არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო ცოცხალია!

იესო ცოცხალია!

თავი 128

იესო ცოცხალია!

როცა ქალები ხედავენ, რომ სამარხი ცარიელია, მარიამ მაგდალელი ამ ამბის სათქმელად პეტრესა და იოანესთან გარბის. მაგრამ სხვა ქალები, როგორც ჩანს, სამარხთან რჩებიან. მალე ანგელოზი ცხადდება და შიგნით იწვევს მათ.

აქ ქალები ხედავენ კიდევ სხვა ანგელოზს და ერთ-ერთი ანგელოზი ეუბნება: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ არ არის, ვინაიდან აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც იწვა. დაუყოვნებლივ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით“. ამიტომ ეს ქალებიც შიშითა და დიდი სიხარულით არიან შეპყრობილი და გარბიან.

ამ დროისთვის მარიამი პოულობს პეტრესა და იოანეს და ეუბნება: „უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დაასვენეს“. ორივე მოციქული მაშინვე გარბის. იოანე უფრო სწრაფია — როგორც ჩანს, უფრო ახალგაზრდაა და იმიტომ — და სამარხთან პირველი მიდის. ქალები უკვე წასულები არიან, ასე რომ, ირგვლივ არავინაა. იოანე იხრება, სამარხში იხედება და ხედავს ტილოებს, მაგრამ შიგნით არ შედის.

როცა პეტრე მოდის, ის უყოყმანოდ შედის შიგნით. ის აქ ხედავს დაყრილ ტილოებსა და იესოს თავის შესახვევად გამოყენებულ სუდარას. ეს უკანასკნელი დახვეული დევს ერთ ადგილზე. ახლა იოანეც შედის სამარხში და იჯერებს მარიამის ნათქვამს. მაგრამ არც პეტრესა და არც იოანეს არ ესმით, რომ იესო აღდგა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრჯერ უთქვამს ამის შესახებ. ორივე გაოცებული ბრუნდება სახლში, მაგრამ სამარხთან დაბრუნებული მარიამი იქ რჩება.

ამ დროის განმავლობაში სხვა ქალებიც მიისწრაფიან მოწაფეებისკენ, რათა, როგორც ანგელოზებმა უბრძანეს, გადასცენ იესოს აღდგენის ცნობა. როცა ისინი მთელი სისწრაფით გარბიან, იესო ხვდება მათ და ეუბნება: „გიხაროდეთ!“ ისინი მის ფეხებთან ეცემიან და თაყვანს სცემენ. შემდეგ იესო ეუბნება: „ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ“.

ადრე, როცა მიწისძვრა მოხდა და ანგელოზები გამოჩნდნენ, მცველ ჯარისკაცებს თავზარი დაეცათ და მკვდრებივით გახდნენ. გონებაზე მოსვლის შემდეგ ისინი მაშინვე დაბრუნდნენ ქალაქში და მღვდელმთავრებს მოუყვნენ მომხდარის შესახებ. მათ კი იუდეველთა ‘უხუცესებთან’ მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოესყიდათ ჯარისკაცები და არ გაემხილათ ეს საქმე. ჯარისკაცები დაარიგეს: „თქვით, მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა“.

სადარაჯოზე ჩაძინებისთვის რომაელი ჯარისკაცები შეიძლება სიკვდილით დაესაჯათ, ამიტომ მღვდლები ჰპირდებიან: „თუ ამას [თქვენი ჩაძინების შესახებ ცნობას] გაიგებს განმგებელი, ჩვენ დავარწმუნებთ მას და აგარიდებთ უსიამოვნებას“. ვინაიდან ქრთამი საკმაოდ დიდია, ჯარისკაცები ასრულებენ მათ დარიგებას. ამიტომ ცრუ ცნობა იესოს სხეულის მოპარვის შესახებ ფართოდ გავრცელდა იუდეველებს შორის.

მარიამ მაგდალელი, რომელიც სამარხთან რჩება, დარდით არის შეპყრობილი. სად შეიძლება იყოს იესო? როცა იხრება, რათა სამარხში შეიხედოს, ხედავს თეთრებში შემოსილ ორ ანგელოზს, რომლებიც ისევ გამოცხადდნენ. ერთი ზის იმ ადგილის თავში და მეორე კი — ბოლოში, სადაც იესოს სხეული ესვენა.

— დედაკაცო, რატომ სტირი? — ეკითხებიან ისინი.

— ჩემი უფალი წაიღეს, — პასუხობს მარიამი, — და არ ვიცი, სად დაასვენეს.

შემდეგ ის მოტრიალდება და ხედავს ადამიანს, რომელიც უმეორებს კითხვას: „დედაკაცო, რატომ სტირი?“ ის აგრეთვე ეკითხება: „ვის ეძებ?“

ის მარიამს მებაღე ჰგონია და ეუბნება: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ“.

„მარიამ!“ — ეუბნება ის. და მარიამი მისთვის ჩვეული მიმართვით მაშინვე ხვდება, რომ ეს იესოა. „რაბუნი!“ (რაც ნიშნავს: „მოძღვარო!“) — წამოიყვირებს ის. უსაზღვრო სიხარულით აღსავსე ცდილობს ხელი წაავლოს მას. მაგრამ იესო ეუბნება: „არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“.

მარიამი გარბის იმ ადგილისკენ, სადაც მოციქულები და მოწაფეები არიან თავმოყრილი. ის თავის ცნობას ამატებს ადრე სხვა ქალების მიერ მოტანილ ცნობას მკვდრეთით აღდგენილი იესოს ნახვის შესახებ. მაგრამ ეს კაცები, რომლებმაც არ დაუჯერეს პირველად მოსულ ქალებს, როგორც ჩანს, არც მარიამს უჯერებენ. მათე 28:3–15; მარკოზი 16:5–8; ლუკა 24:4–12; იოანე 20:2–18.

▪ რას აკეთებს ცარიელი სამარხის ნახვის შემდეგ მარიამ მაგდალელი და რა შეემთხვევათ სხვა ქალებს?

▪ როგორია პეტრესა და იოანეს რეაქცია ცარიელი სამარხის ნახვაზე?

▪ ვის ხვდებიან გზაზე ქალები, როცა მოწაფეებთან მიდიან იესოს აღდგენის შესახებ ცნობის საუწყებლად?

▪ რა მოსდით დარაჯ ჯარისკაცებს და როგორ რეაგირებენ მღვდლები მათ ცნობაზე?

▪ რა ხდება, როცა მარიამ მაგდალელი მარტოა სამარხთან და როგორ რეაგირებენ ქალები მოწაფეების უწყებაზე?