არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მესამედ ისმის ღვთის ხმა

მესამედ ისმის ღვთის ხმა

თავი 104

მესამედ ისმის ღვთის ხმა

ტაძარში მყოფ იესოს ტანჯავს მისი სიკვდილის მოახლოება. რადგანაც მისი მთავარი საზრუნავია, თუ როგორ გავლენას იქონიებს ეს მამამისის რეპუტაციაზე, ის ლოცულობს: „მამაო, განადიდე სახელი შენი!“

ამაზე ზეციდან ისმის მგრგვინავი ხმა, რომელიც ამბობს: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“.

ირგვლივ მდგომი ხალხი შეცბუნებულია. „ანგელოზი ელაპარაკებოდა მას“, — ამბობს ზოგი. სხვები ამბობენ, რომ დაიქუხა. მაგრამ, სინამდვილეში, იეჰოვა ღმერთი ლაპარაკობდა! და ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა იესოსთან დაკავშირებით ღვთის ხმა გაისმა.

სამ წელიწად-ნახევრის წინ, იესოს მონათვლის დროს, იოანე ნათლისმცემელმა მოისმინა ღვთის ნათქვამი იესოს შესახებ: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“. შემდეგ, წინა პასექიდან გარკვეული ხნის მერე, იაკობმა, იოანემ და პეტრემ რომელთა წინაშეც გარდაისახა იესო, მოისმინეს ღვთის განცხადება: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!“ ახლა კი მესამედ, 10 ნისანს, იესოს სიკვდილამდე ოთხი დღით ადრე, ადამიანებს კვლავ ესმით ღვთის ხმა. მაგრამ ამჯერად იეჰოვას ხმის გაგონება ბევრს შეუძლია!

იესო განმარტავს: „ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის“. ეს იმის მტკიცებაა, რომ იესო ნამდვილად ღვთის ძეა, აღთქმული მესია. „ახლაა ამ წუთისოფლის სამსჯავრო, — განაგრძობს იესო. — ამ წუთისოფლის მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება“. იესოს მიერ ცხოვრებაში გამოვლენილი ერთგულება ადასტურებს, რომ სატანა ეშმაკი, წუთისოფლის მთავარი, იმსახურებს ‘გარეთ განდევნას’, სიკვდილით დასჯას.

იესო მიუთითებს თუ რა მოჰყვება მის მოახლოებულ სიკვდილს და ამბობს: „როცა ავმაღლდები მიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ“. მისი სიკვდილი არავითარ შემთხვევაში არ არის დამარცხება, რადგან ამით ის თავისთან მიიზიდავს სხვებს და ამგვარად, მათ შეეძლებათ, დატკბნენ მარადიული სიცოცხლით.

მაგრამ ხალხი პროტესტს აცხადებს: „რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, კაცის ძე უნდა ამაღლდესო. ვინაა ეს კაცის ძე?“

ყველა მტკიცების მიუხედავად, ღვთის საკუთარი ხმის მოსმენის ჩათვლით, უმრავლესობას არ სჯერა, რომ იესო არის ჭეშმარიტად ძე კაცისა, აღთქმული მესია. მაგრამ, როგორც უკვე ექვსი თვის წინ კარვობის დღესასწაულზე, იესო კვლავ ლაპარაკობს საკუთარ თავზე, როგორც ‘ნათელზე’, და მსმენელებს მოუწოდებს: „სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა“. ამის შემდეგ იესო მიდის და იმალება, რადგან მის სიცოცხლეს, როგორც ჩანს, საფრთხე ემუქრება.

იესოსადმი იუდეველების რწმენის ნაკლებობით სრულდება ესაიას სიტყვები, რომ ‘თვალით ვერ ხედავენ, გულით ვერ ხვდებიან, რომ არ მოიქცნენ და არ განიკურნონ’. ესაიამ იხილა იეჰოვას ზეციერი ეზოები და იეჰოვასთან მყოფი იესო თავის განკაცებამდელ დიდებაში. მაგრამ, ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, იუდეველები ჯიუტად უარყოფენ იმის მტკიცებას, რომ იესო არის აღთქმული მხსნელი.

მეორე მხრივ, მრავალ მთავართაგანს (როგორც ჩანს, იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს, სინედრიონის, წევრსაც) კი, ნამდვილად უჩნდება რწმენა იესოს მიმართ. ნიკოდემოსი და იოსებ არიმათიელი არიან ორი ამ მთავართაგანი. მაგრამ მთავრები, ყოველ შემთხვევაში ახლა, საჯაროდ არ აცხადებენ თავიანთ რწმენას, რადგან სინაგოგაში თავიანთი მდგომარეობის დაკარგვისა ეშინიათ. რამდენს კარგავენ ასეთი პიროვნებები!

იესო განაგრძობს: „ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა, და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა. . . თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვსჯი მას, რადგან წუთისოფლის განსასჯელად კი არ მოვედი, არამედ წუთისოფლის სახსნელად. . . სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განსჯის მას უკანასკნელ დღეს“.

იეჰოვა კაცობრიობისადმი სიყვარულმა აღძრა, გამოეგზავნა იესო, რათა მისი მორწმუნენი გადარჩენილიყვნენ. ადამიანების გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, დაიცავენ თუ არა იესოს ნათქვამს, რომელსაც ის ღვთის მითითებით ამბობს. სასამართლო შედგება „უკანასკნელ დღეს“, ქრისტეს ათასწლიანი მეფობის განმავლობაში.

იესო შემდეგი სიტყვებით ამთავრებს ლაპარაკს: „მე ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო. მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ“. იოანე 12:28–50; 19:38, 39; მათე 3:17; 17:5; ესაია 6:1, 8-10.

▪ რომელ სამ შემთხვევაში გაისმა ღვთის ხმა იესოსთან დაკავშირებით?

▪ როგორ იხილა ესაია წინასწარმეტყველმა იესოს დიდება?

▪ რომელ მთავრებს უჩნდებათ რწმენა იესოსადმი, მაგრამ რატომ არ აღიარებენ მას აშკარად?

▪ რა არის ‘უკანასკნელი დღე’ და რის საფუძველზე გასამართლდება მაშინ ხალხი?