არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საშინელი ქარიშხლის დაწყნარება

საშინელი ქარიშხლის დაწყნარება

თავი 44

საშინელი ქარიშხლის დაწყნარება

იესოს ძალიან გადატვირთული დღე ჰქონდა, რომელშიც შედიოდა: ნაპირზე მყოფი უამრავი ხალხის დამოძღვრა და შემდეგ თავისი მოწაფეებისთვის ამ იგავების ცალკე განმარტება. მოსაღამოებისას ის ამბობს: „გადავცუროთ გაღმა“.

გალილეის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ტერიტორიას დეკაპოლისი ეწოდება, სადაც ბერძნული სიტყვა „დეʹკა“ ნიშნავს ათს, ხოლო „პოʹლის“ — ქალაქს. დეკაპოლისის ქალაქები ბერძნული კულტურის ცენტრებია და, ეჭვგარეშეა, იქ მრავალი იუდეველი ცხოვრობს. მაგრამ იესოს მოღვაწეობა ამ რეგიონში ძალიან შეზღუდულია. როგორც მოგვიანებით დავინახავთ, მას ამჯერადაც ხელს უშლიან იქ დიდხანს დარჩენაში.

როცა იესო სთხოვს მოწაფეებს, გადაცურონ მეორე ნაპირზე, ისინი მასთან ერთად სხდებიან ნავში. მაგრამ მათი გამგზავრება შეუმჩნეველი არ რჩება. მალე სხვებიც სხდებიან თავიანთ ნავებში და მათ მიჰყვებიან. არც ისე დიდი მანძილია გადასაცური. სინამდვილეში, გალილეის ზღვა დიდი ტბაა, რომლის სიგრძეც დაახლოებით 21 კილომეტრია და სიგანე, ყველაზე დიდი, 12 კილომეტრი.

გასაგებია, რომ იესო დაღლილია. ამიტომ ნაპირის გაშორებიდან მალე ის ნავის კიჩოზე წვება, თავს სასთუმალზე დებს და სწრაფად იძინებს. რამდენიმე მოციქული გამოცდილი მეზღვაურია, რადგან მთელი ცხოვრება გალილეის ზღვაზე თევზჭერაში აქვთ გატარებული. ამიტომ ისინი საკუთარ თავზე იღებენ ნავის მართვის პასუხისმგებლობას.

მაგრამ ეს არ აღმოჩნდება ადვილი მოგზაურობა. იმის გამო, რომ ტბის ზედაპირზე, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 21 0 მეტრით დაბლა მდებარეობს, ჰაერის ტემპერატურა მეზობლად მდებარე მთების შედარებით ცივ ჰაერზე უფრო მაღალია, ზოგჯერ ტბაზე ძლიერი ქარი ამოვარდება და ქმნის უეცარ, ძლიერ ქარიშხალს. და ახლაც სწორედ ეს ხდება. მალე ზვირთები ნავს ეხეთქება და ნავი წყლით ივსება, რის გამოც ის ჩაძირვას იწყებს. იესოს კი ისევ სძინავს.

გამოცდილი მეზღვაურები მთელ ძალებს ახმარენ ნავის მართვას. ეჭვგარეშეა, რომ მათ ადრეც უმართიათ ნავი ქარიშხლისას. მაგრამ ახლა ძალა ეცლებათ. რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შეშინებულები იესოს აღვიძებენ. ‘უფალო, რომ ვიღუპებით, ნუთუ არ გენაღვლება? — წამოიძახებენ ისინი. — გვიხსენი, ვიძირებით’!

იესო დგება და უბრძანებს ქარსა და ზღვას: „დადუმდი, ჩადექ!“ ძლიერი ქარი დგება და ზღვა წყნარდება. იესო თავისი მოწაფეებისკენ ბრუნდება და ეკითხება: ‘რატომ ხართ ასე მშიშრები? რატომ არა გაქვთ რწმენა?’

ამ დროს მოწაფეებს უჩვეულო შიში იპყრობს. ‘ვინ არის ეს კაცი, — ეკითხებიან ერთმანეთს — ქარიცა და ზღვაც რომ მას ემორჩილება?’

რამხელა ძალაუფლებას ავლენს იესო! რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენს მეფეს აქვს ბუნების ძალებზე ძალაუფლება და რომ სამეფო მმართველობის დროს, როცა მთელი მისი ყურადღება დედამიწისკენ იქნება მიმართული, ყველა ადამიანი უსაფრთხოდ იცხოვრებს ყოველგვარი შიშისმომგვრელი სტიქიური უბედურებების გარეშე!

ქარიშხლის ჩაცხრომიდან გარკვეული ხნის შემდეგ იესო და მისი მოწაფეები უვნებლად გადადიან აღმოსავლეთ სანაპიროზე. შესაძლოა, სხვა ნავებმა თავი დააღწიეს ძლიერ ქარიშხალს და უვნებლად დაბრუნდნენ სახლში. მარკოზი 4:35—5:1; მათე 8:18, 23–27; ლუკა 8:22–26.

▪ რა არის დეკაპოლისი და სად მდებარეობს ის?

▪ რომელი ფიზიკური თავისებურებები იწვევს ძლიერ ქარიშხალს გალილეის ზღვაზე?

▪ რას აკეთებენ მოწაფეები, როცა გამოცდილი მეზღვაურობა ვერ შველის მათ?