არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასურველი ზეადამიანური მმართველი

სასურველი ზეადამიანური მმართველი

თავი 53

სასურველი ზეადამიანური მმართველი

როცა იესო სასწაულით კვებავს ათასობით ხალხს, ისინი გაოცებული არიან. „ესაა ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც წუთისოფელში უნდა მოსულიყო“, — ამბობენ ისინი. ეს ხალხი ასკვნის, რომ იესო არა მარტო მოსეზე დიდი წინასწარმეტყველი უნდა იყოს, არამედ, რომ ის იქნებოდა ყველაზე სასურველი მმართველი. ამიტომ ისინი მის დაჭერასა და გამეფებას აპირებენ.

მაგრამ იესომ იცის ხალხის განზრახვა. ამიტომ ის სწრაფად შორდება იქაურობას, რათა მათ ხელში არ ჩავარდეს. ის უშვებს ხალხს და მოწაფეებს აიძულებს, ავიდნენ ნავზე და კაპერნაუმში დაბრუნდნენ. შემდეგ იესო სალოცავად ადის მთაზე. იმ ღამეს ის მარტოა იქ.

განთიადამდე ცოტა ხნით ადრე იესო იყურება თავისი ამაღლებული, კარგად გადასახედი ადგილიდან და ხედავს, რომ ზღვაზე ძლიერი ქარი იწვევს ტალღების აზვირთებას. მოახლოებულია პასექი და თითქმის სავსე მთვარის შუქზე იესო ხედავს ნავში მსხდომ თავის მოწაფეებს, რომლებიც აზვირთებულ ტალღებს ებრძვიან. მამაკაცები მთელი ძალით უსვამენ ნიჩბებს.

ამის დანახვაზე იესო მთიდან ეშვება და ტალღებზე სიარულით ნავისკენ მიემართება. ნავს დაახლოებით ხუთი-ექვსი კილომეტრი აქვს უკვე გავლილი, როცა იესო მას ეწევა. მაგრამ იესო განაგრძობს სიარულს, თითქოს გვერდით ჩავლას აპირებდეს. მის დანახვაზე მოწაფეები წამოიყვირებენ: „ეს მოჩვენებაა!“

— მე ვარ, ნუ გეშინიათ! — ამშვიდებს იესო.

— უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ, — ეუბნება პეტრე.

— მოდი! — უხმობს იესო.

პეტრე ნავიდან გადმოდის და წყალდაწყალ მიემართება იესოსკენ. მაგრამ ქარიშხლის შემყურე პეტრეს შიში იპყრობს და ჩაძირვას იწყებს, ამიტომ ის ყვირის:

— უფალო, მიხსენი მე!

იესო მაშინვე უწვდის ხელს, ამოჰყავს და ეუბნება:

— რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ.

შემდეგ პეტრე და იესო ნავში ბრუნდებიან, ქარიშხალი წყნარდება, მოწაფეები კი გაოცებული არიან. მაგრამ უნდა გაოცებულიყვნენ ისინი? ისინი რომ ჩასწვდომოდნენ „პურობის სასწაულს“ (სსგ) და აღექვათ რამდენიმე საათის წინ იესოს მიერ მოხდენილი ათასების დაპურების სასწაული მხოლოდ ხუთი პურითა და ორი პატარა თევზით, მაშინ მათ ასე არ გააოცებდათ მისი წყალზე სიარული და მის მიერ ქარის ჩაწყნარება. მაგრამ ახლა მოწაფეები თაყვანს სცემენ მას და ეუბნებიან: „ჭეშმარიტად ღვთის ძე ხარ შენ“.

მოკლე ხანში ისინი უახლოვდებიან გენესარეთს, შესანიშნავ, ნაყოფიერ დაბლობს კაპერნაუმის მახლობლად. იქ ისინი ამაგრებენ ნავს. მაგრამ, როცა ნაპირზე გადმოდიან, ხალხი სცნობს იესოს და მიდის ირგვლივ მდებარე სოფლებში ავადმყოფების მოსაძებნად. შემდეგ ისინი საწოლებით მიჰყავთ იესოსთან და მხოლოდ მისი სამოსელის კალთაზე შეხებით სრულიად ჯანმრთელდებიან.

ამ დროისთვის ის ადამიანები, რომლებიც იესოს მიერ ათასების სასწაულით დაპურების მოწმეები იყვნენ, აღმოაჩენენ, რომ იესო წავიდა. ამიტომ, როცა ტიბერიიდან პატარა ნავები მოდიან, ისინი სხდებიან და იესოს საძებნელად კაპერნაუმში მიცურავენ. როცა ისინი პოულობენ მას, ეკითხებიან: „რაბი, როდის მოხვედი აქ?“ როგორც მალე დავინახავთ, იესო გაკიცხავს მათ. იოანე 6:14–25; მათე 14:22–36; მარკოზი 6:45–56.

რას უპირებს იესოს ხალხი მას შემდეგ, რაც ის სასწაულით აპურებს ათასებს?

რას ხედავს იესო მთიდან და რას აკეთებს?

რატომ არ უნდა გაეოცებინა ასე მოწაფეები ამ შემთხვევას?

რა ხდება ნაპირზე მათი გადმოსვლის შემდეგ?