არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როცა გამოჩნდება ძე კაცისა

როცა გამოჩნდება ძე კაცისა

თავი 93

როცა გამოჩნდება ძე კაცისა

ჩრდილოეთში (სამარიაში ან გალილეაში) ყოფნის დროს ფარისევლები ეკითხებიან იესოს სამეფოს მოსვლის შესახებ. მათ სჯერათ, რომ ის ზარ-ზეიმით მოვა, მაგრამ იესო ეუბნება: «ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. არც იტყვიან: აგერ აქ არის, ან: აგერ იქ არისო. ვინაიდან, აჰა, თვითონ თქვენშია [„შორის თქუჱნსა არს“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა] ღვთის სასუფეველი».

იესოს სიტყვებს: „შორის თქუჱნსა არს“, ზოგჯერ თარგმნიან, როგორც ‘თქვენში’. ამიტომ, ზოგის აზრით, იესო გულისხმობს, რომ ღვთის სამეფო ღვთის მსახურთა გულებშია. მაგრამ, ცხადია, ღვთის სამეფო არ არის იმ ურწმუნო ფარისევლების გულებში, რომლებსაც იესო ელაპარაკება. მაგრამ ის არის მათ შორის, რადგან სამეფოს მეფე, იესო ქრისტე, მათ შორის იმყოფება.

ფარისევლების წასვლის შემდეგ იესო, შესაძლოა, კიდევ უყვება თავის მოწაფეებს სამეფოს მოსვლის შესახებ. ის ძირითადად გულისხმობს სამეფო ძალაუფლებით თავის მომავალ თანდასწრებას, როცა აფრთხილებს: „გეტყვიან: აგერ აქ არის, ან: აგერ იქ არისო, ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით [იმ ცრუ მესიებს]. ვინაიდან, როგორც ელვა ელავს ცის ერთი კიდიდან და ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება კაცის ძე თავის დღეს“. მაშასადამე, იესო აღნიშნავს, რომ სწორედ ისე, როგორც ელვა აშკარად ჩანს ცაზე, ასევე მისი სამეფო ძალაუფლებით თანდასწრების მტკიცება აშკარად დასანახი იქნება ყველასთვის, ვისაც სურს, ამის შენიშვნა.

შემდეგ იესო შედარებას აკეთებს ძველ მოვლენებთან, რათა ცხადყოს, თუ როგორ პოზიციას დაიკავებს ხალხი მისი მომავალი თანდასწრების დროს. ის განმარტავს: „როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც. . . როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა. ასევე იქნება იმ დღესაც, როცა კაცის ძე გამოჩნდება“.

იესო არ ამბობს, რომ ნოესა და ლოტის დღეებში ხალხი დაიღუპა მხოლოდ მათი ჩვეულებრივი, ყოველდღიური, საქმიანობის გამო, როგორიცაა: ჭამა-სმა, ყიდვა-გაყიდვა, დარგვა და შენება. ნოესა და ლოტის ოჯახებიც ხომ აკეთებდნენ ამას. მაგრამ სხვები ამ ყოველდღიურმა საქმიანობამ ისე შთანთქა, რომ ღვთის ნებას ყურადღებას არ აქცევდნენ და სწორედ ეს იყო მათი დაღუპვის მიზეზი. ამავე მიზეზით დაიღუპება ხალხი ამ სისტემის აღსასრულის დიდ გასაჭირში, როცა ქრისტე გამოჩნდება.

სამეფო ძალაუფლებით თავისი მომავალი თანდასწრების მტკიცებაზე დაუყოვნებელი რეაქციის აუცილებლობაზე ხაზგასმის მიზნით იესო ამატებს: „იმ დღეს ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები — სახლში, ნუ ჩამოვა ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება. გაიხსენეთ ლოტის ცოლი“.

როცა ქრისტეს თანდასწრების მტკიცება ჩანს, ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ მატერიალური სიმდიდრის სიყვარულმა დაუყოვნებელი მოქმედებისგან შეაკავოს. სოდომიდან გამოსვლისას ლოტის ცოლმა, ალბათ, სინანულით გაიხედა უკან იმისკენ, რაც დატოვა და მარილის სვეტად იქცა.

იესო განაგრძობს მდგომარეობის აღწერას, რომელიც მისი მომავალი თანდასწრების დროს იარსებებს და თავის მოწაფეებს ეუბნება: „იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლზე: ერთს წაიყვანენ და მეორე დარჩება. ორნი დაფქვავენ ერთად: ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება“.

წაყვანა შეესაბამება ნოესა და მისი ოჯახის კიდობანში შესვლას და ანგელოზების მიერ ლოტისა და მისი ოჯახის სოდომიდან გამოყვანას. ეს ნიშნავს გადარჩენას. მეორე მხრივ, დარჩენა ნიშნავს განადგურებას.

ამასთან დაკავშირებით მოწაფეები ეკითხებიან:

— სად უფალო?

— სადაც ლეშია, ორბებიც იქვე მოგროვდებიან, — პასუხობს იესო. ისინი, ვისაც გადასარჩენად „წაიყვანენ“, შორსმხედველი ორბების მსგავსნი არიან, რომლებიც ‘ლეშის’ გარშემო იყრიან თავს. ლეში მიანიშნებს ჭეშმარიტ ქრისტეზე სამეფო ძალაუფლებით მისი უხილავი თანდასწრების დროს და სულიერ ნადიმზე, რომელიც იეჰოვამ უზრუნველყო. ლუკა 17:20–37; დაბადება 19:26.

▪ როგორ იყო სამეფო ფარისეველთა შორის?

▪ რა გაგებით არის ქრისტეს თანდასწრება ელვის მსგავსი?

▪ რატომ განადგურდება ხალხი თავისი მოქმედებებისთვის ქრისტეს თანდასწრების დროს?

▪ რას ნიშნავს წაყვანა და დატოვება?