არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სტუმრად ფარისეველთან

სტუმრად ფარისეველთან

თავი 83

სტუმრად ფარისეველთან

იესო ჯერაც ცნობილი ფარისევლის სახლშია და ახლახან განკურნა წყალმანკით დაავადებული მამაკაცი. იესომ შენიშნა, რომ სტუმრები საუკეთესო ადგილებს ირჩევენ მაგიდასთან და მათ თავმდაბლობას ასწავლის.

„თუ ვინმემ ქორწილში მოგიწვიოს, — განმარტავს იესო, — ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული. რომ არ მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და არ გითხრას: ‘დაუთმე ამას ადგილი!’ მაშინ შერცხვენილმა უნდა დაიკავო უკანასკნელი ადგილი“.

ამიტომ იესო იძლევა რჩევას: „როდესაც მოგიწვევენ, მიდი და დაჯექ უკანასკნელ ადგილზე, რომ მოვიდეს შენი მასპინძელი და გითხრას: ‘მეგობარო, გადაბრძანდი უფრო მაღლა!’ მაშინ გექნება მეტი დიდება ყოველი თანამეინახის წინაშე“. დასკვნაში იესო ამბობს: „ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს — ამაღლდება“.

შემდეგ იესო მიმართავს ფარისეველს, რომელმაც მიიწვია, და აღუწერს, თუ როგორ შეიძლება სადილის მომზადება, რომელსაც ღმერთი ნამდვილად აფასებს. „როდესაც სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო. არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, შენ რომ მოგიზღან“.

ასეთი საწყალი ხალხის დაპატიჟება მათი მასპინძლისთვის ბედნიერების მომტანი იქნება, რადგან იესო თავის მასპინძელს ეუბნება: „შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება“. იესოს მიერ ამ სანაქებო წვეულების აღწერა ერთ-ერთი სტუმრის გონებაში სხვაგვარ წვეულებას წარმოსახავს. „ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღვთის სასუფეველში“, — ამბობს ის. მაგრამ, როგორც იესო შემდეგი იგავით ცხადყოფს, ყველა სათანადოდ როდი აფასებს ამ ბედნიერ პერსპექტივას.

„ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი მოიწვია. . . გაგზავნა თავისი მონა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო. ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო. მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ, მაპატიოო. მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლაო“.

რა უბადრუკი თავის მართლებაა! ყანას ან შინაურ ცხოველს, ჩვეულებრივ, ყიდვის წინ ამოწმებენ, ამიტომ ყიდვის შემდეგ ამის გაკეთების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს. მსგავსად ამისა, პიროვნებისთვის ქორწინებას ხელი არ უნდა შეეშალა ასეთი მნიშვნელოვანი მიწვევის მიღებაში. ამიტომ ამის მოსმენაზე ბატონი ბრაზდება და მონას უბრძანებს:

„‘გადი სასწრაფოდ, ქალაქის ქუჩებსა და შესახვევებში, მომიყვანე გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები.’ უთხრა მონამ: ‘ბატონო, აღსრულებულია რაც ბრძანე, და კიდევ დარჩა ადგილი.’ ბატონმა უთხრა მონას: ‘გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი. . . ვერავინ იმ წვეულთაგან ვერ იგემებს ჩემს ვახშამს!’“

რა არის აღწერილი ამ იგავით? ‘ბატონი’ არის წვეულების მომმზადებელი იეჰოვა ღმერთი; „მონა“, რომელიც სტუმრებს იწვევს, იესო ქრისტეა; და „დიდი ვახშამი“ — ზეციერ სამეფოში ყოფნის შესაძლებლობა.

ისინი, ვინც პირველად მიიღეს სამეფოში შესვლაზე მიწვევა, პირველყოვლისა, არიან იესოს დღეებში არსებული იუდეველთა რელიგიური წინამძღოლები. მაგრამ ისინი არ გამოეხმაურნენ ამ მიწვევას. ამგვარად, ძირითადად ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დაწყებული მეორე მიწვევა იუდეველ ერში ათვალწუნებულ და უბრალო პიროვნებებზე გავრცელდა. მაგრამ გამოხმაურებულთა რიცხვი საკმარისი არ იყო ღვთის ზეციერ სამეფოში 144 000 ადგილის შესავსებად. ამიტომ სამ წელიწად-ნახევრის შემდეგ, ახ. წ. 36 წელს, მესამე და საბოლოო მიწვევა გავრცელდა წინადაუცვეთელ არაიუდეველებზე და მათი შეგროვება დღემდე გრძელდება. ლუკა 14:1–24.

▪ როგორ ასწავლის იესო თავმდაბლობას?

▪ როგორ შეუძლია მასპინძელს ისეთი სადილის მომზადება, რომელსაც ღმერთი აფასებს და რატომ მოუტანს ეს მას ბედნიერებას?

▪ რატომ არის სტუმრების თავის მართლება უბადრუკი?

▪ რა არის ნაჩვენები იესოს იგავით ‘დიდი ვახშმის’ შესახებ?