ტირანისგან გაქცევა
თავი 8
ტირანისგან გაქცევა
იოსები მარიამს აღვიძებს, რათა ამცნოს სასწრაფო ახალი ამბავი. ეს-ესაა იეჰოვას ანგელოზი გამოეცხადა მას და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და მისი დედა, და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე. ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი“.
სამივე სწრაფად შველის თავს. ეს გაქცევა დროულია, ვინაიდან ჰეროდემ გაიგო, რომ ასტროლოგებმა მოატყუეს და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ. გაიხსენე, რომ იესოს პოვნის შემთხვევაში, ისინი უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ. ჰეროდე გააფთრებულია. ამიტომ იესოს მოკვლის მცდელობის გამო ის ბრძანებს, დახოცონ ორი და ორზე ნაკლები წლის ყველა ბავშვი ბეთლემსა და მის შემოგარენში. მან ეს ასაკი იმ ინფორმაციის საფუძველზე გამოიანგარიშა, რომელიც ადრე აღმოსავლელი ასტროლოგებისგან მიიღო.
პატარა ბიჭების ხოცვა რაღაც შემზარავი სანახავია! ჰეროდეს ჯარისკაცები ერთი სახლიდან მეორეში იჭრებიან. როცა ნახულობენ პატარა ბიჭებს, დედებს ხელიდან გლეჯენ მათ. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ბავშვს კლავენ ისინი, მაგრამ დედების მოთქმითა და გოდებით სრულდება წინასწარმეტყველ იერემიას სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია ბიბლიაში.
ამასობაში იოსები ოჯახთან ერთად მშვიდობიანად ჩადის ეგვიპტეში და იქ განაგრძობს ცხოვრებას. მაგრამ ერთ ღამეს იეჰოვას ანგელოზი ისევ ეცხადება იოსებს სიზმარში. „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, — ეუბნება ანგელოზი, — და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდნენ“. სრულდება კიდევ ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველება, სადაც ნათქვამია, რომ ეგვიპტიდან მოუხმობდნენ ღვთის ძეს, და ოჯახი სამშობლოში ბრუნდება.
ალბათ, იოსები იღებს გადაწყვეტილებას, დასახლდნენ იუდეის ბეთლემში, სადაც ეგვიპტეში გაქცევამდე ცხოვრობდნენ. მაგრამ ის გებულობს, რომ ახლა იუდეაში მეფობს ჰეროდეს ბოროტი ძე არქელაოსი და იეჰოვა კიდევ ერთხელ აფრთხილებს სიზმარში საშიშროების შესახებ. ამიტომ იოსები ოჯახთან ერთად ჩრდილოეთით მიემგზავრება და გალილეის ქალაქ ნაზარეთში სახლდება. აქ, ამ საზოგადოებაში, იუდეველთა რელიგიური ცხოვრების ცენტრიდან მოშორებით, იზრდება იესო. მათე 2:13–23; იერემია 31:14; ოსია 11:1.
▪ რა საშინელებას სჩადის მეფე ჰეროდე, როცა ასტროლოგები არ ბრუნდებიან, მაგრამ როგორ იქნა დაცული იესო?
▪ რატომ არ რჩება იოსები ბეთლემში საცხოვრებლად ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ?
▪ რომელი ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულდება ამ პერიოდში?