არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კამათის წამოჭრა

კამათის წამოჭრა

თავი 115

კამათის წამოჭრა

ცოტა ადრე, ამავე საღამოს, იესომ თავის მოციქულებს ფეხები დაბანა, რითაც თავმდაბლურად მომსახურების შესანიშნავი გაკვეთილი მისცა. შემდეგ დააფუძნა თავისი მოახლოებული სიკვდილის გახსენების საღამო. ახლა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ახლახან მომხდარ ფაქტს, საოცარი რამ ხდება. მისი მოციქულები იწყებენ გაცხარებულ კამათს, თუ ვინ შეიძლება იყოს მათ შორის ყველაზე უდიდესი! როგორც ჩანს, ეს მუდმივი კამათის საკითხია.

გაიხსენე, მთაზე იესოს გარდასახვის შემდეგ მოციქულები კამათობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი. გარდა ამისა, იაკობი და იოანე სამეფოში გამოჩენილ ადგილებს ითხოვდნენ, რამაც მოციქულებს შორის შემდგომი უთანხმოება გამოიწვია. ახლა, როცა იესო თავის მოწაფეებთან ერთად ატარებს უკანასკნელ ღამეს, რა სამწუხარო უნდა იყოს იმის დანახვა, რომ ისინი ერთმანეთში კინკლაობენ! რას აკეთებს ის?

იმის ნაცვლად, რომ მოციქულებს გაუწყრეს მათი საქციელის გამო, იესო კიდევ ერთხელ მოთმინებით შეაგონებს მათ: „ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან. თქვენ კი ასე როდი ხართ. . . ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა?“ შემდეგ თავის მაგალითს ახსენებს და ეუბნება: „მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური“.

მათი არასრულყოფილების მიუხედავად, მოციქულები იესოს განსაცდელის განმავლობაში მისი ერთგულნი რჩებიან. ამიტომ ის ეუბნება: „ახალ კავშირს ვდებ თქვენთან, როგორც მამაჩემმა დადო ჩემთან სამეფო კავშირი“ (აქ). ეს პირადი კავშირი იესოსა და მის ურყევად ერთგულ მიმდევრებს აერთიანებს, რათა შეეძლოთ მის სამეფო ხელისუფლებაში მონაწილეობა. საბოლოოდ, მხოლოდ განსაზღვრული რიცხვი, 1 44000, არის შეყვანილი სამეფო კავშირში.

თუმცა მოციქულები ღებულობენ ამ სასწაულებრივ პერსპექტივას: ქრისტესთან ერთად იმმართველონ, ახლა ისინი სულიერად უძლურები არიან. „თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემს გამო“, — ეუბნება იესო. მაგრამ იესო პეტრეს ეუბნება, რომ ილოცა მისთვის და მოუწოდებს: „როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები“.

— შვილებო, — ეუბნება იესო, — კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, როგორც იუდეველებს ვუთხარი, რომ სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ-მეთქი მოსვლას, თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა. ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი; როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის.

— უფალო, სად მიხვალ? — ეკითხება პეტრე.

— ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, — პასუხობს იესო, — მერე კი გამომყვები.

— უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? — აინტერესებს პეტრეს. — ჩემს სულს დავდებ შენთვის.

— სულს დადებ ჩემთვის? — ეკითხება იესო. — ჭეშმარიტად გეუბნები შენ: მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ.

— მოვკვდები შენთან ერთად, — ეუბნება პეტრე, — და არ უარგყოფ.

მაშინ, როცა სხვა მოციქულებიც იმავეს ამბობენ, პეტრე იკვეხნის:

— ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს არ ვცდუნდები.

იესო მიუთითებს იმ დროზე, როცა მოციქულები ქისისა და აბგის გარეშე გაგზავნა გალილეაში საქადაგებლად და ეკითხება:

— რაიმე გაკლდათ?

— არაფერი, — პასუხობენ ისინი.

— ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე აბგა, — ეუბნება იესო. — ხოლო ვისაც არა აქვს, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და მახვილი იყიდოს. თქვენ გეუბნებით, რომ ეს დაწერილი ჩემში უნდა აღსრულდეს: ‘ბოროტმოქმედებთან შეირაცხა’. რადგან მას, რაც ჩემზეა, დასასრული აქვს.

იესო მიუთითებს დროზე, როცა ბოროტმოქმედებთან ანუ უკანონობის მოქმედებთან ერთად იქნება ძელზე გაკრული. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ მის მიმდევრებს სასტიკად განდევნიან.

— უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია, — ეუბნებიან ისინი.

— საკმარისია, — პასუხობს იესო.

როგორც დავინახავთ, ეს მახვილები მალე იესოს შესაძლებლობას მისცემს, ასწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი. მათე 26:31–35; მარკოზი 14:27–31; ლუკა 22:24–38; იოანე 13:31–38; გამოცხადება 14:1–3.

▪ რატომ არის მოციქულების კამათი ასე გასაკვირი?

▪ როგორ აგვარებს იესო კამათს?

▪ რას აღწევს კავშირი, რომელსაც იესო თავის მოწაფეებთან დებს?

▪ რა ახალ მცნებას აძლევს იესო და რამდენად მნიშვნელოვანია ის?

▪ როგორ გადამეტებულ თავდაჯერებულობას ავლენს პეტრე და რას ეუბნება იესო?

▪ რატომ განსხვავდება ახლანდელი დარიგება აბგისა და ქისის წაღების შესახებ ადრინდელი დარიგებისგან?