არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიმტევებლობის გაკვეთილი

მიმტევებლობის გაკვეთილი

თავი 64

მიმტევებლობის გაკვეთილი

როგორც ჩანს, იესო თავის მოწაფეებთან ერთად ჯერ ისევ იმავე სახლში იმყოფება კაპერნაუმში. მას შემდეგ, რაც ელაპარაკა, თუ როგორ მოგვარდეს ძმებს შორის წამოჭრილი სიძნელეები, პეტრე ეკითხება: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდოს?“ რადგან, იუდეველთა რელიგიური წინამძღოლების თქმით, პატიება დასაშვებია სამჯერ, პეტრეს, ალბათ, დიდ სულგრძელობად მიაჩნია შეთავაზება: „შვიდჯერ?“

მაგრამ თვით ასეთი აღრიცხვის იდეა უკვე არასწორია. იესო უსწორებს პეტრეს: „მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ“. ამით ის აჩვენებს, რომ არავითარი რიცხობრივი ზღვარი არ არსებობს, თუ რამდენჯერ უნდა აპატიოს პეტრემ თავის ძმას.

მოწაფეებს რომ მიტევების აუცილებლობა ჩააგონოს, იესო მათ იგავს უყვება. ეს იგავი არის მეფეზე, რომელსაც სურს, რომ თავისმა მონებმა ანგარიში გაუსწორონ. მასთან მოჰყავთ მონა, რომელსაც დიდი ვალი, ათი ათასი ტალანტი (60 000 000 დინარი), მართებს. მას არანაირად არ შეუძლია ასეთი თანხების გადახდა. ამიტომ, როგორც იესო განმარტავს, მეფე ბრძანებს, გაყიდონ ის, მისი ცოლი და შვილები, რათა დაიბრუნოს ვალი.

— სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდი, — ბატონის წინაშე ემხობა და სთხოვს მონა.

სიბრალულით აღძრული ბატონი გულმოწყალედ პატიობს მონას უზარმაზარ ვალს. მაგრამ მალე ამის შემდეგ, — განაგრძობს იესო, — ეს მონა მიდის და პოულობს თანამონას, რომელსაც მისი მხოლოდ ასი დინარი მართებს. ყელში სწვდება მას, ახრჩობს და ეუბნება: „გადამიხადე, რაც გმართებს“.

მაგრამ თანამონას არა აქვს ფული. ამიტომ ის ეცემა მის ფეხებთან და ევედრება: „სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდი“. თავისი ბატონისგან განსხვავებით, ეს მონა შეუბრალებელია და თავის თანამონას საპყრობილეში სვამს.

იესო განაგრძობს: სხვა მონებმა, რომლებმაც დაინახეს, თუ რა მოხდა, მიდიან და ყველაფერს ბატონს უყვებიან. ბატონი რისხდება და უხმობს მონას.

— ბოროტო მონავ! — ეუბნება ის. — რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა შენ არ გეკადრებოდა, შეგეწყალებინა შენი ამხანაგი მონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?

განრისხებულმა ბატონმა შეუბრალებელი მონა გადასცა მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს არ გადაიხდიდა.

— ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს, — ამთავრებს იესო.

მიმტევებლობის რა შესანიშნავი გაკვეთილია! ცოდვის იმ დიდ ვალთან შედარებით, რომელიც ღმერთმა მოგვიტევა, ჩვენი ქრისტიანი ძმის ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც ის შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ სჩადის, მართლაც უმნიშვნელოა. გარდა ამისა, იეჰოვა ღმერთი მრავალჯერ გვპატიობს. ხშირად არც კი გვესმის, რომ ღვთის წინაშე ვცოდავთ. ამიტომ ნუთუ არ შეგვიძლია ვაპატიოთ ჩვენს ძმებს რამდენჯერმე, მაშინაც კი, როცა ჩივილის ნამდვილი მიზეზი გვაქვს? გახსოვდეს, როგორც იესო ასწავლიდა მთაზე ქადაგებისას, ღმერთი ისე ‘მოგვიტევებს ჩვენს თანანადებთ, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა’. მათე 18:21–35; 6:12; კოლასელთა 3:13.

▪ რა აღძრავს პეტრეს, იკითხოს, თუ რამდენჯერ უნდა აპატიოს თავის ძმას, და რატომ ჰგონია მას, რომ თავისი წინადადება შვიდჯერ პატიების შესახებ დიდსულოვნებაა?

▪ როგორ რეაგირებს ბატონი თავისი მონის თხოვნაზე, შეეწყალებინა, მაგრამ მისგან განსხვავებით, როგორ რეაგირებს ეს მონა თანამონის თხოვნაზე?

▪ რას ვსწავლობთ იესოს იგავიდან?