ოდესმე წარმოთქმულთაგან ყველაზე ცნობილი ქადაგება
თავი 35
ოდესმე წარმოთქმულთაგან ყველაზე ცნობილი ქადაგება
ჩვენს წინაშეა ბიბლიური ისტორიიდან ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მოვლენა: იესო ზის მთის ფერდობზე და წარმოთქვამს თავის ცნობილ ქადაგებას. ეს ადგილი გალილეის ზღვის მახლობლად მდებარეობს, შესაძლოა კაპერნაუმთან ახლოს. მთელი ღამის ლოცვაში გატარების შემდეგ იესომ თავისი 12 მოწაფე მოციქულებად ამოირჩია. შემდეგ ის ყველა მათგანთან ერთად მთის ვაკე ადგილზე ეშვება.
შეიძლება გეფიქრა, რომ იესო ახლა ძალიან დაღლილია და ეძინება. მაგრამ უამრავი ხალხი მოდის, რომელთაგან ზოგიერთები იუდეიდან და იერუსალიმიდან დაახლოებით 100—110 კილომეტრის სიშორიდან ჩამოვიდნენ. სხვები მოვიდნენ ჩრდილოეთით მდებარე ზღვისპირა ადგილებიდან: ტვიროსიდან და სიდონიდან. ისინი მოვიდნენ იესოს მოსასმენად და დაავადებებისგან განსაკურნავად. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც დემონები, სატანის ბოროტი ანგელოზები, ტანჯავენ.
იესოს ჩამოსვლისთანავე ავადმყოფები ახლოს მიდიან მასთან, რათა შეეხონ და ისიც ყველას კურნავს. ამის შემდეგ იესო, როგორც ჩანს, მთის შემაღლებულ ადგილზე ადის. ჯდება და იწყებს მის წინ ვაკეზე თავმოყრილი უამრავი ხალხის სწავლებას. მხოლოდ დაფიქრდი! ახლა აქ მყოფი ხალხიდან აღარავინ იტანჯება სერიოზული უძლურებით!
ხალხს სწყურია, მოუსმინოს მოძღვარს, რომელსაც შეუძლია ამ განსაცვიფრებელი სასწაულების მოხდენა. მაგრამ იესოს ქადაგება უმთავრესად გამიზნულია თავისი მოწაფეების სასარგებლოდ, რომლებმაც, ალბათ, მის გარშემო მოიყარეს თავი. მაგრამ ჩვენც რომ გვესარგებლა ამით, მათემ და ლუკამ მოგვაწოდეს ცნობები ამ ქადაგების შესახებ.
მათეს ცნობა ქადაგების შესახებ ოთხჯერ დიდია, ვიდრე ლუკასი. გარდა ამისა, მათეს ამ ცნობის ნაწილს ლუკა წარმოგვიდგენს, როგორც იესოს ნათქვამს მისი მსახურების სხვა დროის განმავლობაში, რაც შეგვიძლია დავინახოთ მათეს 6:9–13-ის ლუკას 11:1–4-თან და მათეს 6:25–34-ის ლუკას 12:22–31-თან შედარებით. მაგრამ ამან არ უნდა გაგვაოცოს. ცხადია, იესო ერთსა და იმავე აზრს არაერთხელ ასწავლიდა და ლუკამ არჩია, ამ სწავლებებიდან ზოგიერთი სხვა სიტუაციებთან დაკავშირებით მოეყვანა.
იესოს ქადაგებას ასეთ ფასს მხოლოდ მისი ღრმა სულიერი შინაარსი კი არ აძლევს, არამედ ამ ჭეშმარიტებების მარტივად და გასაგებად გადმოცემა. მას მოჰყავს ჩვეულებრივი მაგალითები და იყენებს ადამიანებისთვის ცნობილ საგნებს, რაც მის აზრებს უფრო ადვილად გასაგებს ხდის მათთვის, ვინც უკეთეს, ღვთისმოსაწონ, ცხოვრებას ეძებს.
ვინ არის ჭეშმარიტად ბედნიერი?
ყველას სურს, იყოს ბედნიერი. იესოს ესმის ეს და მთაზე ქადაგებას იწყებს მათი აღწერით, ვინც ჭეშმარიტად ბედნიერია. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს მაშინვე მრავალრიცხოვანი მსმენელის ყურადღებას იპყრობს. მაგრამ მრავალს მისი შესავალი სიტყვები ურთიერთსაწინააღმდეგოდ ეჩვენება.
