არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას თაყვანისცემისადმი მოშურნეობა

იეჰოვას თაყვანისცემისადმი მოშურნეობა

თავი 16

იეჰოვას თაყვანისცემისადმი მოშურნეობა

იესოს ნახევარძმები — მარიამის სხვა ვაჟები — არიან იაკობი, იოსე, სიმონი და იუდა. იესოსა და მის მოწაფეებთან ერთად გალილეის ზღვის მახლობლად მდებარე ქალაქ კაპერნაუმში გამგზავრებამდე ისინი, შესაძლოა, მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში ჩერდებიან, რათა ოჯახმა შეაგროვოს აუცილებელი ნივთები.

მაგრამ, რატომ მიდის იესო კაპერნაუმში, ნაცვლად იმისა, რომ განაგრძოს მსახურება კანაში, ნაზარეთში ან გალილეის მთიანეთის სხვა რომელიმე ადგილზე? ჯერ ერთი, კაპერნაუმი მოსახერხებელ ადგილზე მდებარეობს და, როგორც ჩანს, უფრო დიდი ქალაქია. მეორეც, იესოს ახალ მოწაფეთა უმეტესობა კაპერნაუმში ან მის შემოგარენში ცხოვრობს, ამიტომ მათ არ მოუწევთ სახლების მიტოვება და სხვაგან გამგზავრება.

როგორც თვითონ ადასტურებს რამდენიმე თვის შემდეგ, იესო კაპერნაუმში ყოფნის განმავლობაში მრავალ სასწაულს ახდენს. მაგრამ მალე იესო და მისი თანამგზავრები ისევ გზაზე არიან. გაზაფხულია და ისინი იერუსალიმში მიდიან, რათა დაესწრონ ახ. წ. 30 წლის პასექის დღესასწაულს. იქ ყოფნის განმავლობაში მისი მოწაფეები იესოს შესახებ ისეთ რამეებს გებულობენ, რაც, შესაძლოა, მანამდე არ იცოდნენ.

ღვთის რჯულის თანახმად, ისრაელებს ცხოველების შეწირვა მოეთხოვებათ. ამიტომ მათთვის რომ მოსახერხებელი იყოს, ვაჭრები იერუსალიმში ყიდიან ცხოველებსა და ფრინველებს. მაგრამ ისინი პირდაპირ იერუსალიმის ტაძარში ვაჭრობენ, ხალხს ატყუებენ და ძალიან დიდ ფასებს ახდევინებენ.

განრისხებული იესო საბლის შოლტს აკეთებს და ტაძრიდან დევნის გამყიდველებს. ფულის გადამცვლელებს მონეტებს უბნევს და მაგიდებს უყირავებს. „გაიყვანეთ ესენი აქედან, — უყვირის ის მტრედების გამყიდველებს, — და მამაჩემის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად“.

ამის დანახვაზე იესოს მოწაფეებს ახსენდებათ წინასწარმეტყველება ღვთის ძის შესახებ: „შენი სახლის შური შემჭამს მე“. მაგრამ იუდეველები ეკითხებიან: „რა ნიშანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“ იესო პასუხობს: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას“.

იუდეველები ფიქრობენ, რომ იესო პირდაპირი მნიშვნელობით ტაძარზე ლაპარაკობს და ამიტომ ეკითხებიან: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“ მაგრამ იესო თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობს. და სამი წლის შემდეგ, როცა იესო მკვდრეთით აღდგა, მის მოწაფეებს ახსენდებათ ეს სიტყვები. იოანე 2:12–22; მათე 13:55; ლუკა 4:23.

▪ სად მიდის იესო კანაში ქორწილის შემდეგ?

▪ რატომ არის იესო განრისხებული და რას აკეთებს ის?

▪ რა ახსენდებათ იესოს მოწაფეებს მისი მოქმედების დანახვაზე?

▪ რას ამბობს იესო ‘ტაძრის’ შესახებ და რა აქვს მხედველობაში?