მემკვიდრეობის საკითხი
თავი 77
მემკვიდრეობის საკითხი
როგორც ჩანს, ხალხმა გაიგო, რომ იესო ფარისევლის სახლში სადილობს. ამიტომ გარეთ ათასობით ადამიანი გროვდება და ელოდება მის გამოსვლას. ფარისევლებისგან განსხვავებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იესოს და ცდილობენ სიტყვაში გამოიჭირონ, ხალხი აღტაცებითა და მადლიერებით უსმენს მას.
პირველად, იესო თავის მოწაფეებს მიმართავს: „მოერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც პირმოთნეობაა“. როგორც სადილობისას აჩვენა, ფარისეველთა მთელი რელიგიური სისტემა სავსეა პირმოთნეობით. თუმცა ფარისეველთა ბოროტება შეიძლება ღვთისმოსაობის გამოვლენითაა შენიღბული, ის მაინც გამოაშკარავდება. „არაფერია დაფარული, — ამბობს იესო, — რომელიც არ გაცხადდება, და იდუმალი, რომელიც არ შეიცნობა“.
იესო ისევ იმეორებს იმ გამამხნევებელ სიტყვებს, რომლებიც თავის 12 მოციქულს უთხრა გალილეაში სამქადაგებლო მოგზაურობაში გაგზავნისას. „ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს და ამის მეტის არაფრის გაკეთება არ შეუძლია“. რადგან ღმერთს არ ავიწყდება ერთი ბეღურაც კი, იესო არწმუნებს თავის მიმდევრებს, რომ ღმერთი არ დაივიწყებს მათ, და ეუბნება: „როცა შეგიყვანენ სინაგოგებში მთავართა და ხელისუფალთა წინაშე. . . სულიწმიდა გასწავლით მაშინ, რაც უნდა ილაპარაკოთ“.
ხალხიდან ერთ-ერთი კაცი იესოს მიმართავს: „მოძღვარო, — სთხოვს ის, — უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა“. მოსეს რჯულის თანახმად, პირმშო ორმაგ წილს ღებულობს მემკვიდრეობიდან, ამიტომ აქ კამათისთვის არავითარი საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ კაცს კანონიერ მემკვიდრეობაზე მეტი სურს.
იესო სწორად იქცევა, ერიდება საქმეში ჩარევას. „ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?“ — ეკითხება ის. შემდეგ ხალხს მნიშვნელოვან გაფრთხილებას აძლევს: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული“. დიახ, არა აქვს მნიშვნელობა, რა სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ადამიანი, ჩვეულებრივ, ის კვდება და ყოველივე უკან დარჩება. ამ ფაქტზე ყურადღების გასამახვილებლად და აგრეთვე ღმერთთან კარგი რეპუტაციის შექმნის შესაძლებლობის ხელიდან გაშვების უგუნურების საჩვენებლად იესო იგავს იყენებს. ის განმარტავს:
„ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. იფიქრა თავისთვის: ‘რა ვქნა, არაფერი მაბადია, რომ სადმე დავაბინავო ჩემი მოსავალი?’ თქვა: ‘აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევკრიბავ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს. ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის: მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე’. მაგრამ ღმერთმა უთხრა მას: ‘უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?’“
დასკვნაში იესო ამბობს: „ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება“. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოწაფეები არ ებმებიან სიმდიდრის დაგროვების უგუნურების მახეში, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საზრუნავს ადვილად შეეძლო მათი ჩამოცილება იეჰოვასადმი მთელი სულით მსახურებისგან. ამიტომ იესო სარგებლობს შემთხვევით და იმეორებს შესანიშნავ რჩევას, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა. ის თავის მოწაფეებს მიმართავს:
„ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის — რა ჭამოთ, ნურც თქვენი სხეულისათვის — რით შეიმოსოთ. . . დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საწყობი, და ღმერთი არჩენს მათ. . . შეხედეთ შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი“.
„თქვენც ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ. ვინაიდან ყოველივე ამას ეძიებს ამ წუთისოფლის ყველა ხალხი; თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ესენი. არამედ ეძიეთ ღვთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ“.
იესოს სიტყვების მიყოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიურად რთული მდგომარეობის დროს. პიროვნება, რომელიც ეფლობა მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვაში და სულიერ საქმეებში სუსტდება, ავლენს რწმენის ნაკლებობას, რომ ღმერთს შეუძლია თავისი მსახურების უზრუნველყოფა. ლუკა 12:1–31; მეორე რჯული 21:17.
▪ რატომ თხოულობს მამაკაცი მემკვიდრეობის შესახებ და რა შეგონებას იძლევა იესო?
▪ რომელ იგავს იყენებს იესო და რა მიზნით?
▪ რა რჩევას იმეორებს იესო და რატომ არის ის სათანადო?