კეთილი სამარიელი
თავი 73
კეთილი სამარიელი
იესო შეიძლება სოფელ ბეთანიის მახლობლად იმყოფება, რომელიც იერუსალიმიდან დაახლოებით სამი კილომეტრითაა დაშორებული. მოსეს რჯულის მცოდნე ერთი კაცი უახლოვდება მას და ეკითხება: „რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“
იესო ხედავს, რომ ეს კაცი, რჯულის მცოდნე, ეკითხება არა უბრალოდ ინფორმაციის მიღების მიზნით, არამედ უფრო გამოსაცდელად. შეიძლება მისი მიზანია, იესოსგან ისეთი პასუხი მიიღოს, რომელიც შეურაცხყოფს მგრძნობიარე იუდეველებს. ამიტომ იესო აღძრავს რჯულის მცოდნეს, თვითონვე უპასუხოს თავისივე შეკითხვას: „რჯულში როგორ წერია? შენ როგორ კითხულობ?“
პასუხად რჯულის მცოდნე საოცარ გამჭრიახობას ავლენს, ვინაიდან ღვთის რჯულიდან ციტირებს მეორე რჯულის 6:5-სა და ლევიანნის 19:18-ს: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.
— სწორად მიპასუხე, — ეუბნება იესო. — ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ.
მაგრამ რჯულის მცოდნე ვერ კმაყოფილდება. იესოს პასუხი არ არის მისთვის საკმაოდ კონკრეტული. მას სურს, რომ იესომ დაადასტუროს მისი შეხედულებების სისწორე და რომ ის სხვებთან მოპყრობაში სამართლიანია. ამიტომ ეკითხება: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“
იუდეველებს სწამთ, რომ სიტყვა „მოყვასი“ გამოიყენება მხოლოდ იუდეველების მიმართ, როგორც ვითომ გამომდინარეობს ლევიანნის 19:18-ის კონტექსტიდან. ფაქტიურად, მოგვიანებით მოციქულმა პეტრემაც კი თქვა: „თქვენ უწყით, რომ იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან“. ამიტომ რჯულის მცოდნეს და შესაძლოა იესოს მოწაფეებსაც სწამთ, რომ ისინი სამართლიანად იქცევიან, თუ მხოლოდ იუდეველებს ეპყრობიან კეთილად, რადგან არაიუდეველები, მათი აზრით, არ არიან მათი ნამდვილი მოყვასები.
როგორ შეძლებს იესო მათი შეხედულების გასწორებას მსმენელებისათვის შეურაცხყოფის მიყენების გარეშე? ის ჰყვება ამბავს, რომელიც, შესაძლოა, ნამდვილ შემთხვევაზეა დაფუძნებული: „ვინმე კაცი [იუდეველი] მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხონს, დაესხნენ ყაჩაღები, რომლებმაც ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს“.
„შემთხვევით, — განაგრძობს იესო, — ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია. მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა“.
მრავალი მღვდელი და ტაძრის ლევიანი მსახური იერიხონში ცხოვრობს, რომელიც 900 მეტრით დაბლა მდებარეობს, ვიდრე მათი სამსახურის ადგილი იერუსალიმში, და ამ ორ ქალაქს 23 კილომეტრიანი საშიში გზა აკავშირებს. მღვდლებისა და ლევიანებისგან მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო გასაჭირში ჩავარდნილი თანამემამულისთვის დახმარების აღმოჩენა. მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. მათ ნაცვლად სამარიელი აკეთებს ამას. იუდეველებს იმდენად სძულთ სამარიელები, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, შეურაცხყოფის მიყენების მიზნით, იესოს „სამარიელი“ უწოდეს.
რას აკეთებს სამარიელი იუდეველის დასახმარებლად? „მივიდა მასთან, — ეუბნება იესო, — ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. მეორე დღეს, ამოიღო ორი დინარი [დაახლოებით ორი დღის ჯამაგირი], მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო“.
ამ ამბავის მოყოლის შემდეგ იესო რჯულის მცოდნეს ეკითხება: „იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“
რჯულის მცოდნეს ეუხერხულება სამარიელისთვის რამე დამსახურების მიკუთვნება და უბრალოდ პასუხობს: „რომელმაც წყალობა უყო მას“.
— წადი და შენც ასევე მოიქეცი, — ამთავრებს იესო.
იესოს პირდაპირ რომ ეთქვა რჯულის მცოდნესთვის, რომ არაიუდეველებიც მოყვასები იყვნენ, ეს მარტო ამ კაცისთვის კი არ იქნებოდა მიუღებელი, არამედ იქ მყოფთა უმრავლესობას შესაძლოა მისი მხარე დაეჭირა იესოსთან საუბარში. მაგრამ ამ ცხოვრებისეულმა ამბავმა უდავოდ აშკარა გახადა, რომ ჩვენი მოყვასები მხოლოდ ჩვენი რასისა და ეროვნების ადამიანები როდი არიან. რა სასწაულებრივია იესოს სწავლების მეთოდი! ლუკა 10:25–37; საქმეები 10:28; იოანე 4:9; 8:48.
▪ რა კითხვებს უსვამს რჯულის მცოდნე იესოს და, როგორც ჩანს, რა მიზნით?
▪ იუდეველების რწმენით, ვინ არიან მათი მოყვასები და რატომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იესოს მოწაფეებიც იზიარებენ ამ შეხედულებას?
▪ როგორ გადმოსცემს იესო სწორ შეხედულებას ისე, რომ რჯულის მცოდნე ვერ უარყოფს მას?