მკვლელობა დაბადების დღის ზეიმზე
თავი 51
მკვლელობა დაბადების დღის ზეიმზე
მოციქულების შეგონების შემდეგ იესო მათ ორ-ორად აგზავნის საქადაგებლად. ალბათ, ძმები, პეტრე და ანდრია, ერთად მიდიან, აგრეთვე იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე, იაკობი და თადეოზი, სიმონი და იუდა ისკარიოტელი. ეს ექვსი მახარებელი წყვილი ამცნობს კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ და ახდენს სასწაულებრივ განკურნებებს ყველგან, სადაც კი მიდის.
ამ დროს იოანე ნათლისმცემელი ჯერაც ციხეშია. თითქმის ორი წელია, რაც ის იქ იმყოფება. შეიძლება გახსოვს იოანეს საჯაროდ განცხადება ჰეროდე ანტიპას არასწორი მოქმედების შესახებ, რომ ცოლად შეირთო ჰეროდია, თავისი ძმის, ფილიპეს, ცოლი. რადგან ჰეროდე ანტიპა ამბობდა, რომ მოსეს რჯულს იცავდა, იოანემ მართებულად ამხილა მისი უკანონო კავშირი. ამიტომ ჰეროდემ, შესაძლოა, ჰეროდიას წაქეზებით ჩასვა იოანე ციხეში.
ჰეროდე ანტიპამ იცის, რომ იოანე მართალი კაცია, და სიამოვნებითაც უსმენს მას. ამიტომ ის გაუგებრობაშია, ვინაიდან არ იცის, რა უყოს მას. მეორე მხრივ, ჰეროდიას სძულს იოანე და ეძებს მისი მოკვლის შესაძლებლობას. ბოლოს და ბოლოს, მას ეძლევა ნანატრი შესაძლებლობა.
ახ. წ. 32 წლის პასექამდე ცოტა ხნით ადრე, ჰეროდე თავის დაბადების დღესთან დაკავშირებით აწყობს დიდ ნადიმს. წვეულებას ესწრებიან მთავრები და ათასისთავები, აგრეთვე გალილეველი აზნაურები. ქეიფის დროს სალომე, ჰეროდიას ქალიშვილი, რომელიც ყოფილი ქმრის ფილიპესგან ჰყავს, სტუმრების წინაშე გამოდის საცეკვაოდ. მამაკაც მაყურებელს ხიბლავს მისი ხელოვნება.
სალომემ ძალიან ასიამოვნა ჰეროდეს. „რაც გნებავს, მთხოვე და მოგცემ“, — აცხადებს ის. ის ფიცსაც კი დებს: „რაც გინდა მთხოვო, მოგცემ ჩემს ნახევარ სამეფოსაც კი“.
პასუხის გაცემამდე სალომე რჩევისთვის დედას მიმართავს და ეკითხება: „რა ვთხოვო?“
როგორც იქნა, იქმნება შესაძლებლობა! „იოანე ნათლისმცემლის თავი“, — დაუყოვნებლივ პასუხობს ჰეროდია.
სალომე მყისვე ჰეროდესთან ბრუნდება და სთხოვს: „მსურს ახლავე ლანგრით მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი“.
ჰეროდე ძალიან შეწუხდა. მაგრამ, რადგან სტუმრებმა მოისმინეს მისი ფიცი, ეუხერხულება, არ შეუსრულოს ეს სურვილი, თუმცა ეს უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს ნიშნავს. ჯალათი, რომელსაც შემზარავი დავალება მიეცა, მაშინვე ციხისკენ მიემართება. მალე ის ბრუნდება ლანგრით ხელში, რომელზეც იოანეს თავია და აძლევს სალომეს. მას კი დედამისთან მიაქვს. როცა იოანეს მოწაფეები გებულობენ მომხდარის შესახებ, მიდიან, მიაქვთ მისი სხეული და მარხავენ. შემდეგ კი მომხდარის შესახებ იესოს ატყობინებენ.
მოგვიანებით, როცა ჰეროდე გებულობს იესოს მიერ ხალხის განკურნებისა და მათგან დემონების განდევნის შესახებ, მას შიში იპყრობს, ვინაიდან ჰგონია, რომ იესო, სინამდვილეში, მკვდრეთით აღმდგარი იოანეა. ამის გამო, მას იესოს ნახვის დიდი სურვილი აქვს, არა იმიტომ, რომ მისი ქადაგება მოისმინოს, არამედ იმის შესამოწმებლად, საფუძვლიანია თუ არა მისი შიში. მათე 10:1–5; 11:1; 14:1–12; მარკოზი 6:14–29; ლუკა 9:7–9.
▪ რატომ ზის იოანე ციხეში და რატომ არ უნდა ჰეროდეს მისი მოკვლა?
▪ ბოლოს და ბოლოს, როგორ ეძლევა ჰეროდიას იოანეს მოკვლის შესაძლებლობა?
▪ რატომ უნდა ჰეროდეს იესოს ნახვა იოანეს სიკვდილის შემდეგ?