არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა

ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა

თავი 91

ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა

იესო თანმხლებ პირებთან ერთად ლაზარეს სამარხთან მიდის. ფაქტიურად, ეს არის გამოქვაბული, რომლის შესასვლელზეც ლოდია აფარებული.

— მოაშორეთ ლოდი, — ამბობს იესო.

მართა უარზეა, რადგან ჯერაც არ ესმის, თუ რის გაკეთებას აპირებს იესო.

— უფალო, — ეუბნება ის, — უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ.

მაგრამ იესო ეკითხება:

— განა არ გითხარი, რომ, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ-მეთქი?

ასე რომ, ლოდს აშორებენ. შემდეგ იესო თვალებს ზეცისკენ აღაპყრობს და ლოცულობს: „მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ. მე მხოლოდ გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე“. იესო საჯაროდ ლოცულობს, რათა ხალხმა გაიგოს, რომ, რასაც გააკეთებს, ღვთისგან მიღებული ძალის საშუალებით გააკეთებს. შემდეგ ხმამაღლა უხმობს: „ლაზარე, გამოდი!“

ამ დროს ლაზარე გამოდის. ხელები და ფეხები სახვევებით აქვს შეკრული და სახე სუდარით აქვს დაფარული.

— გახსენით, გაუშვით, იაროს, — ამბობს იესო.

ამ სასწაულის დანახვაზე, მრავალმა იუდეველმა, რომლებიც მართასა და მარიამის სანუგეშებლად მოვიდნენ, ირწმუნა იესო. სხვები კი მიდიან, რათა ფარისევლებს შეატყობინონ მომხდარის შესახებ. ისინი მღვდელმთავრებთან ერთად დაუყოვნებლივ წყვეტენ, მოიწვიონ იუდეველთა უმაღლესი სასამართლო, სინედრიონი.

სინედრიონში შედიან მღვდელმთავარი კაიაფა, ფარისევლები, სადუკევლები, უფროსი მღვდლები და ყოფილი მღვდელმთავრები. ისინი ჩივიან: „რა ვქნათ, რადგან ეს კაცი ბევრ სასწაულებს ახდენს? თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და დაიპყრობენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც“.

თუმცა რელიგიური წინამძღოლები აღიარებენ, რომ იესო „ბევრ სასწაულებს ახდენს“, ისინი მხოლოდ საკუთარ მდგომარეობასა და ავტორიტეტზე ზრუნავენ. ლაზარეს აღდგენა განსაკუთრებით დიდი დარტყმაა სადუკევლებისთვის, ვინაიდან მათ არ სწამთ აღდგომა.

კაიაფა, რომელიც შესაძლოა სადუკეველია, თავის აზრს გამოთქვამს: „თქვენ არაფერი გაგეგებათ, ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“.

ეს სიტყვები ღმერთმა ათქმევინა კაიაფას, რადგან მოგვიანებით მოციქული იოანე წერდა: „[კაიაფას] ეს თავისით არ უთქვამს“. კაიაფას მხედველობაში ჰქონდა, რომ იესო უნდა მოეკლათ, რათა თავიდან აეცილებინათ თავიანთი ავტორიტეტისა და გავლენის შემდგომი ძირის გამოთხრა. მაგრამ იოანეს ნათქვამის თანახმად, ‘კაიაფამ იწინასწარმეტყველა, რომ იესო მოკვდებოდა არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღვთის გაფანტული შვილები ერთად შეეკრიბა’, და, მართლაც, ღვთის განზრახვაა, რომ მისი ძე მოკვდეს ყველას გამოსასყიდად.

ამჯერად კაიაფა წარმატებას აღწევს და სინედრიონზე გავლენას ახდენს, სადაც იესოს მოკვლას გეგმავენ. მაგრამ იესო, ალბათ, ამის შესახებ სინედრიონის წევრის, მისი მეგობრის, ნიკოდემოსისგან გებულობს და იქაურობას შორდება. იოანე 11:38–54.

▪ რატომ ლოცულობს იესო საჯაროდ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის წინ?

▪ როგორ ეხმაურებიან მკვდრეთით აღდგენას თვითმხილველები?

▪ რა ცხადყოფს სინედრიონის წევრთა ბოროტებას?

▪ რა ჰქონდა განზრახული კაიაფას, მაგრამ როგორ გამოიყენა ის ღმერთმა წინასწარმეტყველების წარმოსათქმელად?