არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რის გაკეთებაა ნებადართული შაბათს?

რის გაკეთებაა ნებადართული შაბათს?

თავი 32

რის გაკეთებაა ნებადართული შაბათს?

კიდევ ერთ შაბათ დღეს იესო გალილეის ზღვის მახლობლად მდებარე სინაგოგაში მიდის. იქ იმყოფება მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი აქვს. მწიგნობრები და ფარისევლები ყურადღებით უთვალთვალებენ, განკურნავს თუ არა მას იესო. ბოლოს ისინი ეკითხებიან: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათობით?“

იუდეველთა რელიგიურ ბელადებს სწამთ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული შაბათს განკურნება, როდესაც სიცოცხლე საფრთხეშია. მაგალითად, ისინი ასწავლიან, რომ ნაღრძობი ძვლის ჩასმა ან დაჭიმულ მყესზე ნახვევის დადება შაბათს კანონით ნებადართული არ არის. ამიტომ მწიგნობრები და ფარისევლები კითხვებს უსვამენ იესოს იმ მიზნით, რომ რამე ბრალდება წაუყენონ მას.

მაგრამ იესომ იცის მათი აზრები. ამავე დროს, მას ესმის, რომ მათ ათვისებული აქვთ უკიდურესი, არაბიბლიური თვალსაზრისი შაბათს მუშაობის ამკრძალავ მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამგვარად, იესო ქმნის დრამატული დაპირისპირების ვითარებას, როცა ხელგამხმარ მამაკაცს ეუბნება: „შუაში დადექი“.

შემდეგ მწიგნობრებისა და ფარისევლებისკენ ბრუნდება და ეუბნება: „რომელიმე თქვენთაგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს?“ ვინაიდან ცხვარი გარკვეული ფული ღირს, ისინი მეორე დღემდე მას ორმოში არ დატოვებდნენ, რადგან ის შეიძლება დაავადებულიყო ან ზარალი მოეტანა მათთვის. გარდა ამისა, საღვთო წერილი ამბობს: „მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლეზე“.

იესო პარალელს ავლებს და განაგრძობს: „ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება“. რელიგიურ წინამძღოლებს არ შეუძლიათ ასეთი ლოგიკური, თანაგრძნობით აღსავსე მსჯელობის უარყოფა და გაჩუმებას არჩევენ.

აღშფოთებული და, ამავე დროს, მათი უგულობით დადარდიანებული იესო ირგვლივ იყურება. შემდეგ მამაკაცს ეუბნება: „გაიწოდე შენი ხელი!“ ისიც იწვდის ხელს და იკურნება.

იმის ნაცვლად, რომ გახარებოდათ მამაკაცის ხელის განკურნება, ფარისევლები გადიან და ჰეროდეს პარტიის მიმდევრებთან ერთად მაშინვე შეთქმულებას აწყობენ იესოს მოსაკლავად. ამ პოლიტიკურ პარტიაში, როგორც ჩანს, შედიან სადუკეველთა რელიგიის წევრები. საერთოდ, ეს პოლიტიკური პარტია და ფარისევლები აშკარად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, მაგრამ იესოს წინააღმდეგ თავიანთ შეთქმულებაში მტკიცედ არიან გაერთიანებული. მათე 12:9–14; მარკოზი 3:1–6; ლუკა 6:6–11; იგავნი 12:10; გამოსვლა 20:8–10.

▪ როგორი დრამატული დაპირისპირების ვითარება იქმნება იესოსა და რელიგიურ წინამძღოლებს შორის?

▪ როგორი შეხედულება აქვთ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს შაბათს განკურნების შესახებ?

▪ რა მაგალითს იყენებს იესო მათი არასწორი თვალსაზრისის უკუსაგდებად?