არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოწაფეების დავა იესოს სიკვდილის მოახლოების წინ

მოწაფეების დავა იესოს სიკვდილის მოახლოების წინ

თავი 98

მოწაფეების დავა იესოს სიკვდილის მოახლოების წინ

იესო და მისი მოწაფეები იმყოფებიან მდინარე იორდანეს მახლობლად, რომელიც მათ უნდა გადალახონ პერეადან იუდეაში მისასვლელად. ბევრი სხვა ვინმეც მიემგზავრება მათთან ერთად ახ. წ. 33 წლის პასექზე დასასწრებად, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის შემდეგაა.

იესო თავისი მოწაფეების წინ მიდის და მათ აოცებთ მისი გაბედულება. გაიხსენე, რომ რამდენიმე კვირის წინ, როცა ლაზარე მოკვდა და იესო პერეადან იუდეაში აპირებდა წასვლას, თომა მოუწოდებდა სხვებს: „ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ“. აგრეთვე გაიხსენე, რომ იესოს მიერ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, სინედრიონი იესოს მოკვლის გეგმებს აწყობდა. გასაკვირი არ არის, რომ კვლავ იუდეაში მისვლისას იესოს მოწაფეებს შიში იპყრობს.

მოწაფეები რომ მოემზადებინა იმისთვის, რაც უნდა მომხდარიყო, იესოს ცალკე გაჰყავს თორმეტი და ეუბნება: „აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და გადასცემენ წარმართებს; შებღალავენ მას, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება“.

ეს უკვე მესამედ ეუბნება ამ ბოლო თვეების განმავლობაში იესო მოწაფეებს თავისი სიკვდილისა და აღდგენის შესახებ. და, თუმცა ისინი უსმენენ, ვერ ხვდებიან მის ნათქვამს. როგორც ჩანს, მათ სწამთ, რომ დედამიწაზე ისრაელის სამეფო აღდგება, და ისინი შეჰხარიან იმედს, რომ ქრისტესთან ერთად ექნებათ დიდება და პატივი მიწიერ სამეფოში.

პასექის დღესასწაულზე მიმავალთა შორის იმყოფება მოციქულების, იაკობისა და იოანეს, დედა, სალომე. იესო ამ მამაკაცებს „ქუხილის ძეებს“ უწოდებს; ეჭვგარეშეა, მათი ფიცხი ხასიათის გამო. დიდი ხანია ეს ორი ატარებს პატივმოყვარულ აზრს, რომ ქრისტეს სამეფოში გამოჩენილი მდგომარეობა დაიკავონ და თავიანთ სურვილს დედას უმხელენ. შვილების სასარგებლოდ, ის მიდის იესოსთან, თაყვანს სცემს და კეთილგანწყობილებას სთხოვს.

— რა გინდა? — ეკითხება იესო.

— რომ ეს ჩემი ორი ძე დაჯდეს ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ შენს სასუფეველში, — პასუხობს ის.

იესოს ესმის, თუ ვისგანაა ეს თხოვნა და იაკობსა და იოანეს ეუბნება:

— არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვამ?

— შეგვიძლია, — პასუხობენ ისინი.

მიუხედავად იმისა, რომ იესო ახლახან ელაპარაკა, რომ მას საშინლად განდევნიდნენ და საბოლოოდ სიკვდილით დასჯიდნენ, როგორც ჩანს, ისინი ვერ მიხვდნენ, რომ სწორედ ამას გულისხმობდა ‘სასმისში’, რომელიც უნდა შეესვა.

მიუხედავად ამისა, იესო ეუბნება მათ: „ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ“.

გარკვეული დროის შემდეგ ათი მოციქული გებულობს, თუ რას ითხოვდნენ იაკობი და იოანე, და ბრაზდებიან. შეიძლება იაკობი და იოანე ადრეც გამოირჩეოდნენ მოციქულებს შორის დავაში, თუ ვინ იყო მათში უდიდესი. მათი ახლანდელი თხოვნა აჩვენებს, რომ მათ არ მიიღეს იესოს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით მიცემული რჩევა. სამწუხაროდ, მათი სურვილი, იყვნენ გამორჩეულები, ჯერაც ძალიან ძლიერია.

ამიტომ ამ უკანასკნელი უთანხმოებისა და მის მიერ გამოწვეული მტრული განწყობილების მოსასპობად იესო უხმობს თორმეტივეს. სიყვარულით არიგებს მათ და ეუბნება: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ხელმწიფებას იყენებენ მათზე, მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენ შორის სურს დიდი იყოს, ის თქვენი მსახური იყოს. ვისაც თქვენს შორის სურს პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს“.

იესო მათ მაგალითს უტოვებს, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, უნდა მიბაძონ: „ისევე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად“. იესო არა მარტო ემსახურება სხვებს, არამედ მზად არის მოკვდეს მთელი კაცობრიობისთვის! მოწაფეებს ქრისტეს მსგავსი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ, რომ თვითონ მოემსახურონ და არა მათ ემსახურონ და იყვნენ უფრო მცირენი, ვიდრე განსაკუთრებული მდგომარეობის მქონენი. მათე 20:17–28; მარკოზი 3:17; 9:33–37; 10:32–45; ლუკა 18:31–34; იოანე 11:16.

▪ რატომ იპყრობს მოწაფეებს შიში?

▪ როგორ ამზადებს იესო მოწაფეებს მომავალი მოვლენებისთვის?

▪ რას სთხოვენ იესოს და როგორ მოქმედებს ეს სხვა მოციქულებზე?

▪ როგორ უდგება იესო თავის მოწაფეებს შორის არსებულ პრობლემას?