არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მდიდარი და ლაზარე

მდიდარი და ლაზარე

თავი 88

მდიდარი და ლაზარე

იესო თავის მოწაფეებს ელაპარაკა მატერიალური სიმდიდრის სათანადოდ გამოყენებაზე და განუმარტა, რომ შეუძლებელია ერთდროულად სიმდიდრისა და ღვთის მონად ყოფნა. ფარისევლებიც ისმენენ ამას და დასცინიან იესოს, ვინაიდან ფულის მოყვარულები არიან. ამიტომ ის ეუბნება მათ: „თქვენს თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, ვინაიდან, რაც კაცთა შორის ამაღლებულია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა“.

დადგა იმ ადამიანთა მდგომარეობის შეცვლის დრო, რომლებიც ფლობენ ამქვეყნიურ სიმდიდრეს, პოლიტიკურ ძალაუფლებას, რელიგიურ მმართველობასა და გავლენას. ისინი უნდა დამცირდნენ. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც შეგნებული აქვთ თავიანთი სულიერი მოთხოვნილებები, უნდა ამაღლდნენ. იესო ამ ცვლილებაზე მიუთითებს, როცა ფარისევლებთან საუბარს განაგრძობს:

„რჯული და წინასწარმეტყველნი [ნათლისმცემელ] იოანემდე იყო; მას შემდეგ ღვთის სასუფეველი იხარება და ძალით შედის ყველა მასში. უმალ ცა და მიწა გადაივლის, ვიდრე ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან“.

მწიგნობრები და ფარისევლები ამაყობენ მოსეს რჯულისადმი თავიანთი მოჩვენებითი ერთგულებით. გაიხსენე, რომ, როცა იესომ იერუსალიმში სასწაულით აღუდგინა უცხო მამაკაცს მხედველობა, ისინი იკვეხნიდნენ: „ჩვენ. . . მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი“. მაგრამ მოსეს რჯულმა უკვე შეასრულა თავისი დანიშნულება, მიეყვანა თავმდაბალი ადამიანები ღვთის მიერ დანიშნულ მეფემდე, იესო ქრისტემდე. ამიტომ იოანეს მსახურების დაწყებიდან ყველანაირი ადამიანები, განსაკუთრებით კი თავმდაბლები და ღარიბები ცდილობენ, გახდნენ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები.

რადგან მოსეს რჯული აღსრულების პირასაა, მისი დაცვის ვალდებულება უნდა მოიხსნას. რჯული ნებას რთავს განქორწინებაზე სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ იესო ამბობს: „ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და, ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს“. რამდენად უნდა გაეღიზიანებინა ამგვარ განცხადებას ფარისევლები, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო მათ არაერთხელ დაურთავთ ნება გაყრაზე!

იესო განაგრძობს ფარისევლებთან საუბარს და ყვება იგავს, რომელშიც ლაპარაკია ორ მამაკაცზე, რომელთა მდგომარეობა ბოლოს მკვეთრად იცვლება. შეგიძლია თუ არა განსაზღვრო, თუ ვინ არიან წარმოდგენილი ამ მამაკაცებით და რას ნიშნავს მათი მდგომარეობის შეცვლა?

„იყო ერთი მდიდარი კაცი, — ყვება იესო, — ძოწეულსა და ბისონს იცვამდა, ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა. ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა, ერთიანად დაწყლულებული. ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ“.

ამ იგავში მდიდარი მამაკაცი ასიმბოლოებს იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებშიც შედიან არა მარტო ფარისევლები და მწიგნობრები, არამედ სადუკევლები და მღვდელმთავრებიც. ისინი მდიდრები არიან სულიერი უპირატესობებითა და შესაძლებლობებით და მდიდარი მამაკაცის მსგავსად იქცევიან. სამეფო ძოწეულით შემოსვა განასახიერებს მათ უპირატეს მდგომარეობას, ხოლო თეთრი სამოსი — მათ თავდაჯერებულობას.

