არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მას პატივს მიაგებენ ჯერ კიდევ დაბადებამდე

მას პატივს მიაგებენ ჯერ კიდევ დაბადებამდე

თავი 2

მას პატივს მიაგებენ ჯერ კიდევ დაბადებამდე

მას შემდეგ, რაც ანგელოზი გაბრიელი ახალგაზრდა მარიამს ეუბნება, რომ შეეძინება ძე, რომელიც საუკუნო მეფე გახდება, მარიამი ეკითხება: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“

„სულიწმიდა გადმოვა შენზე, — განუმარტავს გაბრიელი, — და უზენაესის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ“.

ამ ცნობის დაჯერებაში რომ დაეხმაროს მარიამს, გაბრიელი განაგრძობს: „აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც სიბერეში ჩაესახა ძე და მეექვსე თვეშია უკვე. ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი“.

მარიამი იჯერებს გაბრიელის სიტყვებს. და როგორ რეაგირებს? „აჰა, მხევალი ვარ უფლისა, — წამოიძახებს ის. — მეყოს შენი სიტყვისამებრ“.

მალე, ანგელოზის წასვლის შემდეგ, მარიამი ემზადება და ელისაბედთან მიდის სტუმრად, რომელიც ქმართან, ზაქარიასთან, ერთად იუდეის მთიან მხარეში ცხოვრობს. მარიამის სახლიდან, ნაზარეთიდან, იქამდე მისვლას სჭირდება ხანგრძლივი მგზავრობა, დაახლოებით სამი-ოთხი დღე.

ბოლოს და ბოლოს, როცა მარიამი აღწევს ზაქარიას სახლამდე, შედის და ელისაბედს ესალმება. ამ დროს ელისაბედი სულიწმიდით ივსება და ეუბნება: „კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი. როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან? ვინაიდან, როცა შენი მოსალმების ხმა მოსწვდა ჩემს ყურს, სიხარულით შეტოკდა ყრმა ჩემს მუცელში“.

ამ სიტყვებს მარიამი გულწრფელი მადლიერებით პასუხობს: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და იზეიმა სულმა ჩემმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის მე ყოველი თაობა. ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა“. მაგრამ მის მიმართ გამოვლენილი კეთილგანწყობილების მიუხედავად მარიამი მთელ პატივს ღვთისკენ მიმართავს. „წმიდაა სახელი მისი, — ამბობს ის. — მისი წყალობა მის მოშიშებს თაობიდან თაობამდე“.

ღვთის განდიდებას მარიამი შთაგონებული წინასწარმეტყველური სიმღერით განაგრძობს: „[მან] მოიმოქმედა ძლიერება თავისი მკლავით; გაფანტა ამპარტავანნი მათი გულის ზრახვებთან ერთად; ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი; მშიერნი სიკეთით აღავსო და მდიდარნი ხელცარიელი გაუშვა; შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა, როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავლობას საუკუნოდ“.

მარიამი დაახლოებით სამ თვეს რჩება ელისაბედთან და, რა თქმა უნდა, დიდ დახმარებას უწევს მას ორსულობის ბოლო კვირების განმავლობაში. მართლაც, შესანიშნავია, რომ ამ ორ ერთგულ ქალს, რომლებსაც ღვთის დახმარებით ჩაესახათ ბავშვები, თავიანთი ცხოვრების ამ კურთხეულ დროს შეუძლიათ ერთად ყოფნა!

მიაქციე თუ არა ყურადღება იმ პატივს, რომელიც ჯერ კიდევ დაბადებამდე მიაგეს იესოს? ელისაბედმა მას ‘ჩემი უფალი’ უწოდა და მისი ჯერ არ შობილი ბავშვი სიხარულით შეთამაშდა მარიამის შესვლისთანავე. მაგრამ მოგვიანებით ვნახავთ, რომ სხვები მარიამსა და მის ჯერ არ შობილ ჩვილს უპატივცემლოდ ექცევიან. ლუკა 1:26–56.

▪ რას ეუბნება გაბრიელი მარიამს, რათა დაეხმაროს იმის გაგებაში, თუ როგორ დაორსულდება?

▪ როგორ მიაგებენ პატივს იესოს ჯერ კიდევ დაბადებამდე?

▪ რას ამბობს მარიამი ღვთის განსადიდებელ წინასწარმეტყველურ სიმღერაში?

▪ რამდენ ხანს რჩება მარიამი ელისაბედთან და რატომ არის მართებული ამ დროის განმავლობაში მისი ელისაბედთან დარჩენა?