არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მეორე სასწაული კანაში

მეორე სასწაული კანაში

თავი 20

მეორე სასწაული კანაში

იუდეაში სამქადაგებლო საქმიანობის შემდეგ, როცა იესო თავის მშობლიურ მხარეში ბრუნდება, ის არ ისვენებს. პირიქით, გალილეაში, სადაც ის გაიზარდა, იწყებს უფრო გაძლიერებულ მსახურებას. მაგრამ მისი მოწაფეები, მასთან დარჩენის ნაცვლად, თავიანთ ოჯახებსა და ძველ საქმიანობას უბრუნდებიან.

რომელი ცნობის ქადაგებას იწყებს იესო? „მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება“. და როგორ რეაგირებს ხალხი? გალილეველები ღებულობენ იესოს. მას ყველა პატივისცემით ეპყრობა. მაგრამ ისინი ამას აკეთებენ არა მისი ცნობის გამო, არამედ იმიტომ, რომ რამდენიმე თვის წინ პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში ყოფნისას, მრავალმა მათგანმა იხილა მის მიერ მომხდარი საოცარი ნიშნები.

იესო თავის გაძლიერებულ მსახურებას გალილეაში, როგორც ჩანს, კანაში იწყებს. ალბათ, გახსოვს, რომ ადრე, იუდეიდან დაბრუნებისას, აქ, საქორწილო ნადიმზე, მან წყალი ღვინოდ აქცია. ამ მეორე შემთხვევაში მეფე ჰეროდე ანტიპას სამეფო კარზე მსახურ აზნაურს შვილი ძალიან ცუდად ჰყავს. როცა აზნაური იგებს, რომ იესო იუდეიდან კანაში ჩავიდა, ის კაპერნაუმიდან მის მოსაძებნად მიემგზავრება. დანაღვლიანებული კაცი ევედრება:

— გთხოვ, წამოდი ჩქარა, სანამ ჩემი შვილი არ მომკვდარა.

დაბრუნდი სახლში, შენი ვაჟი გამოჯანმრთელდა! — პასუხობს იესო.

ჰეროდეს აზნაური იჯერებს და სახლში ბრუნდება. გზაში მსახურები ეგებებიან, რათა უთხრან, რომ ყველაფერი წესრიგშია — მისი ვაჟი გამოჯანმრთელდა!

— როდის გამოჯანმრთელდა? — ეკითხება ის.

— გუშინ დღის პირველ საათზე, — პასუხობენ ისინი.

აზნაური ხვდება, რომ სწორედ ამ დროს უთხრა იესომ: ‘შენი ვაჟი გამოჯანმრთელდა!’ ამის შემდეგ ის და მთელი მისი ოჯახი ქრისტეს მოწაფეები ხდებიან.

ამგვარად, იესომ თავისი კეთილგანწყობილება კანას მიმართ იმით გამოავლინა, რომ თავისი დაბრუნების აღსანიშნავად ორჯერ მოახდინა იქ სასწაული. რა თქმა უნდა, იმ დროს მას მხოლოდ ეს სასწაულები არ მოუხდენია, მაგრამ ისინი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ აღნიშნეს მისი გალილეაში დაბრუნება.

ახლა იესო სახლში, ნაზარეთში, მიემგზავრება. რა მოელის მას იქ? იოანე 4:43–54; მარკოზი 1:14, 15; ლუკა 4:14, 15.

▪ რას აკეთებენ იესოს მოწაფეები გალილეაში მისი დაბრუნებისას და როგორ ღებულობს იესოს ხალხი?

▪ რა სასწაულს ახდენს იესო და რა გავლენას ახდენს ეს მათზე, ვისაც ეს ეხება?

▪ როგორ ავლენს იესო კანას მიმართ კეთილგანწყობილებას?