ეს ამაყი, მდიდარი კლასი ღარიბ და უბრალო ხალხს აშკარა ზიზღით უყურებს და მათ „‛ამ ჰა·’აʹრეც“-ს ანუ მიწის ხალხს უწოდებს. ამგვარად, მათხოვარი ლაზარე განასახიერებს იმ ხალხს, რომლებსაც რელიგიური წინამძღოლები არ აძლევენ სათანადო სულიერ საკვებსა და უპირატესობებს. მაშასადამე, ერთიანად დაწყლულებულ ლაზარეს მსგავს უბრალო ხალხს ისინი ზემოდან დაჰყურებენ როგორც სულიერად დაავადებულებს და მხოლოდ ძაღლებს თვლიან მათ შესაფერის საზოგადოებად. მაგრამ ლაზარეს კლასს შია და სწყურია სულიერი საკვები და ჭიშკართან იმყოფება, რათა იპოვოს სულიერი საკვების მცირე ნამცეცები, რომლებიც შეიძლება მდიდრის მაგიდიდან ცვივა.

იესო განაგრძობს მოყოლას და აღწერს მდიდრისა და ლაზარეს მდგომარეობის შეცვლას. რა ცვლილებებია ეს და რა არის ამით ნაჩვენები?

მდიდრისა და ლაზარეს მდგომარეობა იცვლება

მდიდარი მამაკაცი განასახიერებს რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებიც სარგებლობენ სულიერი უპირატესობებითა და შესაძლებლობებით, ხოლო ლაზარე განასახიერებს სულიერად დამშეულ უბრალო ხალხს. იესო განაგრძობს იგავის თხრობას და აღწერს ამ მამაკაცების მდგომარეობების მკვეთრ ცვლილებას.

„მოკვდა ის გლახაკი, — ამბობს იესო, — და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს. და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში“.

რადგან მდიდარი და ლაზარე არ არიან პირდაპირი მნიშვნელობით პიროვნებები, არამედ ადამიანთა გარკვეულ კლასებს ასიმბოლოებენ, ლოგიკურია, რომ მათი სიკვდილიც სიმბოლურია. რას ასიმბოლოებს ანუ განასახიერებს მათი სიკვდილი?

სწორედ ამის წინ იესომ მდგომარეობების შეცვლაზე მიუთითა, როცა თქვა: „რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო; მას შემდეგ ღვთის სასუფეველი იხარება და ძალით შედის ყველა მასში“. მაშასადამე, იოანესა და იესო ქრისტეს ქადაგებით, ორივე, მდიდარიც და ლაზარეც, იხოცებიან თავიანთი ყოფილი მდგომარეობისთვის.

თავმდაბლები, რომლებსაც განასახიერებს მომნანიებელი ლაზარეს კლასი, იხოცებიან თავიანთი ყოფილი სულიერი სიღარიბის მდგომარეობისთვის და ღებულობენ ღვთიურ კეთილგანწყობილებას. მაშინ როცა ადრე ისინი რელიგიური წინამძღოლების სულიერი სუფრიდან გადმოცვენილ ნამცეცებს შეჰყურებდნენ, ახლა მათ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს ბიბლიური ჭეშმარიტებები, რომლებსაც იესო აძლევს მათ. ამგვარად, ისინი მიყვანილი არიან წიაღში, ანუ დიდი აბრაამის, იეჰოვა ღმერთის, წინაშე პრივილეგირებულ მდგომარეობამდე.

