საიდუმლო მგზავრობა იერუსალიმში
თავი 65
საიდუმლო მგზავრობა იერუსალიმში
შემოდგომაა; ახ. წ. 32 წელი. ახლოვდება კარვობის დღესასწაული. ახ. წ. 31 წლის პასექიდან მოყოლებული, როცა იუდეველები იესოს მოკვლას შეეცადნენ, მისი მოღვაწეობა უმთავრესად გალილეით შემოიფარგლებოდა. ალბათ, მას შემდეგ იესო იერუსალიმში მხოლოდ იუდეველთა ყოველწლიურ სამ დღესასწაულზე მიდიოდა ხოლმე.
იესოს ძმები ეუბნებიან: „წადი აქედან და მიდი იუდეაში“. იერუსალიმი არის იუდეის დედაქალაქი და მთელი ქვეყნის რელიგიური ცენტრი. მისი ძმები მსჯელობენ: „ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს“.
თუმცა იაკობს, სიმონს, იოსიასა და იუდას არ სჯერათ, რომ მათი უფროსი ძმა ნამდვილად მესიაა, მათ სურთ, მისი სასწაულებრივი ძალა იხილოს დღესასწაულის ყველა დამსწრემ. მაგრამ იესოს ესმის საშიშროება. „წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, — ეუბნება ის, — მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია“. ამიტომ იესო თავის ძმებს ეუბნება: „თქვენ ადით იმ დღესასწაულზე. მე კი ჯერ არ ავალ ამ დღესასწაულზე“.
კარვობის დღესასწაული შვიდდღიანი დღესასწაულია. მერვე დღეს დღესასწაულის აღნიშვნა მთავრდება. ეს დღესასწაული აღნიშნავს სამიწათმოქმედო წლის დასრულებას და დიდი სიხარულისა და მადლიერების გამოხატვის დროა. რამდენიმე დღის შემდეგ, რაც იესოს ძმები მგზავრების მთავარ ჯგუფს უერთდებიან, იესო და მისი მოწაფეები სხვებისთვის შეუმჩნევლად მიდიან. ისინი ირჩევენ სამარიის გავლით წასვლას და არა მდინარე იორდანეს მახლობლად მდებარე გზით, რომლითაც ხალხის უმრავლესობა მიდის.
რადგან იესოსა და მის თანამგზავრებს სამარიის სოფელში თავშესაფარი სჭირდებათ, ის მის მოსამზადებლად წინასწარ გზავნის მაცნეებს. მაგრამ იმის გაგების შემდეგ, რომ იესო იერუსალიმში მიდის, ხალხი უარს ამბობს იესოსთვის რამის გაკეთებაზე. იაკობი და იოანე ბრაზმორეულები ეკითხებიან: „უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი“. იესო საყვედურობს მათ ასეთი წინადადებისთვის და ისინი სხვა სოფლისკენ მიემგზავრებიან.
გზაში ერთი მწიგნობარი ეუბნება იესოს:
— მოძღვარო, გამოგყვები, სადაც არ უნდა წახვიდე.
— მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ — ბუდეები, — პასუხობს იესო. — კაცის ძეს კი არ გააჩნია, სად მიიდრიკოს თავი.
იესო მწიგნობარს განუმარტავს, რომ, თუ მისი მიმდევრობა სურს, მძიმე სიტუაციების ატანა მოუწევს. მაგრამ, როგორც ჩანს, ამაში მან იგულისხმა, რომ მწიგნობარი ძალიან ამაყია და მისთვის ძნელია ასეთნაირად ცხოვრება.
სხვა კაცს კი იესო ეუბნება:
— გამომყევი.
— ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო, — პასუხობს კაცი.
— მკვდრებს დაანებე თავიანთი მკვდრების დამარხვა, — ეუბნება იესო. — შენ კი წადი და იქადაგე ღვთის სასუფეველი.
როგორც ჩანს, ამ კაცის მამა ჯერ კიდევ ცოცხალია. ასე რომ არ ყოფილიყო, უცნაური იქნებოდა, რომ მისი ვაჟი აქ ყოფილიყო იესოს მოსასმენად. ეს კაცი, ალბათ, მამის სიკვდილამდე დარჩენას სთხოვს. ის მზად არ არის თავის ცხოვრებაში ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე დასაყენებლად.
იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე ერთი კაცი ეუბნება იესოს:
— მე გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ ნება მომეცი, რომ ჩემს შინაურებს გამოვემშვიდობო.
პასუხად იესო ეუბნება:
— არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და თან უკან იხედება.
იესოს მოწაფეების მზერა სამეფოს ინტერესებისკენ უნდა იყოს მიმართული. როგორც კვალი შეიძლება გამრუდდეს, თუ გუთნისდედა წინ, პირდაპირ, არ იყურება, ასევე, თუ ვინმე უკან, ამ ძველი სისტემისკენ, იყურება, ადვილად შეიძლება გადავიდეს მარადიული სიცოცხლისაკენ მიმავალი გზიდან. იოანე 7:2-10; ლუკა 9:51–62; მათე 8:19–22.
▪ რა ჰქვიათ იესოს ძმებს და რას ფიქრობენ ისინი მის შესახებ?
▪ რატომ არიან სამარიელები ასე უხეშები და რის გაკეთება სურთ იაკობსა და იოანეს?
▪ რომელი სამი საუბარი ჰქონდა გზაში იესოს და როგორ ამახვილებს ის ყურადღებას თავგანწირული მსახურების აუცილებლობაზე?