არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მცირე რწმენა ჰქონდა იოანეს?

მცირე რწმენა ჰქონდა იოანეს?

თავი 38

მცირე რწმენა ჰქონდა იოანეს?

იოანე ნათლისმცემელს, რომელიც უკვე ერთი წელია ციხეშია, ატყობინებენ ნაინელი ქვრივის ვაჟის მკვდრეთით აღდგენის შესახებ. მაგრამ იოანეს სურს, უშუალოდ იესოსგან მოისმინოს ამის მნიშვნელობა და ამიტომ გზავნის თავის ორ მოწაფეს, რათა ჰკითხონ: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“

ეს კითხვა შეიძლება უცნაური ჩანდეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იოანემ დაახლოებით ორი წლის წინ, იესოს მონათვლისას, დაინახა იესოზე გადმომავალი ღვთის სული და მოისმინა ხმა, რომელშიც ღვთის მოწონება იყო გამოხატული. იოანეს კითხვიდან ზოგიერთმა შეიძლება დაასკვნას, რომ მისი რწმენა დასუსტდა. მაგრამ ეს ასე არ არის. იესო ასე კეთილგანწყობილებით არ ილაპარაკებდა მასზე იმ შემთხვევაში, იოანე რომ დაეჭვებულიყო. მაშ, რატომ სვამს ის ამ კითხვას?

იოანეს შეიძლება უბრალოდ სურს, იესომ დაუდასტუროს, რომ ის არის მესია. ეს ძალიან გამამხნევებელი იქნებოდა ციხეში მჯდომი დატანჯული იოანესთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, იოანეს კითხვა უფრო მეტს მოიცავს. ალბათ, მას სურს, იცოდეს, მოვა თუ არა კიდევ სხვა ვინმე, ასე ვთქვათ, შემცვლელი, რომელიც ბოლომდე შეასრულებს ყოველივე იმას, რაც, წინასწარმეტყველების თანახმად, მესიას უნდა შეესრულებინა.

იოანესთვის ნაცნობი ბიბლიური წინასწარმეტყველებების თანახმად, ღვთის ცხებული პიროვნება მეფე, მხსნელი უნდა იყოს. უკვე მრავალი თვეა გასული იესოს ნათლობიდან, მაგრამ ის ჯერაც ციხეშია. ამიტომ იოანეს კითხვაში, ალბათ, ეს დევს: ‘ნამდვილად შენ დაამყარებ ღვთის სამეფოს ხილული ძალით, თუ ვინმე სხვა, შენი შემცვლელი მოდის, რომლისგანაც უნდა ველოდეთ მესიის დიდების შესახებ ყველა შესანიშნავი წინასწარმეტყველების შესრულებას?’

იმის ნაცვლად, რომ იოანეს მოწაფეებს უთხრას: ‘რასაკვირველია, მე ვარ ის, ვინც უნდა მოვიდეს!’ — იესო მაშინვე განსაკუთრებულ ნიშნებს იძლევა მრავალი ადამიანის ყოველგვარი უძლურებისა და დაავადებისგან განკურნებით. შემდეგ მოწაფეებს ეუბნება: „წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იოანეს სიტყვებში იგულისხმება იმის მოლოდინი, რომ იესო იმაზე მეტს გააკეთებს, რასაც ახლა აკეთებს, შესაძლოა, ის ციხიდან გათავისუფლებასაც მოელის მისგან. მაგრამ იესო ეუბნება, რომ არ ჰქონდეს იმ სასწაულებზე მეტის მოლოდინი, რაც უკვე გააკეთა.

იოანეს მოწაფეების წასვლის შემდეგ იესო შეკრებილი ხალხისკენ ბრუნდება და ეუბნება, რომ იოანე არის მალაქიას 3:1-ში ნაწინასწარმეტყველები იეჰოვას ‘ანგელოზი’, ანუ მაცნე, და აგრეთვე წინასწარმეტყველი ელია, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია მალაქიას 3:23, 24-ში. ამგვარად, ის ხოტბას ასხამს იოანეს და მას მანამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველთა გვერდით აყენებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი; მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება“.

იესო აქ აჩვენებს, რომ იოანე არ იქნება ზეციერ სამეფოში, ვინაიდან იქ მყოფთაგან უმცირესიც კი მასზე დიდია. იოანემ გზა მოუმზადა იესოს, მაგრამ ის კვდება მანამ, სანამ იესო კავშირს ანუ ხელშეკრულებას დებს თავის მოწაფეებთან, რათა მასთან ერთად იმმართველონ მის სამეფოში. ამიტომ თქვა იესომ, რომ იოანე არ იქნება ზეციერ სამეფოში. ნაცვლად ამისა, ის იქნება ღვთის სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომი. ლუკა 7:18–30; მათე 11:2-15.

▪ რატომ კითხულობს იოანე, არის თუ არა იესო ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვა ვინმეს უნდა დალოდებოდნენ?

▪ რომელი წინასწარმეტყველებები მოჰყავს იესოს, რომლებიც იოანეზე შესრულდა?

▪ რატომ არ იქნება იოანე იესოსთან ზეცაში?