კიდევ ერთი სამქადაგებლო მოგზაურობა გალილეაში
თავი 49
კიდევ ერთი სამქადაგებლო მოგზაურობა გალილეაში
დაახლოებით ორწლიანი ინტენსიური ქადაგების შემდეგ წყვეტს ან ანელებს იესო საქმიანობას? პირიქით, ის აფართოებს თავის სამქადაგებლო საქმიანობას და იწყებს კიდევ ერთ, მესამე, მოგზაურობას გალილეაში. ის დადის ამ მხარის ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლის სინაგოგებში და ქადაგებს კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ. რასაც ის ამ მოგზაურობის დროს ხედავს, კიდევ უფრო არწმუნებს მას სამქადაგებლო საქმიანობის გაზრდის საჭიროებაში.
სადაც არ უნდა წავიდეს, იესო ხედავს უამრავ ხალხს, რომელსაც სულიერი გამოჯანმრთელება და ნუგეშისცემა სჭირდება. ისინი დაუძლურებულნი და დაფანტულნი არიან, როგორც უმწყემსო ცხვარი, რის გამოც მათდამი სიბრალულს გრძნობს. ის თავის მოწაფეებს ეუბნება: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“.
იესოს აქვს მოქმედების გეგმა. ის უხმობს 12 მოციქულს, რომლებიც დაახლოებით ერთი წლის წინ ამოირჩია. ის მათ ორ-ორად ანაწილებს, ქმნის მქადაგებელთა ექვს წყვილს და არიგებს: «წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ; არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი [„სამეფო“, აქ]».
ეს სამეფო, რომელზეც მათ უნდა იქადაგონ, არის ის, რის შესახებაც იესო ლოცვის ნიმუშში ასწავლიდა მათ, რომ ელოცათ. სამეფო მოახლოებულია იმ მნიშვნელობით, რომ ღვთის მიერ დანიშნული მეფე, იესო ქრისტე, აქ არის. ამ ზეადამიანური მთავრობის წარმომადგენლებად აღჭურვის მიზნით იესო თავის მოწაფეებს ავადმყოფების განკურნებისა და მკვდრების აღდგენის უნარს ანიჭებს. ის ასწავლის, რომ ყოველივე ეს უსასყიდლოდ გააკეთონ.
შემდეგ ის თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ არ მოიმზადონ მატერიალური საგნები სამქადაგებლო მოგზაურობისთვის. „ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით; ნურც ფუთას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია“. ისინი, რომლებიც მადლიერებით გამოეხმაურებოდნენ ცნობას, შესწირავდნენ საკვებს და უზრუნველყოფდნენ თავშესაფრით. როგორც იესო ამბობს: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ“.
შემდეგ იესო ასწავლის, თუ როგორ გადასცენ მობინადრეებს ცნობა სამეფოს შესახებ. „სახლში შესვლისას, — არიგებს ის, — მიესალმეთ მას და უთხარით: მშვიდობა ამ სახლს. თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. ხოლო ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ, სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფერხთაგან“.
იესო ეუბნება, რომ მათი ცნობის უარმყოფელ ქალაქს მკაცრი განაჩენი დაატყდება თავს. ის განმარტავს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს“. მათე 9:35—10:15; მარკოზი 6:6-12; ლუკა 9:1–5.
▪ როდის იწყებს იესო მესამე სამქადაგებლო მოგზაურობას გალილეაში და რაში არწმუნებს ეს მას?
▪ რას ასწავლის იესო თვის 12 მოციქულს, როცა საქადაგებლად აგზავნის?
▪ რატომ არის სწორი, მოწაფეებმა ასწავლონ, რომ სამეფო მოახლოებულია?