კიდევ ერთი გამოსასწორებელი რჩევა
თავი 63
კიდევ ერთი გამოსასწორებელი რჩევა
იმ დროის განმავლობაში, როცა იესო და მოციქულები ისევ იმ სახლში არიან კაპერნაუმში, გარდა იმისა, თუ ვინ არის მათ შორის ყველაზე დიდი, კიდევ რაღაცაზე საუბრობენ. მსგავსი შემთხვევა კაპერნაუმში მათი დაბრუნების დროსაც მოხდა. ამ დროს იესო არ იყო მათთან. მოციქული იოანე ამბობს: „ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, ჩვენ კი არ მოგვყვება. და ჩვენ ავუკრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოგვყვება“.
როგორც ჩანს, იოანეს მიაჩნია, რომ მოციქულები არიან ერთადერთი გამონაკლისი ჯგუფი, რომლებსაც განკურნების უფლება აქვთ. ამიტომ, მისი აზრით, ამ მამაკაცისთვის ნებადართული არ იყო ასეთი სასწაულების მოხდენა, ვინაიდან ის არ იყო მათი ჯგუფის წევრი.
მაგრამ იესო ურჩევს: „ნუ უკრძალავთ, ვინაიდან არავის, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, არ ძალუძს ჩემი ასე იოლად გმობა. ვინაიდან, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის. ვინც თქვენ წყალს შეგასმევთ სასმისით ჩემი სახელით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური“.
იესოს მიმდევარი რომ ყოფილიყო, ამისათვის აუცილებელი არ იყო, რომ ეს მამაკაცი ფიზიკურად თან ხლებოდა მას. ქრისტიანული კრება ჯერ არ იყო დაფუძნებული, ამიტომ ის, რომ ეს მამაკაცი არ იყო მათი ჯგუფის წევრი, არ ნიშნავდა, რომ ის სხვა კრების წევრი იყო. ამ მამაკაცს ნამდვილად ჰქონდა იესოს სახელისადმი რწმენა და ამიტომ შეძლო დემონების წარმატებით განდევნა. ის ისეთ რაღაცას აკეთებდა, რისთვისაც, იესოს სიტყვების თანახმად, ჯილდოს იმსახურებდა. იესო ცხადყოფს, რომ ამის გაკეთებისთვის ის არ დაკარგავს თავის ჯილდოს.
მაგრამ რა მოხდებოდა, თუ ამ მამაკაცს დააბრკოლებდა მოციქულების სიტყვები ან საქმეები? ამას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა! იესო ამბობს: „ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგან, რომელთაც მე ვწამვარ, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ“.
იესო ამბობს, რომ მისმა მიმდევრებმა უნდა მოიკვეთონ ისეთი ძვირფასი რამ, როგორიცაა ხელი, ფეხი ან თვალი, თუ ისინი მათი ცდუნების მიზეზია. უკეთესია იყო ამ ძვირფასი ორგანოების გარეშე და შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე გქონდეს ესენი და ჩავარდე გეენაში (ნაგვის დასაწვავი ადგილი იერუსალიმის მახლობლად), რომელიც ასიმბოლოებს მარადიულ განადგურებას.
იესო აგრეთვე აფრთხილებს: „შეხედეთ, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს“. შემდეგ ის ხსნის, თუ რამდენად ძვირფასია „ერთი ამ მცირეთაგანი“, და ყვება კაცის შესახებ, რომელსაც ასი ცხვარი ჰყავს, მაგრამ ერთს კარგავს. კაცი ტოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და მიდის ერთის საძებნელად, — განმარტავს იესო, — და მისი პოვნისას უფრო მეტად ხარობს, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე ხარობდა. „ასევე, — ასკვნის შემდეგ იესო, — არა აქვს სურვილი თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი“.
შეიძლება იესოს მოციქულებს შორის კამათი აქვს მხედველობაში, როცა მოუწოდებს: „იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში“. მარილი უგემურ საკვებს აგემრიელებს. ამგვარად, გადატანითი მნიშვნელობით, მარილი პიროვნების ნათქვამს უფრო ადვილად მისაღებს ხდის. ასეთი მარილის ფლობა მშვიდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
მაგრამ არასრულყოფილების გამო დროდადარო სერიოზულ კამათს ექნება ადგილი. იესო მათ გადასაჭრელადაც აძლევს სახელმძღვანელო მითითებებს. ის ამბობს: „თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა“. თუ არ მოგისმენს, გვირჩევს იესო: „წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა“.
იესო ამბობს, რომ მხოლოდ, როგორც უკანასკნელი ნაბიჯი, გადაეცეს საქმე „ეკლესიას“, ანუ კრებას, ესე იგი კრების პასუხისმგებელ ზედამხედველებს, რომლებსაც შეუძლიათ სასამართლო გადაწყვეტილების მიღება. თუ შემცოდველი არ დაემორჩილება მათ გადაწყვეტილებას, იესო ამბობს: „მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე“.
ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს ზედამხედველები უნდა მიჰყვნენ იეჰოვას სიტყვის მითითებებს. ამგვარად, როცა ისინი ასკვნიან, რომ პიროვნება დამნაშავეა და დასჯის ღირსია, განაჩენი „ზეცაშიც შეკრული იქნება“, და რასაც ისინი ‘ხსნიან დედამიწაზე’, ასკვნიან, რომ პიროვნება უდანაშაულოა, „გახსნილი იქნება ზეცაშიც“. მსგავსი სასამართლო განხილვის შესახებ იესო ამბობს, რომ „სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის“. მათე 18:6–20; მარკოზი 9:38–50; ლუკა 9:49, 50.
▪ რატომ არ იყო აუცილებელი იესოს დღეებში მასთან თანხლება?
▪ რამდენად სერიოზულია „ერთი მცირეთაგანის“ დაბრკოლების საკითხი და როგორ ხსნის იესო ასეთი მცირეთაგანის მნიშვნელოვნებას?
▪ ალბათ, რამ აღძრა იესო, თავისი მოციქულებისთვის მოეწოდებინა, რომ ჰქონოდათ მარილი ერთმანეთს შორის?
▪ რა მნიშვნელობაა ჩადებული ‘შეკვრასა’ და ‘გახსნაში’?