არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კარვობის დღესასწაულზე

კარვობის დღესასწაულზე

თავი 66

კარვობის დღესასწაულზე

მონათვლიდან დაახლოებით სამი წლის განმავლობაში იესო ცნობილი პიროვნება გახდა. მრავალმა ათასმა იხილა მისი სასწაულები და ცნობები მისი საქმიანობის შესახებ მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ახლა იერუსალიმში კარვობის დღესასწაულზე შეკრებილი ხალხი ეძებს იესოს. მათი სურვილია გაიგონ, ‘სად არის’.

იესო მითქმა-მოთქმის ობიექტი ხდება. „კეთილია იგი“, — ამბობს ზოგი. „არა, ხალხს აცდუნებს“, — ამტკიცებენ სხვები. დღესასწაულის პირველ დღეებში ბევრი ასეთი მითქმა-მოთქმა დადის. მაგრამ აშკარად ვერავინ ბედავს იესოს სასარგებლოდ ლაპარაკს. ამის მიზეზია იუდეველთა წინამძღოლების მხრიდან მოსალოდნელი დასჯის შიში.

შუა დღესასწაულზე მოდის იესო. ის შედის ტაძარში, სადაც ხალხი გაოცებულია მისი სასწაულებრივი სწავლების უნარით. რადგან იესოს არასდროს უვლია რაბინების სკოლებში, იუდეველები გაოცებული არიან: „როგორ იცის წერილები უსწავლელად?“

— ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, — ამბობს იესო, — არამედ მისია, ვინც მე მომავლინა. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი შეიტყობს ამ მოძღვრებას, ღვთისგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ.

იესოს სწავლება მჭიდროდ მიჰყვება ღვთის რჯულს. ამგვარად, აშკარა უნდა იყოს, რომ ის ღვთის დიდებას ეძებს და არა — საკუთარს. „განა მოსემ არ მოგცათ რჯული?“ — ეკითხება იესო. შემდეგ საყვედურობს მათ: „არც ერთი თქვენთაგანი არ ასრულებს რჯულს“.

— რატომ მეძებთ მოსაკლავად? — ეკითხება იესო.

დღესასწაულზე დამსწრე ადამიანებმა, ალბათ, არაფერი იციან ამ მცდელობის შესახებ. მათ წარმოუდგენლად ეჩვენებათ, რომ ვინმეს სურდეს ასეთი შესანიშნავი მასწავლებლის მოკვლა. ამიტომ, ვინაიდან იესო ამას ფიქრობს, ხალხი დარწმუნებულია, რომ მის თავს რაღაც ხდება. „ეშმაკია შენში, — ეუბნებიან ისინი. — ვინ გეძებს მოსაკლავად?“

იუდეველ წინამძღოლებს იესოს მოკვლა სურთ, თუმცა ხალხი შეიძლება ვერც კი ამჩნევს ამას. წელიწად-ნახევრის წინ, როცა იესომ შაბათს კაცი განკურნა, წინამძღოლები მის მოკვლას ცდილობდნენ. ამიტომ იესო მათ უგუნურებაზე მიუთითებს და ეკითხება: „თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღად მირისხდებით იმის გამო, რომ შაბათს კაცი მთლიანად განვკურნე? ნუ განსჯით  შეხედულებით, არამედ სამართლიანი მსჯავრით განსაჯეთ“.

იერუსალიმის მცხოვრებლები, რომლებიც გაცნობილი არიან მდგომარეობას, ამბობენ: „ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ? აჰა, იგი აშკარად ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ იგი ნამდვილად ქრისტეა?“ იერუსალიმის ეს მცხოვრებლები განმარტავენ, თუ რატომ არ სჯერათ, რომ იესო ქრისტეა: „ჩვენ ხომ ვიცით საიდანაცაა იგი. ხოლო ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება იგი“.

— მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულვარ. მაგრამ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა, — პასუხობს იესო.

ამის გაგონებაზე ისინი ცდილობენ მის შეპყრობას, შესაძლოა, ციხეში ჩასასმელად ან მოსაკლავად. მაგრამ ისინი ამას ვერ ახერხებენ, ვინაიდან იესოს სიკვდილის დრო ჯერ არ დამდგარა.

მიუხედავად ამისა, მრავალი ავლენს იესოსადმი რწმენას, როგორც უნდა ყოფილიყო კიდეც. ის წყალზე დადიოდა, აწყნარებდა ქარიშხალსა და აზვირთებულ ზღვას, სასწაულით აპურებდა ათასებს რამდენიმე პურითა და თევზით, ავადმყოფებს კურნავდა, კოჭლებს სიარულის უნარს უბრუნებდა, ბრმებს თვალებს უხელდა, კეთროვნებს კურნავდა და მკვდრებსაც კი აცოცხლებდა. ამიტომ ისინი კითხულობენ: „როცა ქრისტე მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?“

ხალხის ასეთი მითქმა-მოთქმის მოსმენისთანავე ფარისევლები და მღვდელმთავრები მსახურებს აგზავნიან იესოს შესაპყრობად. იოანე 7:11–32.

▪ როდის მოდის იესო დღესასწაულზე და რას ამბობს ხალხი მასზე?

▪ რატომ ამბობს ზოგი, რომ იესოს ეშმაკი ჰყავს?

▪ რა აზრისანი არიან იერუსალიმის მცხოვრებლები იესოზე?

▪ რატომ ავლენს მრავალი იესოსადმი რწმენას?