არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საბოლოო გამოცხადებები და ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული

საბოლოო გამოცხადებები და ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული

თავი 131

საბოლოო გამოცხადებები და ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული

ერთ დროს იესო თავის 11 მოციქულს შეუთანხმდა, შეხვედრილიყო გალილეაში, მთაზე. როგორც ჩანს, ამ შეხვედრის შესახებ სხვა მოწაფეებსაც ეუბნებიან და საერთო ჯამში 500-ზე მეტი პიროვნება იკრიბება. რა ბედნიერი შეხვედრაა ეს, როცა იესო ცხადდება და იწყებს მათ სწავლებას!

სხვა საკითხებთან ერთად, იესო უამრავ ხალხს განუმარტავს, რომ ღმერთმა მას მისცა მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე. „ამიტომ წადით, — მოუწოდებს ის, — და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“.

მხოლოდ დაუფიქრდი! კაცები, ქალები და ბავშვები, — ყველა ერთნაირ დავალებას ღებულობს; მონაწილეობა მიიღონ მოწაფეების მომზადებაში. მოწინააღმდეგეები შეეცდებიან მათი ქადაგებისა და სწავლების შეჩერებას, მაგრამ იესო ანუგეშებს: „აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“. სულიწმიდის საშუალებით იესო რჩება თავის მოწაფეებთან, რათა დაეხმაროს მათ მსახურებაში.

იესო თავის მოწაფეებს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ 40 დღის განმავლობაში ეცხადება. ამ გამოცხადებებისას ის მათ ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლის და ყურადღებას ამახვილებს, თუ რა არის მათი, როგორც მოწაფეების, მოვალეობა. ერთ შემთხვევაში ის თავის ნახევარძმას იაკობსაც კი ეცხადება და ამ ერთ დროს ურწმუნო პიროვნებას არწმუნებს, რომ ის ნამდვილად ქრისტეა.

როცა მოციქულები ჯერ კიდევ გალილეაში არიან, იესო, როგორც ჩანს, ურჩევს, რომ იერუსალიმში დაბრუნდნენ. იქ შეხვედრის დროს ის ეუბნება: „ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ დაელოდეთ მამის აღთქმულს, რაზეც ჩემგან მოისმინეთ. ვინაიდან იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი, არც თუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით“.

მოგვიანებით იესო კვლავ ხვდება თავის მოციქულებს, ისინი ქალაქიდან გაჰყავს და მიუძღვება ბეთანიისკენ, რომელიც ზეთისხილის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობს. საოცარია, მიუხედავად ყოველივე იმისა, რაც ახლო მომავალში ზეცაში თავისი ასვლის შესახებ უთხრა, მათ ჯერაც სწამთ, რომ მისი სამეფო დედამიწაზე დამყარდება. ამიტომ ისინი ეკითხებიან: „ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ, უფალო, ისრაელს სამეფოს?“

იმის ნაცვლად, რომ კვლავ სცადოს მათი ცრუ შეხედულებების შესწორება, იესო მარტივად პასუხობს: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ, დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით“. შემდეგ, ის კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ სამუშაოზე, რომელიც მათ უნდა შეასრულონ და ამბობს: „თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“.

მაშინ, როცა ისინი ჯერ კიდევ უყურებენ იესოს, ის იწყებს ზეცაში ასვლას და შემდეგ ღრუბელი ფარავს მას მოსწავლეთა თვალთაგან. თავისი ხორციელი სხეულის დემატერიალიზაციის შემდეგ ის ზეცაში ბრუნდება, როგორც სულიერი პიროვნება. როცა ეს თერთმეტი განაგრძობს ზეცაში ყურებას, მათ გვერდით ცხადდება თეთრებში შემოსილი ორი კაცი. ეს ხორცშესხმული ანგელოზები ეკითხებიან: „გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ“.

სულ ახლახან იესო ზეცად ამაღლდა ყოველგვარი საჯარო გახმაურების გარეშე და მხოლოდ მისმა ერთგულმა მიმდევრებმა დაინახეს ეს. ასე რომ, ის დაბრუნდება ასეთივე სახით — ყოველგვარი საჯარო გახმაურების გარეშე და მხოლოდ მისი ერთგული მიმდევრები შენიშნავენ, რომ ის დაბრუნდა და დაიწყო თავისი სამეფო ძალაუფლებით თანდასწრება.

ახლა მოციქულები ეშვებიან ზეთისხილის მთიდან და კედრონის ხევის გავლით კვლავ იერუსალიმში შედიან. იესოს მითითების თანახმად, ისინი იქ რჩებიან. ათი დღის შემდეგ, ახ. წ. 33 წელს, იუდეველთა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა იერუსალიმში, ზემოთა ოთახში, შეკრებილია დაახლოებით 120 მოწაფე, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, მთელ სახლს მოულოდნელად ხმაური ავსებს. თითოეული დამსწრის თავზე ჩნდება ცეცხლის გაყოფილი ენები და ყველა მოწაფე სხვადასხვა ენაზე იწყებს ლაპარაკს. ეს არის იესოს მიერ აღთქმული სულიწმიდის გადმოსვლა! მათე 28:16–20; ლუკა 24:49–52; 1 კორინთელთა 15:5–7; საქმეები 1:3–15; 2:1–4.

▪ ვის აძლევს იესო გალილეაში, მთაზე, გამოსათხოვარ დარიგებებს და რა დარიგებებია ეს?

▪ როგორ ანუგეშებს იესო თავის მოწაფეებს და როგორ დარჩება ის მათთან?

▪ თავისი აღდგენიდან რამდენი ხნის განმავლობაში ეცხადება ის თავის მოწაფეებს და რას ასწავლის მათ?

▪ ვის ეცხადება იესო, რომელიც, როგორც ჩანს, მის სიკვდილამდე არ იყო მისი მოწაფე?

▪ რომელი ორი საბოლოო შეხვედრა აქვს იესოს თავის მოციქულებთან და რა ხდება ამ შეხვედრების დროს?

▪ როგორ დაბრუნდება იესო ისევე, როგორც ზეცად ამაღლდა?

▪ რა ხდება ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?