კითხვები მარხვის შესახებ
თავი 28
კითხვები მარხვის შესახებ
თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იესო პასექის დღესასწაულს დაესწრო ახ. წ. 30 წელს. იოანე ნათლისმცემელი უკვე რამდენიმე თვის დაპატიმრებულია. თუმცა მას სურდა, რომ მისი მოწაფეები ქრისტეს მიმდევრები გამხდარიყვნენ, ყველა არ ხდება იესოს მოწაფე.
დაპატიმრებული იოანეს ზოგიერთი მოწაფე იესოსთან მიდის და ეკითხება: „რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“ ფარისევლები თავიანთი რელიგიის ჩვეულებისამებრ კვირაში ორჯერ მარხულობენ და, შესაძლოა, იოანეს მოწაფეებიც მისდევენ მსგავს ჩვეულებას. აგრეთვე შეიძლება ისინი იმიტომ მარხულობენ, რომ დამწუხრებულები არიან იოანეს დაპატიმრების გამო და აოცებთ, თუ რატომ არ უერთდებიან მათ მწუხარებას იესოს მოწაფეები.
პასუხად იესო განუმარტავს: „განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღენი, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ“.
იოანეს მოწაფეებს უნდა გახსენებოდათ, რომ თვითონ იოანე ლაპარაკობდა იესოზე, როგორც სიძეზე. ამიტომ, ვიდრე იესო მათთან არის, არც იოანე და არც იესოს მოწაფეები საჭიროდ არ მიიჩნევენ მარხვას. მოგვიანებით, როცა იესო კვდება, მისი მოწაფეები დარდობენ და მარხულობენ. მაგრამ მისი აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ მათ აღარა აქვთ დარდისა და მარხვის მიზეზი.
შემდეგ იესოს მოჰყავს მაგალითები: „ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოიხევა სამოსელისაგან და ნახვრეტი უარესი გახდება. არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება; არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“. რა საერთო აქვს ამ მაგალითებს მარხვასთან?
იესო დაეხმარა იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებს იმის გაგებაში, რომ არავის უნდა ჰქონოდა მისი მოწაფეებისგან იმის მოლოდინი, რომ დაიცავდნენ იუდაიზმის ისეთ ძველ ადათ-წესებს, როგორიცაა ტრადიციული მარხვა. იესო არ მოსულა იმ მოძველებული თაყვანისცემის სისტემების აღსადგენად, რომლებიც გასაუქმებლადაა გამზადებული. ქრისტიანობას არ უნდა გადმოეღო მაშინდელი იუდაიზმის ტრადიციები ადამიანების მიერ მოგონილ წეს-ჩვეულებებთან ერთად. არა, ის არ უნდა ყოფილიყო, როგორც ახალი საკერებელი ძველ ტანსაცმელზე ან როგორც ახალი ღვინო ძველ ტიკებში. მათე 9:14–17; მარკოზი 2:18–22; ლუკა 5:33–39; იოანე 3:27–29.
▪ ვინ მარხულობს და რა მიზეზით?
▪ რატომ არ მარხულობენ იესოს მოწაფეები მისი მათთან ყოფნის დროს და როგორ მოისპობა მალე მარხვის მიზეზი?
▪ რა მაგალითები მოჰყავს იესოს და რას ნიშნავს ისინი?