოლზე. ის იღებს ხუთ პურს და ორ თევზს, ზეცისკენ იხედება და აკურთხებს. იწყებს პურების მტვრევასა და თევზების დანაწილებას. შემდეგ თავის მოწაფეებს აძლევს, რომლებიც, თავის მხრივ, ხალხს ურიგებენ. საოცარია, ყველა ძღომამდე ჭამს!
შემდეგ იესო თავის მოწაფეებს ეუბნება: „მოაგროვეთ მონარჩენი ნატეხები, რომ არაფერი არ დაიკარგოს“. მოაგროვეს და ნარჩენებით 12 გოდორი აავსეს! მათე 14:13–21; მარკოზი 6:30–44; ლუკა 9:10-17; იოანე 6:1–13.
▪ რატომ ეძებს იესო თავისი მოციქულებისთვის მივარდნილ ადგილს?
▪ სად მიჰყავს იესოს თავისი მოწაფეები და რატომ ვერ შეძლეს მათ დასვენება?
▪ მოსაღამოებისას რას ეუბნებიან მოწაფეები, მაგრამ როგორ ზრუნავს იესო ხალხზე?