არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოციქულების ამორჩევა

მოციქულების ამორჩევა

თავი 34

მოციქულების ამორჩევა

დაახლოებით წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც იოანე ნათლისმცემელმა იესო წარადგინა, როგორც ღვთის კრავი, და რაც იესომ საჯარო მსახურება დაიწყო. ამ დროისთვის ანდრია, სიმონ-პეტრე, იოანე და, შესაძლოა, იაკობიც (იოანეს ძმა), აგრეთვე ფილიპე და ნათანაელი (ბართლომეც ეწოდება) მისი პირველი მოწაფეები ხდებიან. დროთა განმავლობაში ქრისტეს მიმდევრობაში მრავალი სხვაც შეუერთდა მათ.

ახლა იესო მზად არის, ამოირჩიოს თავისი მოციქულები. ესენი იქნებიან მისი ახლო თანამშრომლები, რომლებიც განსაკუთრებულ მომზადებას გაივლიან. მაგრამ მათ ამორჩევამდე იესო მთაზე ადის და მთელ ღამეს ლოცვაში ატარებს, შესაძლოა, ღმერთს სიბრძნესა და კურთხევას სთხოვს. განთიადისას ის უხმობს თავის მოწაფეებს და მათგან 12-ს ირჩევს. მაგრამ მის მოსწავლეებად ყოფნის პერიოდში მათ ჯერ კიდევ მოწაფეები ეწოდებათ.

იესოს მიერ ამორჩეულ 12-ში შედის ზემოხსენებული ის ექვსი პიროვნება, რომლებიც მისი პირველი მოწაფეები გახდნენ. მათეც, რომელსაც იესომ საბაჟოდან მოუხმო, ამორჩეულებს შორისაა. დანარჩენი ხუთნი არიან: იუდა (თადეოზი), იუდა ისკარიოტელი, სიმონ კანანელი, თომა და იაკობ ალფესი. მას იაკობ მცირეც ეწოდება, შესაძლოა, იმიტომ, რომ ის მეორე მოციქულ იაკობზე ფიზიკურად უფრო პატარა ან უმცროსია.

ეს 12 გარკვეული ხნის განმავლობაში იესოსთან იყვნენ და ის კარგად იცნობს მათ. ფაქტიურად, მრავალი მათგანი მისი ნათესავია. იაკობი და მისი ძმა იოანე, როგორც ჩანს, იესოს დეიდაშვილები არიან. და, შესაძლოა, ალფე იყო იოსების, იესოს მამობილის, ძმა. ასე რომ, ალფეს ვაჟი, მოციქული იაკობი, იესოს ბიძაშვილია.

იესოს, რასაკვირველია, არ გასჭირვებია თავისი მოციქულების სახელების დამახსოვრება. მაგრამ შენ თუ გახსოვს ისინი? დაიმახსოვრე, რომ ორ მათგანს ჰქვია სიმონი, ორს — იაკობი და ორს — იუდა, სიმონის ძმაა ანდრია, იაკობის ძმა — იოანე. ეს არის რვა მოციქულის სახელის დამახსოვრების გასაღები. დანარჩენი ოთხნი არიან: მებაჟე (მათე), პიროვნება, რომელსაც მოგვიანებით ეჭვი შეეპარა (თომა), ერთ-ერთს დაუძახეს, როცა ხის ძირას იჯდა (ნათანაელი) და მისი მეგობარი ფილიპე.

მოციქულებიდან 11 გალილეიდან, იესოს მშობლიური მხარიდან, არის. ნათანაელი კი კანელია. ფილიპე, პეტრე და ანდრია წარმოშობით ბეთსაიდელები არიან, მაგრამ მოგვიანებით პეტრე და ანდრია კაპერნაუმში გადავიდნენ, სადაც, როგორც ჩანს, მათე ცხოვრობდა. იაკობი და იოანე მეთევზეები იყვნენ და, ალბათ, კაპერნაუმში ან მის მახლობლად ცხოვრობდნენ. როგოც ჩანს, მხოლოდ მოციქული იუდა ისკარიოტელი, რომელმაც მოგვიანებით იესო გასცა, არის იუდეიდან. მარკოზი 3:13–19; ლუკა 6:12–16.

▪ რომელი მოციქულები შეიძლება ყოფილიყვნენ იესოს ნათესავები?

▪ ვინ არიან იესოს მოციქულები და როგორ შეგიძლია მათი სახელების დამახსოვრება?

▪ რომელი მხარეებიდან იყვნენ მოციქულები?