არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პრაქტიკული სიბრძნით მომავალზე ზრუნვა

პრაქტიკული სიბრძნით მომავალზე ზრუნვა

თავი 87

პრაქტიკული სიბრძნით მომავალზე ზრუნვა

იესომ ეს-ესაა დაასრულა დაკარგულ ძეზე იგავის მოყოლა ხალხის წინაშე, რომელშიც შედიან მისი მოწაფეები, უპატიოსნო მებაჟეები და სხვა ცოდვილები, აგრეთვე მწიგნობრები და ფარისევლები. ახლა ის მიმართავს თავის მოწაფეებს და უყვება იგავს მდიდარი მამაკაცის შესახებ, რომელსაც არასასურველი ამბავი მოუტანეს თავისი გამგებლის, ანუ მნის, შესახებ.

იესოს ნათქვამის თანახმად, ეს კაცი იბარებს გამგებელს და ეუბნება, რომ გათავისუფლებას უპირებს. „როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს განმგებლობას, — ფიქრობს გამგებელი, — ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია. ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მნეობას ჩამომაშორებენ“.

რა გეგმა აქვს გამგებელს? ის იბარებს თავისი ბატონის ყველა მევალეს.

— რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა? — ეკითხება ის.

— ასი საწყაო [2 200 ლიტრი] ზეთი, — პასუხობს პირველი.

— აიღე შენი საბუთი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე: ორმოცდაათი [11 00 ლიტრი], — ეუბნება ის.

— შენ რამდენი გმართებს? — ეკითხება სხვას.

— ასი კოდი [22 000 ლიტრი] ხორბალი, — ეუბნება ის.

— აიღე შენი თამასუქი და დაწერე: ოთხმოცი [18 000 ლიტრი].

გამგებელს უფლება აქვს, შეცვალოს თავისი ბატონის თამასუქები, რადგან ის ჯერაც განაგებს ბატონის ფინანსურ საქმეებს. ვალების შემცირებით ის იძენს მეგობრებს, რომლებიც სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში სიკეთითვე გადაუხდიან.

როცა ბატონი გებულობს მომხდარის შესახებ, ეს დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მასზე. ის ‘აქებს უსამართლო განმგებელს ხერხიანად („პრაქტიკული სიბრძნით“, აქ) მოქცევისთვის’. იესო ამატებს: „ამ წუთისოფლის შვილები ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთი მოდგმით“.

ახლა იესო ასწავლის მოწაფეებს და მოუწოდებს: „შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ მარადიულ სავანეში“.

იესო გამგებელს უსამართლობისთვის კი არ აქებს, არამედ შორსმჭვრეტელობისთვის, პრაქტიკული სიბრძნისთვის. ხშირად „ამ წუთისოფლის შვილები“ გონივრულად იყენებენ თავიანთ ფულს ან მდგომარეობას, რათა შეიძინონ მეგობრები, რომლებიც სიკეთეს სიკეთით გადაუხდიან. ამიტომ ღვთის მსახურებმაც, ‘ნათლის შვილებმა’, თავიანთი მატერიალური სიმდიდრე, ‘უსამართლობის მამონი’, ბრძნულად უნდა გამოიყენონ თავიანთივე სასარგებლოდ.

მაგრამ, როგორც იესო ამბობს, ამ სიმდიდრით მათ მეგობრებად უნდა გაიხადონ ისინი, რომლებიც „მარადიულ სავანეში“ მიიღებენ. მცირე სამწყსოს წევრებისთვის ეს სავანე არის ზეცაში, ‘სხვა ცხვრებისთვის’ კი — დედამიწაზე სამოთხეში. რადგან მხოლოდ იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს შეუძლიათ, მიიღონ პიროვნებები ამ ადგილებში, გულმოდგინედ უნდა განვავითაროთ მათთან მეგობრობა ნებისმიერი ‘უმართლობის მამონის’ საშუალებით, რაც კი შეიძლება გვქონდეს სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად. შემდეგ, როცა მატერიალური სიმდიდრე ძალას დაკარგავს, ანუ გაუფასურდება, რაც ნამდვილად მოხდება, მარადიული მომავალი გარანტირებული გვექნება.

იესო განაგრძობს, რომ ამ მატერიალურში, ანუ მცირედშიც კი, ერთგული პიროვნება, ერთგული იქნება უფრო მნიშვნელოვან საკითხებშიც. „ჰოდა, — ამბობს იესო, — თუ უსამართლო მამონაში ერთგულნი არ იყავით, ჭეშმარიტს [ესე იგი სულიერ, ანუ სამეფოს ინტერესებს] ვინ განდობთ? და თუ სხვისაში [სამეფოს ინტერესები, რომლებსაც ღმერთი თავის მსახურებს ანდობს] არ იყავით ერთგულნი, თქვენსას [მარადიულ სავანეში ცხოვრების ჯილდოს] ვინ მოგცემთ?“

როგორც იესო ასკვნის, ჩვენ, უბრალოდ, არ შეგვიძლია ვიყოთ ღვთის ჭეშმარიტი მსახურები და, ამავე დროს, უსამართლო მამონის, მატერიალური სიმდიდრის, მონები: „არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც“. ლუკა 15:1, 2; 16:1–13; იოანე 10:16.

▪ როგორ იძენს იესოს იგავში აღწერილი გამგებელი მეგობრებს, რომლებიც მოგვიანებით შეძლებენ მის დახმარებას?

▪ რა არის ‘უსამართლო მამონი’ და როგორ შეგვიძლია მისი საშუალებით მეგობრების შეძენა?

▪ ვის შეუძლია მიგვიღოს „მარადიულ სავანეში“ და რა ადგილებია ეს?