იესო თავის მოწაფეებს მიმართავს და იწყებს: „ნეტარნი ხართ გლახაკნი, ვინაიდან თქვენია ღვთის სასუფეველი. ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, ვინაიდან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, ვინაიდან გაიცინებთ. ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები. . . იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში“.
ასეთია იესოს ქადაგების შესავალი ლუკას ცნობაში. მაგრამ მათეს ცნობის თანახმად, იესომ აგრეთვე თქვა, რომ თვინიერნი, მოწყალენი, გულით სუფთანი და მშვიდობის მყოფელნი არიან ბედნიერნი. იესო იუწყება, რომ ისინი ბედნიერები არიან, ვინაიდან დაიმკვიდრებენ დედამიწას, შეწყალებულ იქნებიან, ღმერთს იხილავენ და ღვთის ძეები დაერქმევათ.
მაგრამ იესო ბედნიერებაში, უბრალოდ, მხიარულებას არ გულისხმობს, როგორც მაგალითად, გართობისას. ჭეშმარიტი ბედნიერება უფრო ღრმაა; ის არის კმაყოფილების განცდა, ცხოვრებაში მიღწეულით კმაყოფილება.
ამგვარად, იესო ცხადყოფს, რომ ჭეშმარიტად ბედნიერია ის, ვინც აღიარებს თავის სულიერ მოთხოვნილებებს, წუხს თავის ცოდვილ მდგომარეობაზე, ეცნობა ღმერთს და ემსახურება მას. შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს სძულთ და დევნიან ღვთის ნების შესრულებისთვის, ისინი ბედნიერები არიან, ვინაიდან იციან, რომ ღვთისმოსაწონად იქცევიან და ჯილდოდ მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს.
მაგრამ იესოს მრავალ მსმენელს, ზოგიერთი თანამედროვე ადამიანის მსგავსად, სჯერა, რომ სიმდიდრე და სიამოვნებით ტკბობა ხდის პიროვნებას ბედნიერს. ამ საკითხზე იესოს სხვაგვარი თვალსაზრისი აქვს. ის ხაზს უსვამს სხვაობას, რითაც მრავალ მსმენელს აოცებს:
„ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეშისცემა. ვაი თქვენ, მაძღარნო, ვინაიდან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ. ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე. ასევე ექცეოდნენ ცრუ წინასწარმეტყველთ მათი მამები“.
რა აქვს იესოს მხედველობაში? რატომ „ვაი“ მდიდრებს, რომლებიც მხიარულად ატარებენ დროს და ადამიანების მოწონებით სარგებლობენ? როცა პიროვნებას აქვს ყოველივე ეს და ელოლიავება ამას, მაშინ ეს მისი ცხოვრებიდან გამორიცხავს ღვთისადმი მსახურებას, ჭეშმარიტი ბედნიერების ერთადერთ წყაროს. ამავე დროს, იესოს მხედველობაში არა აქვს, რომ მხოლოდ სიღარიბე, შიმშილი და გოდება ხდის პიროვნებას ბედნიერს. მაგრამ ხშირად ასეთ არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება შეიძლება გამოეხმაუროს იესოს სწავლებებს და ამის საშუალებით ჭეშმარიტი ბედნიერებით იქნეს კურთხეული.
შემდეგ იესო თავის მოწაფეებს ეუბნება: „თქვენ ხართ მარილი მიწისა“. რასაკვირველია, ის არ გულისხმობს, რომ ისინი პირდაპირი მნიშვნელობით არიან მარილი. უფრო სწორად, მარილი არის შემნახველი საშუალება. იეჰოვას ტაძრის სამსხვერპლოს მახლობლად მარილის დიდი გროვები ყრია, რასაც იქ მომსახურე მღვდლები შესაწირავის დასამარილებლად იყენებდნენ.
