კეთროვნის შებრალება
თავი 25
კეთროვნის შებრალება
როცა იესო და მისი ოთხი მოწაფე გალილეის ქალაქებში ჩადიან, ცნობები მისი შესანიშნავი საქმეების შესახებ მთელს ამ მხარეში ვრცელდება. ხმა მისი საქმიანობის შესახებ მისწვდა ერთ ქალაქს, სადაც კეთროვანი მამაკაცი ცხოვრობს. ექიმი ლუკა მას აღწერს, როგორც ‘კეთრით დაფარულს’. პროგრესირების სტადიაში ეს საშინელი დაავადება ნელ-ნელა აზიანებს სხეულის სხვადასხვა ნაწილს. ასე რომ, კეთროვანი საცოდავ მდგომარეობაშია.
როცა იესო ქალაქში ჩადის, კეთროვანი უახლოვდება მას. ღვთის რჯულის თანახმად, კეთროვანმა გაფრთხილების მიზნით უნდა იყვიროს: „უწმიდური, უწმიდური“, რათა სხვები დაიცვას ძალიან ახლოს მისვლისა და დაინფიცირებისაგან. ახლა კეთროვანი იესოს წინაშე ემხობა და ევედრება: „უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა“.
იესოსადმი რა დიდი რწმენა აქვს ამ მამაკაცს! მაგრამ რამდენად საცოდავად გამოიყურება ამ დაავადების გამო! რას გააკეთებს იესო? შენ რას გააკეთებდი? სიბრალულით აღძრული იესო ხელს უწვდის მას, ეხება და ეუბნება: „მსურს, განიწმიდე!“ და კეთრი მაშინვე შორდება მას.
ისურვებდი, მეფედ ასეთი შემბრალე პიროვნება გყოლოდა? ამ კეთროვნისადმი იესოს მოპყრობა გვაძლევს იმის მტკიცებას, რომ მისი სამეფო მმართველობის განმავლობაში შესრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველება: „შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის“. დიახ, მაშინ იესო შეისრულებს თავისი გულის წადილს, დაეხმაროს ყველა დატანჯულს.
კეთროვნის განკურნებამდეც იესოს მსახურებამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში. იესო განკურნებულ მამაკაცს უბრძანებს: „უყურე, არავის უთხრა“, რითაც სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება. შემდეგ არიგებს: „წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისათვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად“.
მაგრამ მამაკაცი იმდენად ბედნიერია, რომ არ შეუძლია არ ილაპარაკოს ამ სასწაულზე. ის მიდის და იწყებს ამ ახალი ამბის ყველგან გავრცელებას და, როგორც ჩანს, ადამიანებში ისეთ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას იწვევს, რომ იესო ვეღარ შედის აშკარად ქალაქში. ამიტომ ის რჩება უდაბურ ადგილებში, სადაც არავინ ცხოვრობს და მრავალი ხალხი მიდის მის მოსასმენად და დაავადებებისგან განსაკურნავად. ლუკა 5:12–16; მარკოზი 1:40–45; მათე 8:2–4; ლევიანნი 13:45; 14:10–13; ფსალმუნი 71:13; ესაია 42:1, 2.
▪ როგორ შეიძლება კეთრმა იმოქმედოს და რა გაფრთხილება მიეცა კეთროვანს?
▪ როგორ მიმართავს კეთროვანი იესოს და რის სწავლა შეგვიძლია იესოს პასუხიდან?
▪ რატომ ვერ ახერხებს განკურნებული მამაკაცი, დაემორჩილოს ქრისტეს მითითებას და რა შედეგი მოჰყვება ამას?