არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ორსული, მაგრამ გასათხოვარი

ორსული, მაგრამ გასათხოვარი

თავი 4

ორსული, მაგრამ გასათხოვარი

მარიამი ორსულობის მესამე თვეშია. ალბათ, გახსოვს, რომ ორსულობის ადრეული პერიოდი მან ელისაბედთან გაატარა, მაგრამ ახლა ის თავის სახლში, ნაზარეთშია. მალე მისი მდგომარეობა ყველასთვის ცხადი გახდება მის მშობლიურ ქალაქში. რასაკვირველია, ის მძიმე მდგომარეობაშია!

მდგომარეობას ის ართულებს, რომ მარიამი დურგალ იოსებზეა დანიშნული. მარიამმა იცის, რომ, ღვთის რჯულის თანახმად, ისრაელში თუ ქალი დანიშნულია, მაგრამ თავისი ნებით სქესობრივ კავშირს ამყარებს სხვა მამაკაცთან, უნდა ჩაიქოლოს. როგორ აუხსნის იოსებს თავის ორსულობას?

ვინაიდან მარიამი სამი თვე სახლში არ ყოფილა, რა თქმა უნდა, იოსებს სწყურია მისი ნახვა. როცა ისინი ერთმანეთს ხვდებიან, მარიამი, ალბათ, უმხელს მას ახალ ამბავს. ის შესაძლოა ცდილობს, რაც შეიძლება კარგად განუმარტოს, რომ ღვთის სულიწმიდის საშუალებით დაორსულდა. მაგრამ, როგორც შეგიძლია წარმოიდგინო, იოსებისთვის ეს ძალიან ძნელი დასაჯერებელია.

იოსებმა იცის, რომ მარიამი კარგი რეპუტაციით სარგებლობს. ცხადია, მას ძალიან უყვარს ის. მაგრამ, მარიამის მტკიცების მიუხედავად, ისე ჩანს, თითქოს, ის ნამდვილად ვიღაც კაცისგანაა ორსულად. და მაინც, იოსებს არ უნდა, რომ მარიამი ჩაქოლონ ან საჯაროდ შეარცხვინონ. ამიტომ გადაწყვეტილებას იღებს, ფარულად გაეყაროს მას. იმ დროს დანიშნულები დაქორწინებულებად ითვლებოდნენ და მათი ნიშნობის გასაუქმებლად გაყრა მოითხოვებოდა.

მოგვიანებით, როცა იოსები დასაძინებლად მიდის, ჯერ კიდევ თავში უტრიალებს ეს აზრები. სიზმარში მას იეჰოვას ანგელოზი ეცხადება და ეუბნება: „ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.

რამდენად მადლიერია იოსები, როცა იღვიძებს! ის დაუყოვნებლივ ასრულებს ანგელოზის მითითებას და თავის სახლში მოჰყავს მარიამი. ფაქტიურად, ეს საჯარო მოქმედება საქორწინო ცერემონიად ითვლება, რომელიც ცხადყოფს, რომ იოსები და მარიამი ოფიციალურად დაქორწინდნენ. მაგრამ მარიამის იესოზე ორსულობის განმავლობაში, იოსებს არა აქვს მასთან სქესობრივი ურთიერთობა.

შეხედე! იოსები ფეხმძიმე მარიამს ვირზე სვამს. სად მიდიან ისინი და რატომ მიემგზავრებიან იმ დროს, როცა მარიამმა სადაცაა უნდა იმშობიაროს? ლუკა 1:39–41, 56; მათე 1:18–25; მეორე რჯული 22:23, 24.

▪ რა ფიქრები უტრიალებს იოსებს თავში, როცა მარიამის ორსულობის შესახებ გებულობს და რატომ?

▪ რატომ უნდა გაეყაროს იოსები მარიამს, როცა ისინი ჯერ არ დაქორწინებულან?

▪ რომელი საჯარო მოქმედება ითვლება იოსებისა და მარიამის დაქორწინების ცერემონიად?