იესოს მოწაფეები იმ გაგებით არიან „მარილი მიწისა“, რომ ხალხზე დამცავი გავლენა აქვთ. რასაკვირველია, ცნობა, რომელსაც ისინი აუწყებენ, დაიცავს მათ ცხოვრებას, ვინც გამოეხმაურება მას! ის ასეთ პიროვნებებს შესძენს მდგრადობის, ურყევი ერთგულებისა და თავდადების თვისებებს და დაიცავს ყოველგვარი სულიერი და მორალური დაცემისგან.
„თქვენ ხართ წუთისოფლის ნათელი“, — ეუბნება იესო თავის მოწაფეებს. ლამპარს ჭურჭლის ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე, ამიტომ იესო ეუბნება: „ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე“. იესოს მოწაფეები ამას აკეთებენ როგორც თავიანთი ქცევის მანათობელი მაგალითით, რაც ეთანხმება ბიბლიურ პრინციპებს, აგრეთვე საჯაროდ დამოწმებით.
მაღალი ნორმები თავისი მიმდევრებისთვის
რელიგიური წინამძღოლები იესოს ღვთის რჯულის დამრღვევად მიიჩნევენ და ამას წინათ მისი მოკვლაც კი განიზრახეს. ამიტომ ის განაგრძობს მთაზე ქადაგებას და განმარტავს: „არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი“.
იესო ღვთის რჯულს უდიდესი პატივისცემით ეპყრობა და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს. ფაქტიურად, ის ამბობს: „ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში“, ესე იგი ასეთი პიროვნება ვერ შევა ღვთის სამეფოში.
იესო, რომელიც შორსაა ღვთის რჯულის დარღვევისგან, განსჯის ისეთ თვალსაზრისსაც კი, რომელიც პიროვნებას ღვთის რჯულის დარღვევისკენ წარმართავს. მას შემდეგ, რაც გამოუცხადა კანონი, სადაც ნათქვამია, „არა კლა! — იესო ამატებს. — მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება“.
ვინაიდან ახლობლის მიმართ მრისხანების შენარჩუნება იმდენად სერიოზულია, რომ შეიძლება ეს მკვლელობამდე მიმყვანიც კი გახდეს, იესოს მოჰყავს თვალსაჩინო მაგალითი იმის შესახებ, თუ რამდენად უნდა ესწრაფოდეს პიროვნება მშვიდობას. მისი დარიგება ასეთია: „თუ მიიტან შენს ძღვენს [მსხვერპლშესაწირავს] სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, შენს ძმას შეურიგდი; შემდეგ მოდი და შესწირე შენი ძღვენი“.
იესო ყურადღებას ამახვილებს ათი მცნებიდან მეშვიდეზე და განაგრძობს: „გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო’“. მაგრამ იესო განსჯის მრუშობაზე გამუდმებით ფიქრსაც კი. «მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს [„განაგრძობს მზერას“, აქ], მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში».
იესო აქ, უბრალოდ, ამორალური ფიქრების გაელვებაზე კი არ ლაპარაკობს, არამედ ‘მზერის გაგრძელებაზე’. ამგვარად, მზერის გაგრძელება იწვევს ვნებიან სურვილს, რომელიც შესაძლებლობის შემთხვევაში შეიძლება მრუშობით დასრულდეს. როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება? იესომ მოიყვანა თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორი უკიდურესი ზომების მიღება შეიძლება იყოს აუცილებელი, როცა თქვა: „თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე. . . თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე“.
ადამიანები ხშირად მზად არიან, პირდაპირი გაგებით, გასწირონ სხეულის დაავადებული ნაწილი, რათა სიცოცხლე შეინარჩუნონ. მაგრამ, იესოს სიტყვების თანახმად, უფრო მნიშვნელოვანია, ‘გადაყარო’ ყველაფერი, ისეთი ძვირფასი რამეც კი, როგორიცაა თვალი ან ხელი, რათა თავიდან მოიცილო უზნეო აზრები და მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, — განმარტავს იესო, — ასეთი პიროვნებები ჩაყრილნი იქნებიან გეენაში (ნაგვის დასაწვავი ადგილი იერუსალიმის მახლობლად), რაც მარადიულ განადგურებას ასიმბოლოებს.
