არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იოანე გზას ამზადებს

იოანე გზას ამზადებს

თავი 11

იოანე გზას ამზადებს

ჩვიდმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თორმეტი წლის იესო ტაძარში მოძღვრებს კითხვებს უსვამდა. ახ. წ. 29 წლის, გაზაფხულია და, როგორც ჩანს, ყველა იესოს ნათესავის, იოანეს, შესახებ ლაპარაკობს, რომელიც მდინარე იორდანეს მიდამოებში ქადაგებს.

იოანე მართლაც შთამბეჭდავი მამაკაცია, როგორც გარეგნობით, ისე საუბრით. მას აცვია აქლემის ბეწვი, წელზე კი ტყავის სარტყელი არტყია. ის იკვებება კალიითა და ველური თაფლით. რას ამცნობს? „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“.

ეს ცნობა მსმენელებს სტიმულს აძლევს. მრავალი ხვდება, რომ საჭიროა მონანიება — მათი თვალსაზრისისა და ადრინდელი არასასურველი ცხოვრების წესის უარყოფა. ამიტომ იორდანეს მიმდებარე ტერიტორიებიდან და თვით იერუსალიმიდანაც კი უამრავი ხალხი მიდის იოანესთან, რომელიც მდინარე იორდანეს წყალში ჩაძირვით ნათლავს მათ. რატომ?

იოანე ხალხს ნათლავს სიმბოლურად, ანუ ღვთის რჯულის კავშირის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების გულწრფელად მონანიების ნიშნად. ამიტომ იოანე განსჯის იორდანესთან მისულ რამდენიმე ფარისეველსა და სადუკეველს. „იქედნეთა ნაშობნო, — ეუბნება ის, — შექმენით მონანიების ღირსი ნაყოფი; და ნუ იფიქრებთ, თქვათ თქვენთვის: ჩვენ მამად აბრაამი გვყავსო, ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ“.

რადგან იოანე დიდ ყურადღებას იპყრობს, იუდეველები მღვდლებსა და ლევიანებს გზავნიან მასთან. ისინი ეკითხებიან: „ვინ ხარ შენ?“

— მე არა ვარ ქრისტე, — უარყოფს იოანე.

— მაშ ვინ, — იკვლევენ ისინი. — ელია ხარ?

— არა ვარ, — პასუხობს ის.

— წინასწარმეტყველი ხარ?

— არა.

— ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე? — დაჟინებით ეკითხებიან ისინი.

— მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა, — განუმარტავს იოანე.

— აბა, რაღატომ ნათლავ, — აინტერესებთ მათ, — თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?

— მე ვნათლავ წყალში, — პასუხობს ის, — მაგრამ თქვენს შორის დგას, ვისაც ვერ იცნობთ: ის ჩემს შემდეგ მოდის.

იოანე გზას ამზადებს, რათა ხალხის გულები მზად იყოს მესიის, მომავალი მეფის, მისაღებად. მის შესახებ იოანე ამბობს: „ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ“. ფაქტიურად, იოანე ამასაც ამბობს: „ჩემს შემდეგ მომავალი, ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო“.

ამგვარად, იოანეს ცნობა: „მოახლოებულია ცათა სასუფეველი“, არის იეჰოვას მიერ დანიშნული მეფის, იესო ქრისტეს, მსახურების მოახლოების საჯაროდ გაცხადება. იოანე 1:6–8, 15–28; მათე 3:1–12; ლუკა 3:1–18; საქმეები 19:4.

▪ როგორი ადამიანია იოანე?

▪ რატომ ნათლავს იოანე ხალხს?

▪ რატომ შეუძლია იოანეს იმის თქმა, რომ მოახლოებულია სამეფო?