იოანე მცირდება, იესო იზრდება
თავი 18
იოანე მცირდება, იესო იზრდება
პასექის შემდეგ ახ. წ. 30 წლის გაზაფხულზე იესო და მისი მოწაფეები იერუსალიმიდან მიდიან. მაგრამ ისინი არ ბრუნდებიან გალილეაში, თავიანთ სახლებში, არამედ მიდიან იუდეის მხარეში, სადაც ხალხს ნათლავენ. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იოანე ნათლისმცემელიც იმავეს აკეთებდა და მისი მოწაფეები ჯერ კიდევ მასთან არიან.
სინამდვილეში, თვითონ იესო კი არ ნათლავს, არამედ მისი ხელმძღვანელობით მისი მოწაფეები აკეთებენ ამას. მათ ნათლობასაც იგივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც იოანეს ნათლობას; ამით იუდეველები ასიმბოლოებენ, რომ ინანიებენ ღვთის რჯულის კავშირის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს. მაგრამ მკვდრეთით აღდგენის შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს მიუთითა, რომ განსხვავებული მნიშვნელობის ნათლობა ჩაეტარებინათ. დღეს ქრისტიანული ნათლობა ასიმბოლოებს პიროვნების იეჰოვა ღმერთისადმი მსახურებისთვის მიძღვნას.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იესოს მსახურების ამ ადრეულ პერიოდში ის და იოანე ცალ-ცალკე მოღვაწეობენ, ორივე ასწავლის და ნათლავს მომნანიებელ პიროვნებებს. მაგრამ იოანეს მოწაფეებს შური აღეძრათ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ მასთან იესოზე: „რაბი. . . აჰა, ის ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან“.
იმის ნაცვლად, რომ შეშურდეს, იოანეს ახარებს იესოს წარმატება და სურს, რომ მისმა მოწაფეებმაც გაიხარონ. ის მათ ახსენებს: „თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი: მე არა ვარ ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინ“. შემდეგ ის იყენებს შესანიშნავ მაგალითს: „ვისაც საცოლე ჰყავს, ის სიძეა, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა“.
იოანე, როგორც სიძის მეგობარი, ხარობდა თითქმის ექვსი თვით ადრე, როცა იესო თავის მოწაფეებს წარუდგინა. რამდენიმე მათგანი სულითცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ქრისტეს ზეციერი პატარძლის კლასის მომავალი წევრი გახდა. იოანეს სურს, რომ მისი ახლანდელი მოწაფეებიც იესოს გაჰყვნენ, რადგან მისი მიზანი ქრისტეს წარმატებული მსახურებისთვის გზის მომზადებაა. როგორც იოანე ნათლისმცემელი განმარტავს: „ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“.
იესოს ახალი მოწაფე, იოანე, რომელიც ადრე იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო, იესოს წარმოშობისა და ადამიანთა გადარჩენაში მისი მნიშვნელოვანი როლის შესახებ ასე წერს: „ციდან მომავალი ყველაზე მაღლაა. . . მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ. ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ურჩი ძისა ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე“.
მალე, მას შემდეგ, რაც იოანე ნათლისმცემელი თავისი საქმიანობის შემცირების შესახებ ლაპარაკობდა, მას მეფე ჰეროდე აპატიმრებს. ჰეროდემ ცოლად შეირთო თავისი ძმის, ფილიპეს, ცოლი, ჰეროდია, და როდესაც იოანე საჯაროდ ამხელს მას მიუღებელ მოქმედებაში, ჰეროდე მას ციხეში სვამს. როცა იესო იოანეს დაპატიმრების შესახებ იგებს, ის მოწაფეებთან ერთად იუდეიდან კვლავ გალილეაში ბრუნდება. იოანე 3:22—4:3; საქმეები 19:4; მათე 28:19; 2 კორინთელთა 11:2; მარკოზი 1:14; 6:17–20.
▪ რა მნიშვნელობა აქვს იესოს მკვდრეთით აღდგომამდე ჩატარებულ ნათლობას, რომელიც მისი ხელმძღვანელობით სრულდება? და რა მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ?
▪ როგორ აჩვენებს იოანე, რომ მისი მოწაფეების უკმაყოფილება უსაფუძვლოა?
▪ რატომ სვამენ იოანეს ციხეში?