იესო აგრეთვე ლაპარაკობს, თუ როგორი მოქცევაა საჭირო შეურაცხმყოფელ და უსიამოვნების გამომწვევ ადამიანებთან. „წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, — გვირჩევს ის, — არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე“. იესო აქ არ გულისხმობს, რომ პიროვნებამ თავდასხმის შემთხვევაში არ უნდა დაიცვას საკუთარი თავი ან ოჯახი. სილის გაწვნა ფიზიკურ ტკივილს კი არ აყენებს პიროვნებას, არამედ შეურაცხყოფს მას. აქედან გამომდინარე, იესო ამბობს, რომ, თუ ვინმე ცდილობს ჩხუბის ან კამათის პროვოცირებას, თითქოს პირდაპირი მნიშვნელობით გაწნავს სილას ან შეურაცხმყოფელი სიტყვებით გკბენს, არასწორი იქნებოდა სამაგიეროს გადახდა.
იესო ყურადღებას ამახვილებს ღვთის რჯულზე მოყვასის სიყვარულთან დაკავშირებით და ამბობს: „მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები. . . ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროვებთ და გდევნით“. მას ასე მოქმედების საფუძვლიანი მიზეზიც მოჰყავს: „რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე“.
იესო თავისი ქადაგების ამ ნაწილს ამთავრებს მოწოდებით: „მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“. იესო არ გულისხმობს, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ აბსოლუტურად სრულყოფილები. მაგრამ მათ ღვთის მიბაძვით შეუძლიათ თავიანთი სიყვარული მტრებზეც კი განავრცონ. ლუკას მიერ გადმოცემულ პარალელურ ცნობაში იესოს სიტყვები ასე ჟღერს: „იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“.
ლოცვა და ღმერთზე მინდობა
იესო განაგრძობს ქადაგებას და განსჯის იმ ადამიანების თვალთმაქცობას, რომლებიც ღვთისმოსავებად აჩვენებენ სხვებს თავს. „როცა. . . გასცემ, — ამბობს ის, — ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ“.
იესო განაგრძობს: „როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ“. პირიქით, ის იძლევა დარიგებას: „როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი“. იესო თვითონ ლოცულობდა საჯაროდ, ასე რომ, ის არ გმობს ამას. ის გმობს მსმენელებზე შთაბეჭდილების მოხდენისა და მათში აღფრთოვანების აღძვრის მიზნით წარმოთქმულ ლოცვებს.
შემდეგ იესო გვირჩევს: «ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს [„ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს ისევ და ისევ“, აქ], როგორც წარმართები». იესო არ გულისხმობს, რომ გამეორება არასწორია. ერთხელ, ლოცვისას, თვითონ გაიმეორა ‘ერთი და იგივე’ სიტყვები. მაგრამ ის გმობს დაზეპირებული ფრაზების „ისევ და ისევ“ გამეორებას, რაც ჰგავს კრიალოსნის ჩამომარცვლას ლოცვების მექანიკურად გამეორებისას.
მსმენელებს რომ დაეხმაროს ლოცვაში, იესო მათ აძლევს ლოცვის ნიმუშს, რომელშიც შვიდი სათხოვარი შედის. პირველი სამი ჯეროვნად აღიარებს ღვთის უზენაესობასა და მის განზრახვებს. ის შეიცავს თხოვნას ღვთის სახელის განწმენდის, მისი სამეფოს მოსვლისა და მისი ნების შესრულების შესახებ. დანარჩენი ოთხი პირადი სათხოვარია, კერძოდ, ყოველდღიურ საზრდოზე, ცოდვების მიტევებაზე, იმის შესახებ, რომ განსაცდელი არ იყოს იმაზე მეტი, რის ატანაც შესაძლებელია და ბოროტებისგან დახსნაზე.
იესო განაგრძობს და მოიხსენიებს მატერიალური სიმდიდრისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭების მახეს. ის მოგვიწოდებს: „ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ“. ასეთი საუნჯენი არა მარტო ხრწნადია, არამედ არანაირი ფასი არა აქვს ღვთის თვალში.
ამიტომ იესო ამბობს: „დაიუნჯეთ ცაში“. ეს კეთდება ცხოვრებაში ღვთისადმი მსახურების პირველ ადგილზე დაყენებით. ვერავინ წაგვართმევს ასეთი სახით ღმერთთან დაგროვილ საუნჯეს ან მის დიდებულ ჯილდოს. იესო ამატებს: „სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება“.
