არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პილატესგან ჰეროდესთან და კვლავ უკან

პილატესგან ჰეროდესთან და კვლავ უკან

თავი 122

პილატესგან ჰეროდესთან და კვლავ უკან

იესო სულაც არ ცდილობს, დაუმალოს პილატეს, რომ მეფეა, მაგრამ განუმარტავს, რომ მისი სამეფო არავითარ საფრთხეს არ უქმნის რომს. „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა, — ეუბნება იესო. — ჩემი სამეფო რომ ამ წუთისოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი სამეფო არ არის სააქაო“. ამგვარად, იესო სამჯერ აცხადებს, რომ აქვს სამეფო, მაგრამ ის არ არის მიწიერი წარმოშობის.

მაგრამ პილატე ისევ დაჟინებით ეუბნება: „ესე იგი, მეფე ხარ“? ანუ ხარ თუ არა მაინც მეფე, მიუხედავად იმისა, რომ შენი სამეფო ამ წუთისოფლის ნაწილი არ არის?

იესო თავისი პასუხით პილატეს ეუბნება, რომ სწორი დასკვნა გააკეთა: „შენ თავად ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებიდანაა, ისმენს ჩემს ხმას“.

დიახ, იესოს დედამიწაზე ყოფნის ძირითადი მიზანია, დაამოწმოს „ჭეშმარიტება“, განსაკუთრებით ჭეშმარიტება თავისი სამეფოს შესახებ. იესო მზად არის ამ ჭეშმარიტების ერთგული დარჩეს მაშინაც კი, თუ ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდება. მიუხედავად იმისა, რომ პილატე ეკითხება: „რა არის ჭეშმარიტება?“ ის პასუხს არ ელის. განაჩენის გამოსატანად მან საკმარისი ინფორმაცია მოისმინა.

პილატე ბრუნდება ხალხთან, რომელიც სასახლის გარეთ იცდის. როგორც ჩანს, იესო პილატეს გვერდითაა, როცა ის მღვდელმთავრებსა და მათთან მყოფ ხალხს ეუბნება:

— ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ მასში.

ამ გადაწყვეტილებით განრისხებული ბრბო დაჟინებით ამტკიცებს:

— ეგ აშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე.

იუდეველთა უაზრო ფანატიზმი პილატეს, ალბათ, ანცვიფრებს. ამიტომ, როცა მღვდელმთავრები და უხუცესები კვლავ ყვირიან, პილატე იესოსკენ ბრუნდება და ეკითხება: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?“ მაგრამ იესო არ ცდილობს რამე უპასუხოს. ამ უსაფუძვლო ბრალდებისადმი იესოს მშვიდი დამოკიდებულება პილატეს ანცვიფრებს.

როცა პილატე გებულობს, რომ იესო გალილეველია, ამაში ის პასუხისმგებლობიდან თავდახსნის საშუალებას ხედავს. გალილეის მმართველი ჰეროდე ანტიპა (ჰეროდე დიდის ძე) იერუსალიმშია პასექის აღსანიშნავად და პილატე იესოს მასთან გზავნის. ადრე ჰეროდე ანტიპამ იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა და ამიტომ ჰეროდეს შიში იპყრობს, როცა გებულობს იესოს სასწაულების შესახებ, ვინაიდან იესო, სინამდვილეში, მკვდრეთით აღმდგარი იოანე ჰგონია.

ახლა ჰეროდეს სიხარულით ავსებს იესოსთან შეხვედრის მოლოდინი. იმიტომ კი არა, რომ ის ზრუნავს იესოს კეთილდღეობაზე ან სურს, რამე იღონოს იმის გასაგებად, არის თუ არა იესოსთვის წაყენებული ბრალდება სამართლიანი. უფრო სწორად, ის, უბრალოდ, ცნობისმოყვარეა და იმედოვნებს, რომ იესოს რომელიმე სასწაულს იხილავს.

მაგრამ იესო არ აკმაყოფილებს ჰეროდეს ცნობისმოყვარეობას. ფაქტიურად, ის ჰეროდეს კითხვებზე არ პასუხობს. იმედგაცრუებული ჰეროდე და მისი ჯარისკაცები დასცინიან იესოს, ბრწყინვალე ტანსაცმლით მოსავენ და მასხარად იგდებენ. შემდეგ უკან აბრუნებენ პილატესთან. საბოლოო ჯამში, ჰეროდე და პილატე, ყოფილი მტრები, ახლა კარგი მეგობრები ხდებიან.

როცა იესო ბრუნდება, პილატე უხმობს მღვდელმთავრებს, იუდეველ მთავრებსა და ხალხს და ეუბნება: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი, და აჰა, მე თქვენს წინაშე გამოვიძიე და ვერავითარი დანაშაული ვერ ვპოვე ამ კაცში, რაშიც თქვენ ადანაშაულებთ მას, და ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ“.

ამგვარად, პილატემ ორჯერ გამოაცხადა, რომ იესო უდანაშაულოა. პილატეს დიდი სურვილი აქვს, გაათავისუფლოს ის, ვინაიდან ხვდება, რომ მღვდელმთავრებმა მხოლოდ შურის გამო გადასცეს ის. როცა პილატე განაგრძობს იესოს გათავისუფლების მცდელობას, ამის გაკეთების სურვილი უფრო უძლიერდება. სასამართლო საქმის განხილვის დროს პილატე ცოლისგან ღებულობს ცნობას: „არაფერი უყო მაგ მართალს, ვინაიდან მე დღეს სიზმრად ბევრი ვიტანჯე მაგის გამო“.

პილატემ იცის, რომ უნდა გაათავისუფლოს ეს უდანაშაულო კაცი. მაგრამ როგორ შეძლებს ის ამის გაკეთებას? იოანე 18:36–38; ლუკა 23:4–16; მათე 27:12–14, 18, 19; 14:1, 2; მარკოზი 15:2–5.

▪ როგორ პასუხობს იესო შეკითხვას მისი მეფობის შესახებ?

▪ რა არის „ჭეშმარიტება“, რის დასამოწმებლადაც გამოიგზავნა იესო დედამიწაზე?

▪ რა განაჩენი გამოაქვს პილატეს, როგორია ამაზე ხალხის რეაქცია და რას უკეთებს პილატე იესოს?

▪ ვინ არის ჰეროდე ანტიპა, რატომ უხარია მას იესოს ნახვა და რას უკეთებს მას?

▪ რატომ აქვს პილატეს იესოს გათავისუფლების დიდი სურვილი?