მრავალი მოწაფე წყვეტს იესოს მიმდევრობას
თავი 55
მრავალი მოწაფე წყვეტს იესოს მიმდევრობას
იესო კაპერნაუმის სინაგოგაში ასწავლის თავისი როლის, როგორც ზეციდან ჭეშმარიტი პურის, შესახებ. როგორც ჩანს, ის განაგრძობს გალილეის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან დაბრუნებულ ხალხთან საუბარს, რომლებმაც იესო იპოვეს მას შემდეგ, რაც ისინი სასწაულით მიღებული პურითა და თევზით დააპურა.
იესო განაგრძობს: „პური, რომელსაც გავცემ, ხორცია ჩემი, რომელსაც წუთისოფლის სიცოცხლისათვის გავცემ“. ზუსტად ორი წლის წინ, ახ. წ. 30 წლის გაზაფხულზე, იესომ ნიკოდემოსს უთხრა, რომ ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მხსნელად თავისი ძე გამოგზავნა. ამგვარად, იესო აჩვენებს, რომ ყველას, ვინც სიმბოლურად ჭამს მის ხორცს, ესე იგი რწმენას ავლენს იმ მსხვერპლისადმი, რომელსაც ის მალე გაიღებს, შეუძლია მიიღოს მარადიული სიცოცხლე.
მაგრამ იესოს ეს სიტყვები ხალხს აბრკოლებს. „როგორ შეუძლია, თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად?“ — კითხულობენ ისინი. იესოს სურს, მისმა მსმენელებმა გაიგონ, რომ მისი ხორცის ჭამა გადატანითი მნიშვნელობით მოხდება. ამიტომ ამაზე ყურადღების გასამახვილებლად ის ამბობს უფრო მეტი წინააღმდეგობის გამომწვევ რამეს, თუ ეს პირდაპირი მნიშვნელობით იქნება გაგებული.
„თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს, — აცხადებს იესო, — და არ შესვამთ სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტი სასმელი. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება, და მე — მასში“.
ნამდვილად, იესოს სწავლება უაღრესად დასაძრახი იქნებოდა, თუ ის კანიბალიზმისკენ მოუწოდებდა. მაგრამ იესო, რასაკვირველია, არ არის პირდაპირი მნიშვნელობით ხორცის ჭამისა და სისხლის სმის მომხრე. ის, უბრალოდ, ხაზს უსვამს, რომ, ვისაც მარადიული სიცოცხლის მიღება სურს, უნდა ავლენდეს რწმენას იმ გამომსყიდველური მსხვერპლისადმი, რომელსაც ის იღებს თავისი სრულყოფილი სხეულის შეწირვითა და სიცოცხლისმხსნელი სისხლის დაღვრით. მაგრამ მრავალი მისი მოწაფე არ ცდილობს მისი სწავლების გაგებას და ასეთი სიტყვებით უარყოფს: „მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია მისი მოსმენა?“
რადგან იცის, რომ მრავალი მისი მოწაფე დრტვინავს, იესო ამბობს: „ეს გაცდუნებთ თქვენ? თუ კი იხილავთ კაცის ძეს იქ აღმავალს, სადაც წინათ იყო? . . სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე. მაგრამ თქვენს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ“.
იესო განაგრძობს: „ამიტომ გეუბნებოდით, რომ ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული“. ამის შემდეგ მრავალი მოწაფე ტოვებს მას და აღარ მიჰყვება. ამიტომ იესო თავისი 12 მოციქულისკენ ბრუნდება და ეკითხება:
— თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?
— უფალო, ვიღასთან წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა, — პასუხობს პეტრე.
ურყევი ერთგულების რა შესანიშნავი გამოვლენაა, მიუხედავად იმისა, რომ პეტრესა და სხვა მოციქულებსაც, შეიძლება, სრულად არ ესმოდათ იესოს სწავლების ეს საკითხი!
თუმცა პეტრეს პასუხით ნასიამოვნებია, იესო აღნიშნავს: „თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკია“. ამას იუდა ისკარიოტელზე ამბობს. შეიძლება, იესო იუდაში არასწორი კურსის საწყისს ამჩნევს.
იესომ ახლახან იმედი გაუცრუა ხალხს, რადგან წინააღუდგა მათ მცდელობას, გაემეფებინათ ის და ისინი, შესაძლოა, ფიქრობენ: ‘როგორ შეიძლება ეს მესია იყოს, როცა მესიის კანონიერ მდგომარეობას არ იკავებს?’ ალბათ, ესეც გაიელვებდა ხალხის გონებაში. იოანე 6:51–71; 3:16.
▪ ვისთვის გასცემს იესო თავის ხორცს და როგორ ‘ჭამენ მის ხორცს’ ისინი?
▪ იესოს რომელი შემდეგი სიტყვები აოგნებს ხალხს, მაგრამ რას უსვამს ის ამით ხაზს?
▪ როგორია პეტრეს პასუხი, როცა მრავალი წყვეტს იესოს მიმდევრობას?