იყავით მზად!
თავი 78
იყავით მზად!
მას შემდეგ, რაც იესომ ხალხი გააფრთხილა გაუმაძღრობის თაობაზე, ის მოწაფეებს ელაპარაკა მატერიალური საგნებისადმი გადაჭარბებულად ზრუნვის შესახებ, რის შემდეგაც ამხნევებს მათ: «ნუ გეშინია მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ მოისურვა თქვენთვის სასუფევლის [„სამეფოს“, აქ] მოცემა». ის ამგვარად მიუთითებს, რომ მხოლოდ შედარებით მცირე რაოდენობა (როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, 144 000) იქნება ზეციერ სამეფოში. მათი უმრავლესობა, რომლებიც მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ, სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები იქნებიან.
‘სამეფო’. რა შესანიშნავი ძღვენია! იესო აღწერს, რომ მოწაფეები სათანადოდ უნდა გამოეხმაურონ ამ ძღვნის მიღებას და ეუბნება: „გაყიდეთ ქონება თქვენი და გაეცით მოწყალება“. დიახ, მათ თავიანთი ქონება სხვების სულიერი კეთილდღეობისთვის უნდა გამოეყენებინათ და ამგვარად დაეგროვებინათ „საუკუნოდ ულეველი საუნჯე ზეცაში“.
შემდეგ იესო თავის მოწაფეებს აფრთხილებს, რომ მზად იყვნენ მისი დაბრუნებისთვის და ეუბნება: „იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და სასანთლენი თქვენი — ანთებული. თქვენ კი იყავით მსგავსნი იმ ადამიანებისა, რომლებიც ელიან თავიანთი ბატონის დაბრუნებას ქორწილიდან, რომ როცა მოვა და დააკაკუნებს, იმწამსვე გაუღონ. ნეტარ არიან ის მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ნახავს. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ის შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება“.
ამ იგავში მსახურების მზადყოფნა თავიანთი ბატონის დაბრუნებისთვის ნაჩვენებია იმით, რომ ისინი გრძელ ტანსაცმელს იკეცავენ, ქამრებით იმაგრებენ და ზეთით სავსე ლამპრების შუქზე თავიანთი დავალების შესრულებას გვიან ღამემდე განაგრძობენ. იესო განმარტავს: „თუ მეორე [დაახლოებით საღამოს ცხრა საათიდან შუაღამემდე] ან მესამე [შუაღამიდან დაახლოებით დილის სამ საათამდე] გუშაგობისას მოვა და ასე ნახავს, ნეტარ არიან ის მონები“.
ბატონი თავის მსახურებს არაჩვეულებრივად აჯილდოებს. ის მაგიდასთან სვამს მათ და ემსახურება. ის მათ ექცევა არა როგორც მონებს, არამედ როგორც ურყევად ერთგულ მეგობრებს. რა შესანიშნავი ჯილდოა ბატონის მოლოდინში მთელი ღამის განმავლობაში მისთვის დაუღალავი მსახურებისთვის! იესო ასკვნის: „ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“.
— უფალო, ამ იგავს ჩვენ გვეუბნები თუ ყველას? — ეკითხება პეტრე.
პირდაპირი პასუხის გაცემის ნაცვლად იესოს მოჰყავს სხვა იგავი. „ვინ არის ერთგული და გონიერი განმგებელი, — კითხულობს ის, — რომელსაც დააყენებს ბატონი თავის მსახურებზე, რათა დროულად მისცეს მათ ულუფა? ნეტარია მონა, რომლის ბატონი მოვა და ამის მოქმედს ნახავს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას“.
„ბატონი“, რასაკვირველია, იესო ქრისტეა. „განმგებელი“ ასახავს მოწაფეებისგან შემდგარ ‘მცირე სამწყსოს’, როგორც ერთიან სხეულს, და ‘მსახურები’ არიან იმავე 144 000-ის ჯგუფის წევრები, რომლებიც ზეციერ სამეფოს მიიღებენ, მაგრამ ეს გამოთქმა ხაზს უსვამს თითოეული მათგანის სამუშაოს. ‘ქონება’, რომელზეც ერთგული განმგებელია დაყენებული, არის ბატონის სამეფო ინტერესები დედამიწაზე, რომელშიც სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომებიც შედიან.
შემდეგ იესო იგავში მიუთითებს, რომ შესაძლებელია განმგებლის, ანუ მონის, კლასის ყველა წევრი არ დარჩეს ურყევად ერთგული, და ამბობს: „თუ ეს მონა თავის გუნებაში იტყვის: აგვიანებს ჩემი ბატონი მოსვლასო, და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამა-სმას და ლოთობას, მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის. . . და შუაზე გაჰკვეთს მას“.
იესო აღნიშნავს, რომ მისი მოსვლა იუდეველებისთვის ცეცხლის მოტანის დროა, ვინაიდან ზოგი ღებულობს მის სწავლებას და ზოგი — არა. სამ წელზე მეტი ხნის წინ ის წყალში მოინათლა, მაგრამ ახლა მისი სიკვდილით ნათლობა ახლოვდება და, როგორც ის ამბობს: ‘შეჭირვებულია, ვიდრე ეს აღსრულდება’.
უშუალოდ თავისი მოწაფეებისადმი მიმართვის შემდეგ იესო ისევ ხალხს მიმართავს. ის მისტირის იმას, რომ ჯიუტი ხალხი უარყოფს მისი პიროვნების შესახებ ნათელ მტკიცებას და ამის მნიშვნელობას. „როდესაც დასავლეთით ამომავალ ღრუბელს დაინახავთ, — ეუბნება ის, — ამბობთ იმწამსვე: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება. ხოლო, როდესაც სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ: სიცხე იქნებაო, და ხდება. თვალთმაქცნო! ცისა და მიწის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, ეს ჟამი კი როგორ ვერ გამოგიცვნიათ?“ ლუკა 12:32–59.
▪ რამდენი პიროვნება შედის ‘მცირე სამწყსოში’ და რას მიიღებენ ისინი?
▪ როგორ ამახვილებს იესო თავის მსახურთა ყურადღებას მზადყოფნის აუცილებლობაზე?
▪ ვის ასიმბოლოებს იესოს იგავში „ბატონი“, „განმგებელი“, ‘მსახურები’ და რა არის ‘ქონება’?