შემდეგ მატერიალიზმის მახესთან დაკავშირებით იესოს მოჰყავს თვალსაჩინო მაგალითი: „სხეულის სანთელი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება“. თვალი, რომელიც სათანადოდ ფუნქციონირებს, სხეულისთვის სიბნელეში მანათობელი ლამპრის მსგავსია. მაგრამ სწორად რომ დაინახოს, თვალი უნდა იყოს სუფთა, ესე იგი ერთ საგანზე უნდა იყოს ფოკუსირებული. როცა თვალი არ არის ფოკუსირებული, ის საგნების არასწორად შეფასების მიზეზი ხდება, რის გამოც მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვა ღვთისადმი მსახურებაზე წინ დგება და საბოლოო ჯამში ‘მთელი სხეული’ ბნელი ხდება.
იესო ამას ამთავრებს ძლიერი თვალსაჩინო ახსნით: „არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც“.
ამ რჩევის შემდეგ იესო თავის მსმენელებს არწმუნებს, რომ, თუ ღვთისადმი მსახურებას პირველ ადგილზე აყენებენ, ზედმეტად არ უნდა ზრუნავდნენ მატერიალურ მოთხოვნილებებზე. „შეხედეთ ცის ფრინველებს, — ამბობს ის: — ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ“. და ეკითხება: „განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?“
შემდეგ იესო ველის შროშანებზე მიუთითებს და მოიხსენიებს, რომ „სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი“. „თუკი, — განაგრძობს ის, — მინდვრის ბალახს. . . ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?“ იესო ასეთი სიტყვებით ამთავრებს: „ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო? . . ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“.
გზა სიცოცხლისკენ
იესოს მოძღვრების დაცვა არის გზა სიცოცხლისკენ. მაგრამ ამის გაკეთება ადვილი არ არის. მაგალითად, ფარისევლები მიდრეკილნი არიან, მკაცრად განსაჯონ სხვები და, შესაძლოა, ბევრი ჰბაძავს მათ. ამიტომ მთაზე ქადაგებისას იესო იძლევა შემდეგ შეგონებას: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ“.
მეტისმეტად კრიტიკული ფარისევლების ხელმძღვანელობის მიყოლა საშიშია. ლუკას ცნობის თანახმად, იესო ამ საშიშროებას თვალსაჩინოდ აჩვენებს და ამბობს: „განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან?“
სხვების მიმართ ზედმეტად კრიტიკულობა, მათი შეცდომების გაზვიადება და ამაზე გადაკიდება სერიოზული შეცდომაა. ამიტომ იესო სვამს კითხვას: „როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან ბეწვიო, და აჰა, შენ თვალში კი დირეა! თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან“.
ეს არ ნიშნავს, რომ იესოს მოწაფეებმა სხვებთან ურთიერთობისას არ უნდა გამოავლინონ გარჩევის უნარი, ვინაიდან ის ამბობს: „ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს“. ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებები წმინდაა. გადატანითი მნიშვნელობით, ისინი მარგალიტების მსგავსია. მაგრამ, თუ ვინმე ძაღლის ან ღორის მსგავსად არ ავლენს ამ ძვირფასი ჭეშმარიტებებისადმი მადლიერებას, იესოს მოწაფეებმა თავი უნდა დაანებონ ასეთ ადამიანებს და ისეთები მოძებნონ, რომლებიც უფრო ყურადღებით მოუსმენენ.
თუმცა იესომ მთაზე ქადაგებისას ლოცვის შესახებ უკვე ილაპარაკა, ის ახლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლოცვაში მდგრადობას. ის მოგვიწოდებს: „ითხოვეთ და მოგეცემათ“. ლოცვაზე პასუხისთვის ღვთის მზადყოფნის გამოსახატავად, იესო სვამს კითხვას: „არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარი შვილი პურს სთხოვდეს და ის კი ქვას აძლევდეს? . . ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს“.
შემდეგ იესო აწესებს მოქმედების ცნობილ წესს, რომელსაც „ოქროს წესს“ უწოდებენ. ის ამბობს: „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“. ამ წესით ცხოვრებაში შედის სხვებისათვის სიკეთის კეთება, მათდამი ისე მოპყრობა, როგორც ვისურვებდით, რომ ჩვენ მოგვქცეოდნენ.