მეორე მხრივ, მათ, რომლებიც მდიდრის კლასს შეადგენენ, თავს ატყდებათ ღვთის უკმაყოფილება, რადგან ისინი ჯიუტად უარყოფდნენ ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ, რომელსაც იესო ასწავლიდა. ამგვარად, ისინი იხოცებიან მათი ყოფილი მოჩვენებით პრივილეგირებული მდგომარეობისთვის. მათ შესახებ ნათქვამია, რომ ისინი იმყოფებიან, გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ტანჯვაში. მოუსმინე, თუ რას ამბობს მდიდარი:

„მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში“. ცნობა ღვთის ცეცხლოვანი განაჩენის შესახებ, რომელსაც იესოს მოწაფეები აცხადებენ, ტანჯავს მდიდრის კლასის წარმომადგენლებს. მათი სურვილია, მოწაფეებმა შეწყვიტონ ამ ცნობის ქადაგება, რათა მათ ტანჯვა შეუმსუბუქდეთ.

„მაგრამ აბრაამმა უთხრა: ‘შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი — სიავე. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები.’ ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, ისე რომ, აქედან თქვენსკენ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ“.

რა სამართლიანი და ჯეროვანია, რომ ასეთი მკვეთრი ცვლილება ხდება ლაზარესა და მდიდრის კლასს შორის! მდგომარეობების ცვლილება მოხდება რამდენიმე თვის შემდეგ, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა ძველი რჯულის კავშირი ახლით შეიცვლება. მაშინ, უეჭველად, ნათელი გახდება, რომ ღმერთი იწონებს მოწაფეებს და არა ფარისევლებსა და სხვა რელიგიურ წინამძღოლებს. ‘დიდი უფსკრული’, რომელიც სიმბოლურ მდიდარს იესოს მოწაფეებისგან ჰყოფს, ღვთის უცვლელ, სამართლიან, განაჩენს განასახიერებს.

შემდეგ მდიდარი ‘მამა აბრაამს’ სთხოვს: „მიავლინე ეგ [ლაზარე] მამაჩემის სახლში. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს“. ამგვარად, მდიდარი აღიარებს, რომ მას ახლო ურთიერთობა აქვს სხვა მამასთან, რომელიც, სინამდვილეში, სატანა ეშმაკია. მდიდარი სთხოვს, რომ ლაზარემ შეარბილოს ცნობა ღვთის განაჩენის შესახებ, რათა მისი „ხუთი ძმა“, მისი რელიგიური მოკავშირეები, „არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას“.

„უთხრა მას აბრაამმა: ‘მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. მათ უსმინონ’“. დიახ, „ხუთი ძმა“ რომ გადაურჩეს ამ სატანჯველს, მათ უნდა გააკეთონ ყოველივე, რაც მოითხოვება მოსესა და წინასწარმეტყველთა წერილებში, სადაც იესოზე ლაპარაკია, როგორც მესიაზე, და შემდეგ გახდნენ მისი მოწაფეები. მაგრამ მდიდარი უარზეა: „არა მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ“.

მაგრამ მას ეუბნებიან: „თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ“. ღმერთი ხალხის დასარწმუნებლად არ მოახდენს განსაკუთრებულ ნიშნებსა და სასწაულებს. ღვთის კეთილგანწყობილების მისაღებად მათ უნდა იკითხონ საღვთო წერილი და მიჰყვნენ მის მითითებებს. ლუკა 16:14–31; იოანე 9:28, 29; მათე 19:3–9; გალატელთა 3:24; კოლასელთა 2:14; იოანე 8:44.

▪ რატომ უნდა იყოს სიმბოლური მდიდრისა და ლაზარეს სიკვდილი და რას ასიმბოლოებს ეს?

▪ იესოს თქმით, რა ცვლილებები ხდება იოანეს მსახურების დაწყებით?

▪ რა გაუქმდება იესოს სიკვდილის შემდეგ და როგორ იმოქმედებს ეს განქორწინების საკითხზე?

▪ ვის განასახიერებს მდიდარი იესოს იგავში და ვის — ლაზარე?

▪ რა არის მდიდრის სატანჯველი და რას ნიშნავს მისი თხოვნა მდგომარეობის შემსუბუქების შესახებ?

▪ რას ასიმბოლოებს ‘დიდი უფსკრული’?

▪ ვინ არის მდიდრის ნამდვილი მამა და ვინ — მისი ხუთი ძმა?