არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ლოცვისა და თავმდაბლობის აუცილებლობა

ლოცვისა და თავმდაბლობის აუცილებლობა

თავი 94

ლოცვისა და თავმდაბლობის აუცილებლობა

ადრე, როცა იესო იუდეაში იყო, მოყვა იგავი რეგულარული ლოცვის აუცილებლობის შესახებ. ახლა, იერუსალიმში მისი ბოლო მოგზაურობისას, ის კვლავ ლოცვაში დაჟინებულობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. იესო, შესაძლოა, ჯერაც სამარიაში ან გალილეაშია, როცა თავის მოწაფეებს უყვება შემდეგ იგავს:

„ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღვთისა არ ეშინოდა და ხალხისა არ რცხვენოდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: ‘დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან.’ დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: ‘მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს’“.

შემდეგ იესო ხსნის ამ იგავს: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამე მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?“

იესო ამაში არ გულისხმობს, რომ იეჰოვა ღმერთი რამით ამ უსამართლო მოსამართლეს ჰგავს. პირიქით, თუ უსამართლო მოსამართლეც კი გამოეხმაურა გამუდმებულ ვედრებას, ეჭვგარეშეა, რომ ღმერთი, რომელიც სამართლიანობისა და სიკეთის განსახიერებაა, გამოეხმაურება თავისი ხალხის განუწყვეტელ ლოცვებს. ამიტომ იესო განაგრძობს: „თქვენ გეუბნებით: [ღმერთი] მალე დაიცავს მათ“.

ხშირად უბრალო და ღარიბი ხალხი სამართალს ვერ პოულობს, მაშინ როცა ძალაუფლების მქონეებსა და მდიდრებს კეთილგანწყობილებით ეპყრობიან. ღმერთი კი მხოლოდ იმაზე როდი იზრუნებს, რომ ბოროტები სამართლიანად დაისაჯონ, არამედ თავის მსახურებს არწმუნებს, რომ სამართლიანად მოეპყრობა და მისცემს მარადიულ სიცოცხლეს. მაგრამ რამდენ ადამიანს სწამს მტკიცედ, რომ ღმერთი მალე დაიცავს მათ?

იესო, განსაკუთრებით, რწმენაზე მიუთითებს, რომელიც ლოცვის ძალასთანაა დაკავშირებული და კითხულობს: „როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს ნეტა დედამიწაზე რწმენას?“ თუმცა კითხვა უპასუხოდ რჩება, ქვეტექსტი შეიძლება ასეთი იყოს: ასეთი რწმენა იესოს სამეფო ძალაუფლებით მოსვლის დროს არ იქნება ფართოდ გავრცელებული.

იესოს ზოგი მსმენელი მტკიცედაა დარწმუნებული საკუთარ რწმენაში. ისინი საკუთარ თავს მართლებად მიიჩნევენ და სხვებს ზემოდან დაჰყურებენ. შესაძლოა, იესოს ზოგი მოწაფეც შედის ასეთ ადამიანთა რიცხვში. ამიტომ ასეთებისთვის ის ყვება შემდეგ იგავს:

„ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად — ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: ‘გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან — მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვაძლევ ყოველი ჩემი შენაძენიდან’“.

ფარისევლები ცნობილი არიან სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით თავიანთი სამართლიანობის საჯაროდ გამოვლენით. ისინი მარხულობენ თავიანთ მიერ დადგენილ დღეებში, ორშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე ზედმიწევნითი სიზუსტით იხდიან იმ მცენარეების მეათედსაც კი, რომლებსაც სანელებლებად იყენებენ. რამდენიმე თვის წინ, კარვობის დღესასწაულზე, გამოვლინდა მათი ზიზღი უბრალო ადამიანებისადმი, როცა თქვეს: „ეს ხალხი, რომელმაც რჯული [ესე იგი ფარისეველთა მიერ რჯულის ახსნა-განმარტებები] არ იცის, დაწყევლილია“.

იესო განაგრძობს იგავის მოყოლას და ასეთი ‘დაწყევლილი’ ადამიანების შესახებ ამბობს: „ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ მიეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ‘ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი’“. რადგან მებაჟემ თავმდაბლურად აღიარა თავისი ცოდვები, იესო ამბობს: „თქვენ გეუბნებით: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“.

ამგვარად, იესო კვლავ ამახვილებს ყურადღებას თავმდაბლობის აუცილებლობაზე. რადგან იესოს მოწაფეები ისეთ საზოგადოებაში გაიზარდნენ, რომელშიც თავდაჯერებული და გავლენიანი ფარისევლები ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რანგსა და მდგომარეობას, გასაკვირი არ არის, რომ ამან მათზეც იმოქმედა. მაგრამ თავმდაბლობის რა შესანიშნავ გაკვეთილს იძლევა იესო! ლუკა 18:1–14; იოანე 7:49.

▪ რატომ ასრულებს უსამართლო მოსამართლე ქვრივის თხოვნას და რას გვასწავლის იესო ამ იგავით?

▪ როგორ რწმენას იპოვის იესო თავისი მოსვლისას?

▪ ვისთვის მოიყვანა ძირითადად იესომ იგავი ფარისევლისა და მებაჟის შესახებ?

▪ როგორ ფარისევლურ თვალსაზრისს უნდა გავექცეთ?