არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მათეს მოხმობა

მათეს მოხმობა

თავი 27

მათეს მოხმობა

მალე, დამბლადაცემულის განკურნების შემდეგ, იესო კაპერნაუმიდან გალილეის ზღვისკენ მიდის. კვლავ უამრავი ხალხი მიდის მასთან და ის იწყებს მათ დამოძღვრას. როცა ის გზას განაგრძობს, ხედავს საბაჟოსთან მჯდარ მათეს, რომელსაც ლევისაც ეძახიან. „გამომყევი“, — იწვევს იესო.

ალბათ, მათესთვის უკვე ცნობილია იესოს სწავლებები, ისევე როგორც პეტრეს, ანდრიას, იაკობისა და იოანესთვის, როცა მათ მოუხმეს. და მათ მსგავსად მათეც მაშინვე ეხმაურება ამ მოწვევას. ის დგება, ტოვებს მებაჟეობას და იესოს მიჰყვება.

მოგვიანებით მათე თავის სახლში აწყობს დიდ წვეულებას, შესაძლოა, იმის აღსანიშნავად, რომ იესომ მოუხმო. იესოსა და მისი მოწაფეების გარდა, წვეულებას მათეს ყოფილი თანამშრომლებიც ესწრებიან. საერთოდ, ეს მამაკაცები სძულთ იუდეველებს, ვინაიდან ისინი გადასახადებს კრეფენ საძულველი რომაელი მმართველებისთვის. უფრო მეტიც, ისინი ხშირად ხალხს ჩვეულებრივ გადასახადებზე მეტს ახდევინებენ.

როცა ფარისევლები ხედავენ, რომ იესო ასეთ პიროვნებებთან ნადიმობს, მის მოწაფეებს ეკითხებიან: „რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“ იესოს ესმის ფარისევლების კითხვა და პასუხობს: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი;’ მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი“.

მათემ, ალბათ, ეს მებაჟეები იმ მიზნით დაპატიჟა, რომ იესოსთვის მოესმინათ და სულიერად განკურნებულიყვნენ. ამიტომ იესოს მათთან ურთიერთობის მიზანია, დაეხმაროს მათ ღმერთთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებაში. თავდაჯერებული ფარისევლებისგან განსხვავებით, იესოს არ სძულს ასეთი პიროვნებები. პირიქით, სიბრალულით აღძრული, სინამდვილეში, ის სულიერი მკურნალის როლს ასრულებს.

ამგვარად, იესოს მიერ ცოდვილთა შეწყალება არ ნიშნავს, რომ ის თვალს ხუჭავს მათ ცოდვებზე, არამედ ეს ისეთივე ნაზი გრძნობებია, რომელსაც ის ფიზიკურად ავადმყოფების მიმართ ავლენდა. მაგალითად, გაიხსენე, რომ მან თანაგრძნობით გაუწოდა ხელი კეთროვანს, შეეხო და უთხრა: „მინდა, განიწმიდე!“ მოდი, ჩვენც მსგავსად გამოვავლინოთ გულმოწყალება და დავეხმაროთ გაჭირვებულებს, განსაკუთრებით — სულიერ საკითხებში. მათე 8:3; 9:9–13; მარკოზი 2:13–17; ლუკა 5:27–32.

▪ სად იმყოფება მათე, როცა იესო ხედავს მას?

▪ რას საქმიანობს მათე და რატომ სძულთ სხვა იუდეველებს ასეთი პიროვნებები?

▪ რა უკმაყოფილებას გამოთქვამენ იესოს წინააღმდეგ და რას პასუხობს იესო?

▪ რატომ აქვს იესოს ცოდვილებთან ურთიერთობა?