არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ბილწავს ადამიანს?

რა ბილწავს ადამიანს?

თავი 56

რა ბილწავს ადამიანს?

იესოსადმი წინააღმდეგობა უფრო ძლიერდება. მას არა მარტო მრავალი მოწაფე ტოვებს, არამედ იუდეაში მცხოვრები იუდეველები მოსაკლავად ეძებენ, როგორც ახ. წ. 31 წელს იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე ყოფნის დროს უნდოდათ მისი მოკვლა.

ახ. წ. 32 წლის პასექია. ალბათ, პასექის დღესასწაულზე დასწრების შესახებ ღვთის მოთხოვნის თანახმად, იესო იერუსალიმში მიდის. მაგრამ ის ძალიან ფრთხილობს, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. დღესასწაულის შემდეგ ის გალილეაში ბრუნდება.

შეიძლება იესო კაპერნაუმშია, როცა მასთან მიდიან იერუსალიმელი ფარისევლები და მწიგნობრები. ისინი მიზეზს ეძებენ, რათა ბრალი დასდონ რელიგიური კანონების დარღვევაში. „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? — ეკითხებიან ისინი, — რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამის წინ“. ღმერთი ამას არ მოითხოვს, მაგრამ ფარისევლები სერიოზულ დარღვევად მიიჩნევენ ამ ტრადიციული რიტუალის შეუსრულებლობას, რომლის დროსაც აუცილებელია ხელების იდაყვამდე დაბანა.

ბრალდებაზე პასუხის გაცემის ნაცვლად იესო მიუთითებს, რომ თვითონ ისინი ბოროტად და განზრახ არღვევენ ღვთის რჯულს. „თქვენ რაღატომ არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ჩვეულების გამო? — ინტერესდება იესო, — ვინაიდან ღმერთმა თქვა: ‘პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს’. თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს შესაწირავია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლაო. ამით პატივს არ სცემს თავის მამას“.

სინამდვილეში ფარისევლები ასწავლიან, რომ ფული, ქონება ან ღმერთისთვის საჩუქრად მიძღვნილი ნებისმიერი რამ ტაძრის საკუთრებაა და არ შეიძლება მისი სხვა მიზნისთვის გამოყენება. სინამდვილეში კი საჩუქარი მიმძღვნელთან ინახება. ასეთნაირად, ძე მხოლოდ იმის თქმით, რომ მისი ფული ან ქონება არის „კორბან“ — ღვთისადმი ან ტაძრისადმი მიძღვნილი საჩუქარი — თავს არიდებს პასუხისმგებლობას, დაეხმაროს ხანდაზმულ მშობლებს, რომლებიც, შეიძლება, გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებიან.

ფარისევლების მიერ ღვთის რჯულის ბოროტად დამახინჯებით სამართლიანად აღშფოთებული იესო ამბობს: „თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით. თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა: ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან.’ ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა განკარგულებებს მოძღვრების მსგავსად ასწავლიან“.

შესაძლოა, ხალხმა უკან დაიხია, რათა ფარისევლებისთვის საშუალება მიეცათ, კითხვები დაესვათ იესოსთვის. როცა ფარისევლები ვერაფერს პასუხობენ მკაცრ გაკიცხვაზე, იესო უხმობს ხალხს, რათა ახლოს მივიდნენ. „ისმინეთ, — ამბობს ის, — და გაიგეთ: ადამიანს ბილწავს არა ის რაც პირში შედის, არამედ ის რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს“.

მოგვიანებით, სახლში შესვლისას, მოწაფეები ეკითხებიან:

— იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით ცდუნდნენ?

— ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება, — პასუხობს იესო. — მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივიან.

იესოს განცვიფრება ეხატება სახეზე, როცა მოწაფეების სახელით პეტრე სთხოვს, აუხსნას, თუ რა ბილწავს ადამიანს. „ნუთუ კიდევ არაფერი გაგეგებათ? — პასუხობს იესო. — ნუთუ კიდევ არ გესმით, რომ ყველაფერი რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და გარეთ გამოდის? ხოლო პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ეს ბილწავს ადამიანს. ვინაიდან გულიდან გამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს“.

იესო აქ ნორმალური ჰიგიენის წინააღმდეგ არ გამოდის. ამით მას არ უნდა იმის თქმა, რომ აუცილებელი არ არის საჭმლის მომზადების ან ჭამის წინ ხელების დაბანა. არა, იესო განსჯის რელიგიური წინამძღოლების თვალთმაქცობას, რომლებიც ეშმაკურად ცდილობენ ღვთის სამართლიანი კანონების გვერდის ავლას და დაჟინებით მოითხოვენ არაბიბლიური ტრადიციების დაცვას. დიახ, ბოროტი საქმეები ბილწავს ადამიანს და იესო ცხადყოფს, რომ ამის სათავე პიროვნების გულშია. იოანე 7:1; მეორე რჯული 16:16; მათე 15:1–20; მარკოზი 7:1–23; გამოსვლა 20:12; 21:17; ესაია 29:13.

▪ რა წინააღმდეგობას ხვდება იესო?

▪ რა ბრალდებას უყენებენ ფარისევლები, მაგრამ როგორც იესო ამბობს, როგორ არღვევენ ფარისევლები განზრახ ღვთის რჯულს?

▪ იესოს სიტყვების თანახმად, რა ბილწავს ადამიანს?