მამობის საკითხი
თავი 69
მამობის საკითხი
დღესასწაულის განმავლობაში იესოს საუბარი იუდეველ წინამძღოლებთან უფრო და უფრო იძაბება.
— ვიცი, რომ აბრაამის შთამომავალნი ხართ, — უდასტურებს იესო, — მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც მამათქვენთან მოისმინეთ.
თუმცა არ უთქვამს მათი მამის ვინაობა, იესო ნათელყოფს, რომ მათი მამა განსხვავდება თავისი მამისგან. რადგან არ იციან, თუ ვინ ჰყავს იესოს მხედველობაში, რელიგიური წინამძღოლები პასუხობენ:
— ჩვენი მამა აბრაამია!
მათ ჰგონიათ, რომ ისეთივე რწმენა აქვთ, როგორიც ღვთის მეგობარ აბრაამს ჰქონდა.
მაგრამ იესოს პასუხი აოგნებს მათ:
— თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით.
მართლაც, ნამდვილი ძე თავის მამას ბაძავს.
— ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისაგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია, — ამიტომ იესო კვლავ ეუბნება: — თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ.
მათ კიდევ არ ესმით, ვის შესახებ ელაპარაკება იესო და ამტკიცებენ, რომ აბრაამის კანონიერი ძეები არიან:
— ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ.
ამიტომ ისინი აცხადებენ, რომ აბრაამის მსგავსი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები არიან და ამტკიცებენ:
— ჩვენ გვყავს ერთი მამა — ღმერთი.
მაგრამ არის თუ არა ღმერთი ნამდვილად მათი მამა?
— ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, — პასუხობს იესო, — მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს?
იესო ცდილობდა ამ რელიგიური წინამძღოლებისთვის დაენახვებინა, თუ რა შედეგს მოიტანდა მისი უარყოფა. მაგრამ ახლა პირდაპირ ეუბნება:
— თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ.
როგორი მამაა ეშმაკი? იესო მას კაცისმკვლელს უწოდებს და ამბობს: „ცრუა იგი და სიცრუის მამაა“. ასე რომ, იესო ასკვნის:
— ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არ ხართ.
ამ მსჯავრდებით გაბრაზებული იუდეველები პასუხობენ:
— განა კარგად არ ვამბობთ, რომ შენ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?
„სამარიელი“ გამოიყენება ზიზღისა და შეურაცხყოფის გამოსახატავად, ვინაიდან იუდეველებს სძულთ სამარიელები.
იესო უგულებელყოფს შეურაცხყოფას, რომ მას სამარიელი უწოდეს და პასუხობს:
— ჩემში არაა ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ მამაჩემს, თქვენ კი უპატიომყოფთ მე.
იესო განაგრძობს და იძლევა განსაცვიფრებელ დაპირებას:
— ვინც ჩემს სიტყვას იცავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე.
რასაკვირველია, იესო არ გულისხმობს, რომ მისი მიმდევრები, პირდაპირი გაგებით, არასდროს დაიხოცებიან. უფრო სწორად, ის გულისხმობს, რომ მისი მიმდევრები არასდროს განადგურდებიან სამუდამოდ, ანუ ‘მეორე სიკვდილით’, რომლიდანაც არ არსებობს აღდგენა.
მაგრამ იუდეველები იესოს სიტყვებს პირდაპირი გაგებით გებულობენ. ამიტომ ისინი ამბობენ:
— ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკი ყოფილა შენში. აბრაამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, არ იგემებსო სიკვდილს უკუნისამდე. განა შენ ჩვენს მამა აბრაამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. რა გგონია შენი თავი?
მთელი ამ საუბრის განმავლობაში აშკარაა, რომ იესო ამ კაცებს მიუთითებს ფაქტზე, რომ ის არის აღთქმული მესია. მაგრამ მისი ვინაობის შესახებ მათ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემის ნაცვლად იესო ეუბნება:
— მე თუ ჩემს თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ: ჩვენი ღმერთი არისო. თქვენ ის ვერ შეიცანით, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, რომ არ ვიცნობ მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები.
იესო განაგრძობს და კვლავ ერთგულ აბრაამზე მიუთითებს:
— აბრაამს, მამათქვენს, უხაროდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა.
დიახ, რწმენის თვალებით აბრაამი შორს იყურებოდა და აღთქმული მესიის მოსვლას ხედავდა. იუდეველები ურწმუნოდ პასუხობენ:
— ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?
— ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ, — პასუხობს იესო.
ის, რასაკვირველია, მიუთითებს ზეცაში ძლიერ სულიერ პიროვნებად განკაცებამდე თავისი არსებობის შესახებ.
აბრაამზე ადრე არსებობის შესახებ იესოს ნათქვამით გაბრაზებული იუდეველები ქვებს იღებენ, რათა ესროლონ მას. მაგრამ იესო თვალს მიეფარება და უვნებელი გადის ტაძრიდან. იოანე 8:37–59; გამოცხადება 3:14; 21:8.
▪ როგორ აჩვენებს იესო, რომ მას და მის მტრებს სხვადასხვა მამები ჰყავთ?
▪ რას ნიშნავს, რომ იუდეველები სამარიელს უწოდებენ იესოს?
▪ რა მნიშვნელობით ამბობს იესო, რომ მისი მიმდევრები არასდროს დაიხოცებიან?