არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო საყვედურობს ფარისევლებს

იესო საყვედურობს ფარისევლებს

თავი 42

იესო საყვედურობს ფარისევლებს

იესოს მსჯელობის თანახმად, თუ ის სატანის ძალით დევნის დემონებს, მაშინ სატანა საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ არის დაყოფილი. „ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, — განაგრძობს ის, — ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც; ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა“.

უგუნურებაა ბრალდება, რომ იესოს მიერ დემონების განდევნის კეთილი ნაყოფი მისი სატანისადმი მსახურების შედეგია. თუ ნაყოფი კარგია, ხე ცუდი ვერ იქნება. მეორე მხრივ, ფარისევლების მიერ იესოსადმი მიმართული ცრუ ბრალდებისა და მისადმი უსაფუძვლო დაპირისპირების ცუდი ნაყოფი ადასტურებს, რომ თვითონ არიან ცუდები. „იქედნეთა ნაშობნო, — აცხადებს იესო, — როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სავსებისაგან მეტყველებს პირი“.

რადგან ჩვენი სიტყვები ირეკლავს ჩვენი გულის მდგომარეობას, ის, რასაც ვამბობთ, საფუძვლად ედება ჩვენს გასამართლებას. „თქვენ კი გეუბნებით, — ამბობს იესო, — რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს; ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები“.

იესოს ყოველი ძლევამოსილი საქმის მიუხედავად, მწიგნობრები და ფარისევლები მოითხოვენ: „მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან“. თუმცა უშუალოდ ამ იერუსალიმელ მამაკაცებს, შესაძლოა, პირადად არ უნახავთ მისი სასწაულები, მაგრამ არსებობს ამის თვითმხილველების უდავო მტკიცებები. ამიტომ იესო იუდეველ წინამძღოლებს ეუბნება: „ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა“.

იმის განსამარტავად, თუ რა აქვს მხედველობაში, იესო განაგრძობს: „როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში“. თევზის მიერ ჩაყლაპული იონას ამონთხევა მკვდრეთით აღდგენის ტოლფასია; მაშასადამე, ამით იესო წინასწარმეტყველებს, რომ მოკვდება და მესამე დღეს აღდგება. მაგრამ იუდეველი წინამძღოლები იესოს მკვდრეთით აღდგენის შემდეგაც კი უარყოფენ ‘იონას ნიშანს’.

ამიტომ იესო ამბობს, რომ ნინეველები, რომლებმაც მოინანიეს იონას ქადაგების შემდეგ, აღდგებიან სასამართლოზე, რათა ბრალი დასდონ იესოს უარმყოფელ იუდეველებს. მსგავსად ამისა, ის პარალელს ავლებს, რომ საბას დედოფალი დედამიწის კიდიდან მივიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და გაოცებული დარჩა ნანახითა და მოსმენილით. „და, აჰა, — ამბობს იესო, — აქ არის სოლომონზე დიდი“.

შემდეგ იესოს მოჰყავს თვალსაჩინო მაგალითი მამაკაცზე, რომლისგანაც გადის უწმინდური სული. მაგრამ ადამიანი არ ავსებს ამ სიცარიელეს კარგი რამეებით, რის გამოც შვიდით მეტი ბოროტი სული იპყრობს მას. „ასე დაემართება ამ ბოროტ მოდგმასაც“, — ამბობს იესო. ისრაელი ერი განწმენდილი იყო და უკვე განიცადა გარდაქმნა, რომელიც არაწმინდა სულის დროებითი წასვლის მსგავსია. მაგრამ ერის მიერ ღვთის წინასწარმეტყველთა უარყოფა, რომელიც კულმინაციას ქრისტესადმი წინააღმდეგობის გაწევაში აღწევს, ცხადყოფს მის მანკიერ მდგომარეობას, ბევრად უფრო ცუდს, ვიდრე თავდაპირველად იყო.

იმ დროს, როცა იესო ლაპარაკობს, მისი დედა და ძმები შეგროვილ ხალხს უახლოვდებიან და ჩერდებიან. ამიტომ ვიღაცა ეუბნება:

— აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ.

— ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები? — ეკითხება იესო, თავისი მოწაფეებისკენ იშვერს ხელს და ამბობს: — აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები. ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს შეასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც. ასეთი სახით იესო აჩვენებს, რომ როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს ნათესაური კავშირები, მოწაფეებთან ურთიერთობა უფრო ძვირფასია. მათე 12:33–50; მარკოზი 3:31–35; ლუკა 8:19–21.

▪ რა გაგებით არის ფარისევლების ‘ხეც’ და „ნაყოფიც“ ცუდი?

▪ რა არის ‘იონას ნიშანი’ და როგორ იქნა ის მოგვიანებით უარყოფილი?

▪ რა გაგებით არიან პირველი საუკუნის ისრაელები იმ მამაკაცის მსგავსნი, რომლისგანაც არაწმინდა სული გავიდა?

▪ როგორ უსვამს იესო ხაზს თავის ახლო ურთიერთობას მოწაფეებთან?