პაექრობის ცენტრში
თავი 41
პაექრობის ცენტრში
სიმონის სახლში სტუმრობიდან ცოტა ხნის შემდეგ იესო იწყებს მეორე სამქადაგებლო მოგზაურობას გალილეაში. ამ მხარეში პირველი მოგზაურობისას მას ახლდნენ თავისი პირველი მოწაფეები: პეტრე, ანდრია, იაკობი და იოანე. მაგრამ ახლა 12 მოწაფე და რამდენიმე ქალი ახლავს. მათ შორის, მარიამ მაგდალელი, სუსანა და მეფე ჰეროდეს განმგებლის ცოლი, იოანა.
იესოს მსახურების წინსვლასთან ერთად იზრდება პაექრობა მის საქმიანობასთან დაკავშირებით. იესოსთან მოჰყავთ დემონით შეპყრობილი მამაკაცი, რომელიც აგრეთვე ბრმაცაა და ვერც ლაპარაკობს. როცა იესო კურნავს, ის თავისუფლდება დემონის ბატონობისგან, ასე რომ ლაპარაკიც შეუძლია და ხედავს კიდეც, და უამრავი ხალხი, უბრალოდ, აღფრთოვანებულია. ისინი იწყებენ ლაპარაკს: „ეს ხომ არაა დავითის ძე?“
იმდენი ხალხი იყრის თავს იმ სახლის გარშემო, სადაც იესოა, რომ მისთვის და მისი მოწაფეებისთვის ჭამაც კი შეუძლებელი ხდება. მაგრამ მათ გარდა, ვინც ფიქრობს, რომ იესო არის აღთქმული „დავითის ძე“, აქ არიან მწიგნობრები და ფარისევლები, რომლებიც იერუსალიმიდან მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ მისი ავტორიტეტი შეერყიათ. როცა იესოს ნათესავები იესოს გარშემო ატეხილი აურზაურის შესახებ გებულობენ, მის წასაყვანად მიდიან. რატომ?
რადგან იესოს ღვიძლ ძმებს ჯერ კიდევ არ სწამთ, რომ ის ღვთის ძეა. ისინი აგრეთვე ბავშვობიდან იცნობენ მას, იმ დროიდან, როცა ნაზარეთში იზრდებოდა, და იციან, რომ საჯარო მღელვარებისა და კამათის გამოწვევა სავსებით არ არის მისთვის დამახასიათებელი. ამიტომ მათ ჰგონიათ, რომ იესოს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს. „შეშლილიაო“, — ასკვნიან ისინი და სურთ, დაიჭირონ და წაიყვანონ.
მაგრამ ფაქტი ნათელია; იესომ განკურნა დემონით შეპყრობილი კაცი. მწიგნობრებმა და ფარისევლებმა იციან, რომ ვერ შეძლებენ ამის უარყოფას. ამიტომ იესოს ავტორიტეტის შელახვის მიზნით ხალხს ეუბნებიან: „ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს“.
რადგან იცის მათი ფიქრები, იესო უხმობს მწიგნობრებსა და ფარისევლებს და ეუბნება: „ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაიყოფა თავის თავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს. თუ სატანა სატანას სდევნის, თავისავე წინააღმდეგ გაიყოფა; როგორღა გაძლებს მისი სამეფო?“
რა ძლიერი ლოგიკაა! რადგან ფარისევლები აცხადებენ, რომ მათივე წრის პიროვნებები დევნიან დემონებს, იესო ეკითხება: „თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან?“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესოს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდების აღძვრა მსგავსადვე შეიძლებოდა მათ წინააღმდეგაც. შემდეგ იესო აფრთხილებს: „თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღვთის სასუფეველი“.
იმის თვალსაჩინოდ დასანახვებლად, რომ მის მიერ დემონების განდევნა ადასტურებს, რომ მას სატანაზე ძალაუფლება აქვს, იესო ამბობს: „როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და შემდეგ გაძარცვავს მის სახლს. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია; და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევს“. ფარისევლები აშკარად იესოს წინააღმდეგ გამოდიან, რითაც ავლენენ, რომ სატანის წარმომადგენლები არიან. ისინი ცდილობენ იესოსგან ისრაელების ‘გაბნევას’.
ამიტომ იესო აფრთხილებს ამ სატანურ მოწინააღმდეგეებს, რომ „სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ“. ის განმარტავს: „ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მას მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, მას არ მიეტევება არც ამ წუთისოფლად, არც მომავალში“. ეს მწიგნობრები და ფარისევლები ასეთ მიუტევებელ ცოდვას სჩადიან იმით, რომ ბოროტად აწერენ ეშმაკს იმას, რაც აშკარად ღვთის სულის სასწაულებრივი მოქმედების გამოვლენაა. მათე 12:22–32; მარკოზი 3:19–30; ლუკა 8:1–3; იოანე 7:5.
▪ რით განსხვავდება იესოს მეორე მოგზაურობა გალილეაში პირველისგან?
▪ რატომ სურთ იესოს ნათესავებს მისი წაყვანა?
▪ როგორ ცდილობენ ფარისევლები იესოს სასწაულებში ეჭვის შეტანას და როგორ იგერიებს მათ იესო?
▪ რაში არიან ის ფარისევლები დამნაშავეები და რატომ?