პურები და საფუარი
თავი 58
პურები და საფუარი
ათქალაქში იესოს ირგვლივ უამრავი ხალხი იყრის თავს. მრავალმა მათგანმა დიდი გზა გამოიარა, რომ მოსულიყვნენ აქ, სადაც ძირითადად წარმართები ცხოვრობენ, რათა იესოსთვის მოესმინათ და თავიანთი დაავადებებისგან განკურნებულიყვნენ. მათ თან აქვთ დიდი კალათები, ანუ გოდრები, რომლებსაც ისინი, ჩვეულებრივ, წარმართული მხარის გავლით მოგზაურობისას სურსათის სატარებლად იყენებენ.
მაგრამ ბოლოს იესო თავის მოწაფეებს უხმობს და ეუბნება:
— მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, რაც ჩემთან არიან და საჭმელი არაფერი აქვთ. მშივრები რომ გავუშვა შინ, დაუძლურდებიან, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდან არის მოსული.
— საიდან შეიძლება ამდენი ხალხის უდაბნოში დაპურება? — ეკითხებიან მოწაფეები.
— რამდენი პური გაქვთ? — ეკითხება იესო.
— შვიდი და მცირეოდენი თევზი, — პასუხობენ ისინი.
იესო მოუწოდებს ხალხს, რომ მოლზე დასხდნენ, შემდეგ იღებს პურებსა და თევზებს, ლოცულობს, ამტვრევს მათ და თავის მოწაფეებს აძლევს. ისინი, თავის მხრივ, ხალხს ემსახურებიან, რომლებიც ძღომამდე ჭამენ. შემდეგ, როცა ნარჩენებს იღებენ, შვიდი გოდორი ივსება, მაშინ როცა დაახლოებით 4 000-მა კაცმა ჭამა, თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს.
ამის შემდეგ იესო უშვებს ხალხს, თავის მოწაფეებთან ერთად ნავში ჯდება და მიცურავს გალილეის ზღვის დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით. აქ ფარისევლები, ამჯერად სადუკეველთა რელიგიური სექტის წევრებთან ერთად, ცდილობენ იესოს შეცდენას და სთხოვენ ნიშანი აჩვენოს ზეციდან.
ვინაიდან იესომ იცის მათი განზრახვა, პასუხობს:
— საღამო ხანს თქვენ ამბობთ: ხვალ მოწმენდილი იქნება, ვინაიდან ცა წითელიაო; დილით კი: დღეს გაიავდრებს, ვინაიდან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი — არა.
იესო მათ ბოროტ და მრუშ მოდგმას უწოდებს და აფრთხილებს, რომ არავითარი ნიშანი არ მიეცემათ იონას ნიშნის გარდა, როგორც უკვე ადრე უთხრა ფარისევლებს. ის და მისი მოწაფეები ნავში სხდებიან და ბეთსაიდისკენ მიემართებიან, რომელიც გალილეის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. გზაზე მოწაფეები აღმოაჩენენ, რომ პურის წამოღება დაავიწყდათ და, რომ მხოლოდ ერთი პური აქვთ თან.
იესო ფიქრობს ფარისევლებსა და ჰეროდეს მომხრე სადუკეველებთან ახლახან მომხდარ შელაპარაკებაზე და აფრთხილებს: „გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდიანთა საფუარს“. როგორც ჩანს, საფუვრის ხსენებაზე მისი მოწაფეები ფიქრობენ, რომ იესო მიუთითებს იმაზე, რომ დაავიწყდათ პურის წამოღება და, ამიტომ იწყებენ ამ საკითხზე მსჯელობას. იესო ხედავს, რომ მათ არასწორად გაიგეს ეს, და ეუბნება: „რას მსჯელობთ, პური რომ არა გაქვთ?“
იესოს უკანასკნელი სასწაული იყო ახლახან, ალბათ, ერთი-ორი დღის წინ, ათასობით ადამიანის პურით უზრუნველყოფა. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ის არ ლაპარაკობდა პირდაპირი მნიშვნელობით პურის ნაკლებობის შესახებ.
— არც გახსოვთ? — ახსენებს იესო მათ, — როცა ხუთი პური დავტეხე ხუთი ათასი კაცისათვის, რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე?
— თორმეტი, — პასუხობენ ისინი.
— როცა ოთხი ათასისათვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე?
— შვიდი, — პასუხობენ ისინი.
— როგორ ვერ მიხვდით? — ეკითხება იესო. — რატომ ვერ გაგიგიათ, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?
ბოლოს და ბოლოს, მოწაფეები ხვდებიან საქმის არსს. საფუარი იწვევს დუღილის პროცესს და აფუებს ცომს, და ეს სიტყვა გამოიყენებოდა გაფუჭების აღსანიშნავად. ამიტომ ახლა მოწაფეები ხვდებიან, რომ იესო სიმბოლურად ლაპარაკობს და აფრთხილებს, მოერიდონ ‘ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას’, რომელსაც გამხრწნელი ზეგავლენა აქვს. მარკოზი 8:1–21; მათე 15:32—16:12.
▪ რატომ აქვს ხალხს თან გოდრები სურსათის მარაგისთვის?
▪ სად მიემგზავრება ნავით იესო ათქალაქის დატოვების შემდეგ?
▪ რა გაუგებრობას იწვევს იესოს მოწაფეებში მისი ნათქვამი საფუვრის შესახებ?
▪ რას გულისხმობს იესო გამოთქმაში: „ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს“?