არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევა მართას და დარიგება ლოცვასთან დაკავშირებით

რჩევა მართას და დარიგება ლოცვასთან დაკავშირებით

თავი 74

რჩევა მართას და დარიგება ლოცვასთან დაკავშირებით

იუდეაში მსახურების დროს იესო შედის სოფელ ბეთანიაში. იქ ცხოვრობენ მართა, მარიამი და მათი ძმა ლაზარე. დასაშვებია, იესო ამ სამს ადრეც შეხვედრია თავისი მსახურების დროს და უკვე მათი ახლო მეგობარია. როგორც არ უნდა იყოს, იესო ახლა მართას სახლში მიდის და ის სტუმართმოყვარულად ხვდება მას.

მართას დიდი სურვილი აქვს, საუკეთესოდ გაუმასპინძლდეს მას. რასაკვირველია, დიდი პატივია აღთქმული მესიის სტუმრობა! ამიტომ მართა ცდილობს მდიდრული სადილის მომზადებას და ზრუნავს მრავალ სხვა წვრილმანზე, რათა იესოს დარჩენა უფრო სასიამოვნო და კომფორტული გახადოს.

მეორე მხრივ, მართას და, მარიამი, იესოს ფეხებთან ჯდება და უსმენს მას. გარკვეული დროის შემდეგ მართა მოდის და იესოს ეუბნება: „უფალო, ნუთუ არ გაფიქრებს, რომ ჩემმა დამ მარტოდმარტო დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს“.

მაგრამ იესო არაფერს ეუბნება მარიამს. პირიქით, ის მართას რჩევას აძლევს, რომ მეტისმეტად ამახვილებს ყურადღებას მატერიალურზე. „მართა! მართა! — თბილად არიგებს ის. — შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ, საჭირო კი მხოლოდ ერთია“. იესო ეუბნება, რომ აუცილებელი არ არის ბევრი დროის ხარჯვა მრავალი კერძის მოსამზადებლად. მხოლოდ რამდენიმე ან ერთიც კი საკმარისია.

მართას კარგი აღძვრები აქვს; მას სურს, იყოს სტუმართმოყვარე მასპინძელი. მაგრამ მატერიალურზე გადაჭარბებული ზრუნვით, ის ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, ღვთის საკუთარი ძისგან მიიღოს დასწავლება! ამიტომ იესო ასკვნის: „მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც ვერ წაერთმევა მას“.

მოგვიანებით სხვა სიტუაციაში ერთი მოწაფე იესოს სთხოვს: „უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს“. შეიძლება ეს მოწაფე იქ არ იყო, როცა წელიწად-ნახევრის წინ იესომ მთაზე ქადაგებისას ლოცვის ნიმუში მისცა. ამიტომ იესო იმეორებს ამ სწავლებას და ყვება თვალსაჩინო მაგალითს, რათა ხაზი გაუსვას დაჟინებული ლოცვის საჭიროებას:

„რომელიმე თქვენგანს რომ მეგობარი ჰყავდეს და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პურიო. ვინაიდან მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი გამაჩნია, რომ შევთავაზოო! და მან შიგნიდან გამოსძახოს: ‘ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ლოგინში მიწვანან, არ შემიძლია წამოდგომა და პურის მოცემა.’ გეუბნებით თქვენ: თუ არ ადგება და არ მისცემს პურს მეგობრობის გამო, მომაბეზრებელი თხოვნის გამო მაინც ადგება და მისცემს იმდენ პურს, რამდენიც სჭირდება“.

ამ შედარებაში იესო არ გულისხმობს, რომ იგავში მოყვანილი მეგობრის მსგავსად, იეჰოვა ღმერთსაც არა აქვს სურვილი, გამოეხმაუროს თხოვნას. არა, მაგრამ ამით ის აჩვენებს, რომ, თუ უგულო მეგობარი გამოეხმაურა დაჟინებულ თხოვნას, რამდენად მეტად გამოგვეხმაურება ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა! ამიტომ იესო განაგრძობს: „მე გეუბნებით თქვენ: ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, და ვინც ეძიებს, პოულობს და, ვინც აკაკუნებს, გაეღება“.

შემდეგ იესოს მაგალითად მოჰყავს არასრულყოფილი, ცოდვილი ხორციელი მამები და ამბობს: „რომელი მამა იქნება თქვენთაგან, რომ შვილმა პური სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს? ანდა, კვერცხი რომ სთხოვოს, მორიელი მისცეს? ჰოდა, თუ თქვენ ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“. მართლაც, როგორ აღგვძრავს იესოს მოწოდება, ვიყოთ ლოცვაში მდგრადნი. ლუკა 10:38—11:13.

▪ რატომ იწყებს მართა ასე დიდ მზადებას იესოს გასამასპინძლებლად?

▪ რას აკეთებს მარიამი და რატომ აქებს იესო მას და არა მართას?

▪ რა აღძრავს იესოს, რომ გაიმეოროს სწავლება ლოცვასთან დაკავშირებით?

▪ როგორ აჩვენებს იესო თვალსაჩინო მაგალითით ლოცვაში მდგრადობის აუცილებლობას?