ცხოვრების ეს გზა რომ ადვილი არ არის, ჩანს იესოს მითითებაში: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“.
შეცდომაში შეყვანის დიდი საშიშროების გამო იესო იძლევა გაფრთხილებას: „ერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან“. როგორც კარგი და ცუდი ხე განირჩევა ერთმანეთისგან თავიანთი ნაყოფებით, იესო ამბობს, რომ მსგავსად ცრუ წინასწარმეტყველები ამოიცნობიან თავიანთი მოქმედებითა და სწავლებებით.
შემდეგ იესო განმარტავს, რომ მხოლოდ ის კი არ ხდის პიროვნებას მის მოწაფედ, რასაც ამბობს, არამედ ის, რასაც აკეთებს. ზოგიერთები აცხადებენ, რომ იესო მათი უფალია, მაგრამ, თუ ისინი არ ასრულებენ მისი მამის ნებას, იესოს ნათქვამის თანახმად, ის ‘განუცხადებს მათ: მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა’.
ბოლოს იესო აკეთებს თავისი ქადაგების შესანიშნავ დასკვნას. ის ამბობს: „ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ კეთილგონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს; ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული“.
მეორე მხრივ, იესო აცხადებს: „ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, ის კი დაეცა და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა“.
როცა იესო ქადაგებას ამთავრებს, ხალხი გაოცებულია მისი სწავლების მეთოდით, ვინაიდან ის მათ ასწავლის, როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი რელიგიური წინამძღოლები. ლუკა 6:12–23; მათე 5:1–12; ლუკა 6:24–26; მათე 5:13–48; 6:1–34; 26:36–45; 7:1–29; ლუკა 6:27–49.
▪ სად წარმოთქვამს იესო თავის ყველაზე დაუვიწყარ ქადაგებას, ვინ არიან მასთან ერთად და რა ხდება უშუალოდ ამის წინ?
▪ რატომ არ არის გასაკვირი, რომ ზოგიერთი სწავლება მთაზე ქადაგებიდან ლუკას ცნობაში სხვა სიტუაციებთან დაკავშირებით არის მოყვანილი?
▪ რა აძლევს იესოს ქადაგებას ასეთ ფასს?
▪ ვინ არის ჭეშმარიტად ბედნიერი და რატომ?
▪ ვის მიმართ არის ნათქვამი „ვაი“ და რატომ?
▪ რა გაგებით არიან იესოს მოწაფეები „მარილი მიწისა“ და „წუთისოფლის ნათელი“?
▪ როგორ ცხადყოფს იესო ღრმა პატივისცემას ღვთის რჯულის მიმართ?
▪ რა მითითებებს იძლევა იესო მკვლელობისა და მრუშობის მიზეზის აღმოსაფხვრელად?
▪ რა აქვს იესოს მხედველობაში, როცა სხვებისთვის მეორე ლოყის მიშვერაზე ლაპარაკობს?
▪ რა გაგებით შეგვიძლია ვიყოთ ღვთის მსგავსად სრულყოფილები?
▪ რა მითითებებს იძლევა იესო ლოცვასთან დაკავშირებით?
▪ რატომ ენიჭება ზეციერ საუნჯეს უპირატესობა და როგორ არის შესაძლებელი მისი მოპოვება?
▪ რა თვალსაჩინო მაგალითებია მოყვანილი მატერიალიზმის თავიდან აცილებაში დასახმარებლად?
▪ რატომ ამბობს იესო, რომ საჭირო არ არის ზრუნვა?
▪ რას ამბობს იესო სხვების განსჯის შესახებ, მაგრამ როგორ ცხადყოფს, რომ მის მოწაფეებს ადამიანებთან ურთიერთობისას სჭირდებათ გარჩევის უნარი?
▪ რას ამბობს შემდეგ იესო ლოცვის შესახებ და მოქმედების რომელ წესს აწესებს?
▪ როგორ ცხადყოფს იესო, რომ გზა სიცოცხლისკენ ადვილი არ იქნებოდა და რომ არსებობს შეცდომაში შეყვანის საშიშროება?
▪ როგორ ამთავრებს იესო თავის ქადაგებას და რა შედეგით?