არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სინამდვილეში ვინ არის იესო?

სინამდვილეში ვინ არის იესო?

თავი 59

სინამდვილეში ვინ არის იესო?

როცა იესოსა და მისი მოწაფეების ნავი ბეთსაიდაში ჩადის, ხალხს იესოსთან მიჰყავს ბრმა მამაკაცი და სთხოვს, შეეხოს მას და განკურნოს. იესოს ხელჩაკიდებული გაჰყავს ეს მამაკაცი სოფლიდან, ნერწყვს უსვამს თვალებზე და ეკითხება:

— ხედავ რამეს?

— ვხედავ ადამიანებს, — პასუხობს მამაკაცი, — როგორც ირგვლივ მოარულ ხეებს.

იესო კვლავ ეხება თვალებზე და უბრუნებს მხედველობას ისე რომ მამაკაცი უკვე გარკვევით ხედავს. შემდეგ სახლში უშვებს მას და არიგებს, რომ ქალაქში არ შევიდეს.

ახლა იესო თავის მოწაფეებთან ერთად ფილიპეს კესარიის სოფლებში მიემგზავრება, რომლებიც პალესტინის შორეულ ჩრდილოეთში მდებარეობს. ფილიპეს კესარიის საუცხოო ადგილამდე, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 350 მეტრზე მდებარეობს, შორი გზა, დაახლოებით 50 კილომეტრია გასავლელი. მგზავრობას შეიძლება ორი დღე დასჭირდეს.

გზაზე იესო განმარტოებულ ადგილზე მიდის სალოცავად. მის სიკვდილამდე დაახლოებით მხოლოდ ცხრა-ათი თვეა დარჩენილი და ის თავის მოწაფეებზე დარდობს. მრავალმა უკვე შეწყვიტა მისი მიმდევრობა. სხვები, როგორც ჩანს, დაბნეულები და გულგატეხილები არიან იმის გამო, რომ მან თავი აარიდა გამეფებას და მოკამათე მტრებს არ მისცა თავისი მეფობის დამამტკიცებელი ნიშანი ზეციდან. ვინ ჰგონიათ მის მოციქულებს ის? როცა მოწაფეები ადიან იმ ადგილზე, სადაც ის ლოცულობს, იესო ეკითხება:

— რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?

— ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, — პასუხობენ ისინი, — ზოგი — ელიაო და ზოგი — იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.

დიახ, ხალხი ფიქრობს, რომ იესო არის მკვდრეთით აღმდგარი ერთ-ერთი ამ პიროვნებათაგანი!

— თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე? — ეკითხება იესო.

— შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა, — სწრაფად პასუხობს პეტრე.

იესო იწონებს პეტრეს პასუხს და ეუბნება:

— მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზედ ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევს ჯოჯოხეთის ბჭენი.

აქ იესო პირველად აცხადებს, რომ ის ააშენებს კრებას და რომ ამ კრების წევრებს დედამიწაზე თავიანთი გზის ერთგულად გავლის შემდეგ სიკვდილიც კი ვერ დაატყვევებდა. შემდეგ პეტრეს ეუბნება:

— მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს.

ამით იესო ცხადყოფს, რომ პეტრემ უნდა მიიღოს განსაკუთრებული უპირატესობები. არა, პეტრეს არ მიეცემა პირველი ადგილი მოციქულთა შორის, ის არც კრების საძირკველი იქნება. იესო თვითონ არის კლდე, რომელზეც მისი კრება აშენდება. მაგრამ პეტრეს უნდა მიეცეს სამი გასაღები, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა ჯგუფის ხალხს, ასე ვთქვათ, ეხსნება ზეციერ სამეფოში შესვლის შესაძლებლობა.

პეტრეს პირველი გასაღები უნდა გამოეყენებინა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, რათა მომნანიებელი იუდეველებისთვის დაენახვებინა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ გადასარჩენად. ცოტა ხნის შემდეგ მას უნდა გამოეყენებინა მეორე გასაღები, რათა მორწმუნე სამარიელებისთვის გაეხსნა ღვთის სამეფოში შესვლის შესაძლებლობა. შემდეგ, ახ. წ. 36 წელს, უნდა გამოეყენებინა მესამე გასაღები, რათა იგივე შესაძლებლობა გაეხსნა წინადაუცვეთელი წარმართებისთვის, კორნელიოსისა და მისი მეგობრებისთვის.

იესო თავის მოციქულებთან განაგრძობს საუბარს. ის გულს სტკენს მათ იმის მოყოლით, რომ მალე მას ტანჯვა და სიკვდილი მოუწევს იერუსალიმში. პეტრემ არ იცის, რომ იესო აღდგენილი იქნება ზეციური ცხოვრებისთვის, ამიტომ ცალკე გაჰყავს და ეუბნება:

— შეიწყალე თავი, უფალო! [„შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ“, სსგ].

იესო ზურგს აქცევს და ეუბნება:

— მომცილდი სატანავ! ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ფიქრობ არა იმაზე, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია.

როგორც ჩანს, მოგზაურობის დროს იესოს მოციქულების გარდა სხვებიც ახლავს თან, ამიტომ მათ თავისთან უხმობს და განუმარტავს, რომ მისი მიმდევრობა ადვილი არ იქნება. „თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, — ამბობს ის, — უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს. ვინაიდან, ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, იგი დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის დაკარგავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას“.

დიახ, იესოს კეთილგანწყობილება რომ დაიმსახურონ, მისი მიმდევრები გულადები და თავგანწირულები უნდა იყვნენ. ის ეუბნება: „ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებით“. მარკოზი 8:22–38; მათე 16:13–28; ლუკა 9:18–27.

▪ რატომ წუხს იესო თავის მოწაფეებზე?

▪ ვინ ჰგონია ხალხს იესო?

▪ რომელი გასაღებები ეძლევა პეტრეს და როგორ იყენებს მათ?

▪ რა შენიშვნა ეძლევა პეტრეს და რატომ?