არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოწაფეობის პასუხისმგებლობა

მოწაფეობის პასუხისმგებლობა

თავი 84

მოწაფეობის პასუხისმგებლობა

ცნობილი ფარისევლის სახლიდან წამოსვლის შემდეგ, რომელიც, როგორც ჩანს, სინედრიონის წევრია, იესო იერუსალიმისკენ განაგრძობს გზას. მას უამრავი ხალხი მიჰყვება. მაგრამ რა ამოძრავებს მათ? სინამდვილეში, რას მოიცავს მის ჭეშმარიტ მიმდევრად ყოფნა?

გზაში იესო ხალხს მიმართავს და შეიძლება მათ შეცბუნებას იწვევს, როცა ეუბნება: „თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე“.

რა აქვს იესოს მხედველობაში? ის აქ არ ამბობს, რომ მის მიმდევრებს, პირდაპირი გაგებით, უნდა სძულდეთ თავიანთი ნათესავები. უფრო სწორად, მათ იესოზე ნაკლებად უნდა უყვარდეთ ისინი. იესოს წინაპარ იაკობზე ნათქვამია, რომ ‘სძულდა’ ლეა და უყვარდა რახელი, რაც ნიშნავს, რომ ლეა უფრო ნაკლებად უყვარდა, ვიდრე მისი და რახელი.

ყურადღება მიაქციე იესოს შემდეგ ნათქვამსაც, რომ მოწაფეებს ‘საკუთარი სულიც’ ანუ სიცოცხლეც უნდა სძულებოდათ. და კვლავ, იესო აქ გულისხმობს, რომ მის ჭეშმარიტ მოწაფეებს იესო საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უნდა უყვარდეთ. ამით იესო ხაზს უსვამს, რომ მის მოწაფედ გახდომა სერიოზული პასუხისმგებლობაა. ეს ნაბიჯი გულმოდგინედ აწონ-დაწონის შედეგად უნდა გადაიდგას.

იესო განაგრძობს და ამბობს, რომ მისი მოწაფეობა მოიცავს სიძნელეებსა და დევნას: „ვინც არ აიღებს თავის ჯვარს [წამების ძელს] და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე“. ამგვარად, ჭეშმარიტმა მოწაფემ მზადყოფნით უნდა იტვირთოს იგივე სამარცხვინო ტვირთი, რაც იესომ იტვირთა, რომელშიც, აუცილებლობის შემთხვევაში, ღვთის მტრების ხელით სიკვდილიც კი შედის, რაც მალე იესოს მოელის.

გარდა ამისა, იესოს მოწაფეობის საკითხი მისმა მიმდევარმა უამრავმა ხალხმა დიდი გულმოდგინებით უნდა გააანალიზოს. იესო ამას ხაზს უსვამს იგავით. ის ამბობს: „რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ გამოთვლის იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო? რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს, და იტყვის: ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო“.

ამგვარად იესო მის მიმდევარ ხალხს თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ მის მოწაფედ გახდომამდე უნდა დარწმუნდნენ, რომ შეუძლიათ იმ ყველაფრის შესრულება, რაც ამაში შედის, კოშკის აშენების მსურველი მამაკაცის მსგავსად, რომელიც მშენებლობის დაწყებამდე რწმუნდება, რომ საკმარისი სახსრები აქვს მის დასასრულებლად. იესო განაგრძობს და ყვება კიდევ ერთ იგავს:

„ანდა, რომელი მეფეა, რომ მეორე მეფის წინააღმდეგ ომის განმზრახველი ჯერ სათათბიროდ არ დაჯდეს, შეუძლია თუ არა ათი ათასით დაუხვდეს ოცი ათას მომხვდურს? თუ არა და, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის იგი, ელჩობას მიუგზავნის, და ზავსა სთხოვს“.

შემდეგ იესო ყურადღებას ამახვილებს თავისი იგავების მნიშვნელოვან პუნქტზე: „ასევეა ყოველი თქვენგანი. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც გააჩნია, ვერ შეძლებს, ჩემ მოწაფედ ყოფნას“. ეს ნიშნავს, რომ მისი მიმდევარი ხალხი და, დიახ, ყველა, ვინც ღებულობს მის დასწავლებას, მზად უნდა იყოს ამის გასაკეთებლად. თუ მათ სურთ მისი მოწაფეობა, მზადყოფნით უნდა გასწირონ ყველაფერი, რაც აქვთ — მთელი თავიანთი საკუთრება, სიცოცხლის ჩათვლით. მზად ხარ თუ არა ამის გასაკეთებლად?

„მარილი კარგია“, — განაგრძობს იესო. მთაზე ქადაგებისას იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ისინი არიან „მარილი მიწისა“, რაც ნიშნავს, რომ მათ დამცავი გავლენა აქვთ ადამიანებზე, ისევე როგორც ჩვეულებრივი მარილი არის დამცავი. „მაგრამ, თუ მარილი განქარდა რიღათი დამარილდეს? არც მიწისათვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, — ასკვნის იესო, — ამიტომ შორს გადაყრიან. ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს!“

ამგვარად, იესო ცხადყოფს, რომ ისინიც კი, რომლებიც უკვე გარკვეული დროა, რაც მისი მოწაფეები არიან, არ უნდა მოდუნდნენ და განაგრძონ თავიანთი გადაწყვეტილების შესრულება. თუ ისინი ასე არ იქცევიან, უსარგებლო, ამ ქვეყნიერებისთვის დასაცინი, ღვთისთვის უვარგისები და სამარცხვინოები გახდებიან. მაშასადმე, უვარგისი, ძალადაკარგული მარილის მსგავსად მათ გარეთ გადაყრიან, დიახ, გაანადგურებენ. ლუკა 14:25–35; დაბადება 29:30–33; მათე 5:13.

▪ რას ნიშნავს, ‘გძულდეს’ ნათესავები და საკუთარი თავი?

▪ რომელი ორი იგავი მოჰყავს იესოს და რას ნიშნავს ისინი?

▪ რა არის მარილის შესახებ იესოს დასკვნითი სიტყვების არსი?