ისინი ვერ ახერხებენ მის დაპატიმრებას
თავი 67
ისინი ვერ ახერხებენ მის დაპატიმრებას
კარვობის დღესასწაულის მსვლელობის დროს რელიგიური წინამძღოლები მსახურებს აგზავნიან იესოს დასაპატიმრებლად. ის არ ცდილობს, რომ დაიმალოს. ნაცვლად ამისა, იესო განაგრძობს საჯაროდ სწავლებას: „მე კიდევ მცირე ხანს ვარ თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მე მომავლინა. ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით. სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ“.
იუდეველებს არ ესმით ეს და, ამიტომ ერთმანეთს ეკითხებიან: „სად წავა იგი, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში განთესილებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს? ეს რა სიტყვაა, რომელიც თქვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?“ იესო, რასაკვირველია, ლაპარაკობს თავისი მოახლოებული სიკვდილისა და ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენის შესახებ, სადაც მისი მტრები ვერ მივლენ.
დგება დღესასწაულის მეშვიდე და უკანასკნელი დღე. დღესასწაულის განმავლობაში მღვდელი ყოველ დილით სილოამის აუზიდან ამოღებულ წყალს ისე ასხამდა, რომ ის სამსხვერპლოს ძირთან იღვრებოდა. ალბათ, იესო ხალხს ახსენებს ამ ყოველდღიური ცერემონიის შესახებ, როცა წამოიძახებს: „თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას. ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი მუცლიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“.
სინამდვილეში, იესო აქ იმ დიდი შედეგების შესახებ ლაპარაკობს, რომელიც სულიწმიდის გადმოსვლას ექნება. სულიწმიდა გადმოვიდა მომდევნო წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. ცოცხალი წყლის ნაკადული იღვრება მაშინ, როცა 120 მოწაფე იწყებს ხალხისადმი მსახურებას. მაგრამ ამ დრომდე სულიწმიდა არ არსებობდა იმ გაგებით, რომ ქრისტეს არც ერთი მოწაფე არ იყო სულიწმიდით ცხებული და ზეციერი ცხოვრებისთვის მოწოდებული.
იესოს სწავლების საფუძველზე ზოგი ამბობს: „ეს ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია“. როგორც ჩანს, ისინი მიუთითებენ მოსეზე, დიდ წინასწარმეტყველზე, რომელიც აღთქმის თანახმად, უნდა მოსულიყო. სხვები ამბობენ: „ეს ქრისტეა“. მაგრამ ზოგი საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს: „განა გალილეიდან მოვა ქრისტე? განა წერილი არ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?“
ასე რომ, ხალხთა შორის დაყოფა ხდება. ზოგს მისი დაპატიმრება სურს, მაგრამ ხელის დადებას ვერავინ ბედავს. როცა მსახურები იესოს გარეშე ბრუნდებიან, მღვდელმთავრები და ფარისევლები ეკითხებიან: „რატომ არ მოიყვანეთ იგი?“
— არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს, — პასუხობენ ისინი.
განრისხებული რელიგიური ბელადები დაცინვაზე, დამცირებასა და ლანძღვაზე გადადიან. ისინი დაცინვით ამბობენ: „ნუთუ თქვენც გაცდუნათ? ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ იწამა იგი? მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია“.
ამაზე ფარისეველი ნიკოდემოსი, იუდეველთა ერთ-ერთი მმართველი (სინედრიონის წევრი), ბედავს იესოს სასარგებლოდ ლაპარაკს. შეიძლება გახსოვს, რომ ორ წელიწად-ნახევრის წინ, ნიკოდემოსი ღამით მივიდა იესოსთან და მისადმი რწმენა გამოავლინა. ახლა ნიკოდემოსი ამბობს: „განა სდებს მსჯავრს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რაც მან ჩაიდინა?“
ფარისევლებს კიდევ უფრო არისხებს ის, რომ მათი წრიდან ერთ-ერთი იცავს იესოს. „შენც გალილეიდან არა ხარ? — გესლიანად შენიშნავენ ისინი. — გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება“.
თუმცა საღვთო წერილი პირდაპირ არ ამბობს, რომ წინასწარმეტყველი გალილეიდან მოვიდოდა, მაგრამ ის მიუთითებს ქრისტეზე, როგორც იქიდან მომავალზე, როცა ამბობს: „დიდი ნათელი“ უნდა გამობრწყინებულიყო ამ მხარეში. გარდა ამისა, იესო ბეთლემში დაიბადა და დავითის შთამომავალი იყო. თუმცა ფარისევლებმა შეიძლება იციან ეს, მაგრამ, აშკარაა, მათ იესოს შესახებ მცდარი წარმოდგენები გაავრცელეს ხალხში. იოანე 7:32–52; ესაია 8:23—9:1; მათე 4:13-17.
▪ რა ხდება ხოლმე ყოველ დილით დღესასწაულზე და, ალბათ, როგორ ამახვილებს ამაზე იესო ყურადღებას?
▪ რატომ არ აპატიმრებენ მსახურები იესოს და როგორ რეაგირებენ ამაზე რელიგიური წინამძღოლები?
▪ ვინ არის ნიკოდემოსი, რა პოზიცია უჭირავს მას იესოსადმი და როგორ ექცევიან მას სხვა ფარისევლები?
▪ რა მტკიცება არსებობს ქრისტეს გალილეიდან მოსვლის შესახებ?