არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მგზავრობა იერუსალიმისკენ

მგზავრობა იერუსალიმისკენ

თავი 10

მგზავრობა იერუსალიმისკენ

დადგა გაზაფხული. დროა, რომ იოსები ოჯახთან, მეგობრებსა და ნათესავებთან ერთად იერუსალიმში გაემგზავროს პასექის ყოველწლიური დღესასწაულის აღსანიშნავად. ვინაიდან ისინი უნდა გაუდგნენ დაახლოებით 100-კილომეტრიან გზას, ჩვეულებრივ, მღელვარება სუფევს. იესო ახლა 12 წლისაა და განსაკუთრებული ინტერესით ელოდება ამ დღესასწაულს.

იესოსა და მისი ოჯახისთვის პასექი მხოლოდ ერთდღიანი დღესასწაული არ არის. ისინი უფუარობის შვიდდღიან დღესასწაულზეც რჩებიან, რომელსაც პასექის დღესასწაულის ნაწილად მიიჩნევენ. საერთო ჯამში, სახლიდან, ნაზარეთიდან, იერუსალიმში წასვლა-წამოსვლას — იერუსალიმში გატარებული დღეების ჩათვლით — სჭირდება დაახლოებით ორი კვირა. მაგრამ ამ წელს რაღაც შემთხვევის გამო, რომელიც იესოს გადახდა თავს, მგზავრობას უფრო მეტი დრო მიაქვს.

პრობლემას ნათელი ეფინება იერუსალიმიდან უკან დასაბრუნებელ გზაზე. იოსები და მარიამი დარწმუნებული არიან, რომ იესო მათი თანამგზავრი მეგობრებისა და ნათესავების წრეში იმყოფება. მაგრამ, როცა ისინი ღამის გასათევად ჩერდებიან, იესო არ ჩანს და მას ეძებენ თანამგზავრებს შორის. მას ვერსად პოულობენ. ამიტომ მის მოსაძებნად იოსებსა და მარიამს მთელი გზის გავლა უწევთ უკან, იერუსალიმისკენ.

მთელი დღე ეძებენ, მაგრამ უშედეგოდ. ვერც მეორე დღეს პოულობენ. ბოლოს და ბოლოს, მესამე დღეს, ისინი ტაძარში მიდიან. აქ, ერთ-ერთ დარბაზში, ისინი პოულობენ იესოს, რომელიც იუდეველ მოძღვართა შორის ზის, უსმენს და შეკითხვებს უსვამს მათ.

მარიამი ეკითხება: „ეს რა გვიყავი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებდით“.

იესოს აოცებს, რომ მათ არ იცოდნენ, თუ სად მოეძებნათ ის. „რატომ მეძებდით? — ეკითხება ის. — ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?“

იესოს არ ესმის, თუ რატომ არ უნდა სცოდნოდათ მის მშობლებს ეს. ამის შემდეგ იესო მშობლებთან ერთად სახლში ბრუნდება და განაგრძობს მათდამი მორჩილებას. ის ვითარდებოდა ფიზიკურად, ემატებოდა სიბრძნე, აგრეთვე ღვთისა და ადამიანების კეთილგანწყობილება. დიახ, იესო ბავშვობიდანვე არა მარტო სულიერი საკითხებით დაინტერესების შესანიშნავ მაგალითს ტოვებს, არამედ მშობლების მიმართ პატივისცემის მაგალითსაც გვიჩვენებს. ლუკა 2:40–52; 22:7.

▪ სად მიემგზავრება ხოლმე იესო გაზაფხულობით ოჯახთან ერთად და რამდენი ხნით?

▪ რა ხდება მათი მგზავრობის დროს, როცა იესო 12 წლისაა?

▪ რა მაგალითს აძლევს იესო დღევანდელ ახალგაზრდებს?